Accessibility links

logo-print

1 მაისი - ჩუმად ჩავლილი მშრომელთა საერთაშორისო დღე


მშრომელთა საერთაშორისო დღე თბილისში, 2015 წ.

მშრომელთა საერთაშორისო დღე თბილისში, 2015 წ.

1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, საქართველოში არ გამართულა მშრომელთა ტრადიციული მსვლელობა-აქციები. დემონსტრაცია არც გაერთიანებულ პროფკავშირებს მოუწყვია - წელს ეს დღე აღდგომის დღესასწაულს დაემთხვა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების სახელზე პროფკავშირების მხრიდან მძიმე შრომითი პირობებისა და, ზოგადად, მშრომელთა უფლებების შესახებ მანიფესტი გაიგზავნა, „აუდიტორია 115“-ის წევრი სტუდენტების ერთი ნაწილი კი ტყიბულში ჩავიდა და მშრომელთა საერთაშორისო დღე მეშახტეებს ადგილზე მიულოცა.

1 მაისს ცარიელი იყო რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია - პროფკავშირი და მშრომელები ყოველ წელს სწორედ ამ ადგილს ირჩევენ ხოლმე ხელისუფლებისათვის მთავარი მოთხოვნების წასაყენებლად. აქ მოდიან დროშებით ხელში და საკუთარი უფლებების დაცვას მოითხოვენ. წელს, აღდგომის დღესასწაულის გამო, მშრომელები აღარ შეკრებილან, თუმცა, როგორც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გვითხრა, საპირველმაისო აქცია წელს ხელისუფლების სახელზე გაგზავნილი მანიფესტით ჩანაცვლდა. ამ მანიფესტში სწორედ ის მოუგვარებელი პრობლემებია ხაზგასმული, რომლებიც საქართველოში მშრომელებს ყველაზე მეტად აწუხებთ:

„ჩვენს მანისფესტში საუბარია იმ მიზეზებზე, რის გამოც არა მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, არამედ სხვა საწარმოებში დასაქმებული ადამიანების უფლებები ილახება. საუბარია იმაზე, რომ 21-ე სუკუნეში ქვეყანაში შრომის ინსპექცია უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს გულწრფელი, ნორმალური, საქმეზე ორიენტირებული დიალოგი. სანამ ცალმხრივი თამაში და დამსაქმებლებისთვის ხავერდის დაგება მიდის, მანამდე იარსებებს ერთი სოციალური ჯგუფის მხრიდან მეორეზე დომინირების ტენდენცია. ამ შემთხვევაში მთავრობას და დამსაქმებლებს ერთად მოვიაზრებ დიდ და მურიან ტაფაში, მეორე მხარეს არიან დასაქმებული ადამიანები. ეს სიტუაცია, საბოლოო ჯამში, იქამდე მიდის, რამაც მოიყვანა 1917 წელი და რადიკალიზმი მემარცხენე მოძრაობაში, დესტაბილიზაცია საწარმოებში, რომელიც გადადის ქალაქში, ქუჩაში და იწვევს რევოლუციას ქვეყანაში“.

ირაკლი პეტრიაშვილი

ირაკლი პეტრიაშვილი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელ ანანო ცინცაბაძის აზრით, ბოლო ხანებში საქართველოს რამდენიმე ქალაქში მშრომელების გაფიცვამ დაადასტურა, რომ პროცესი გასცდა, უბრალოდ, შრომით დავას. ეს უფრო სოციალური პროტესტი იყო ადგილებზე არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, რამაც კარგად გამოაჩინა დღეს სახელმწიფოში არსებული სისტემური პრობლემებიც. ბოლო ათი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა ოფიციალური სტატისტიკაც (300-მდე დაღუპული და 700-მდე დაშავებული) მოწმობს პრობლემის სიმწვავეს, გვითხრა ანანო ცინცაბაძემ. რამ შეიძლება დაძრას პროცესი და შეცვალოს ვითარება? - ამ კითხვის პასუხად ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი ბიძგი ცვლილებებს ისევ საზოგადოევრიბმა აქტიურობამ უნდა მისცეს, მედიამ, ახალგაზრდებმა და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ზეწოლამ:

ანანო ცინცაბაძე

ანანო ცინცაბაძე

„ფაქტია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები იყო ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომლის დახმარებითაც, მართალია, ფორმალური, მაგრამ რაღაც ცვლილებები მაინც შევიდა კანონმდებლობაში. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ასევე პირდაპირ მოიცავს მოთხოვნას ეფექტური შრომის ინსპექციის შესახებ, თუმცა სახელმწიფო დგას მაინც იმ პოზიციაზე, რომ მის მიერ შექმნილი მექანიზმები ჯერ კიდევ ახალი შექმნილია და ის განვითარდება. თუმცა მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს მექანიზმები არ ვითარდება სწორი გზით. თითოეული ნაბიჯი, რომელიც კი გადაიდგმება ხოლმე, მაინც ფორმალური ხასიათისა. ამ ლოდინში კი, როდის დაიხვეწება ეს მექანიზმი? სამუშაო ადგილზე, ვხედავთ, რამდენი ადამიანი იღუპება“.

პირველ მაისს, მშრომელთა უფლებების საერთაშორისო დღეს, სტუდენტების ერთი ნაწილი მოძრაობა „აუდიტორია 115“-დან ტყიბულში ჩავიდა. მათ მაღაროს წინ წაიკითხეს ერთგვარი მანიფესტი, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს ტყიბულელ მაღაროელებს და სხვა ათასობით მშრომელს. მათ შორის იყო ანი რობაქიძეც, რომელიც ამბობს, რომ პირველ მაისს ტყიბულში ჩასვლის მიზეზი შრომის და ბრძოლის გამოცდილებისა და სტრატეგიის ერთმანეთისათვის გაზიარება იყო და რომ სწორედ ტყიბულელი მეშახტეების მაგალითმა უბიძგა სტუდენტებს ბრძოლა ახალ ეტაპზე გადაეყვანათ:

„ტყიბულში ყველაზე ნათლად ჩანს უთანასწორობა და ექსპლუატაცია. აქაური მშრომელები ამას კარგად აცნობიერებენ, იქ კი, სადაც ჩაგვრასა და უთანასწორობას ფერადი ფასადები და სიმულაციური პოზიტივით გაჯერებული რეკლამები ფარავს, გვიჭირს დავინახოთ ჩაგვრა. დღეს ქვეყანაში შრომითი ურთიერთობები ექსპლუატაციაზე დგას, არავინ იცავს უსაფრთხოების წესებს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მეცნიერება სტაგნაციაშია. ახალი ცოდნა არ იქმნება. ჩვენ კი ვიბრძვით ქვეყნისთვის, სადაც პრიორიტეტია შრომა და მეცნიერება, და საზოგადოებისთვის, რომლის მთავარი ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“.

ცოტნე ცხვედიანი

ცოტნე ცხვედიანი

„აუდიტორია 115“-ის კიდევ ერთი წევრის, ცოტნე ცხვედიანის, თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ პირველ მაისს დამდგარიყვნენ მეშახტეების გვერდით და სწორედ მათი ქალაქიდან ეთქვათ მთავარი საპირველმაისო სათქმელი.

„მთავარი, ჩვენი აზრით, ის არის, რომ დღეს საქართველოში შრომითი ურთიერთობების საფუძველი ექსპლუატაციაა. ყველა ვხედავთ, რომ კომპანიები დღეს მაქსიმალურ მოგებას იღებენ იმის ხარჯზე, რომ ადამიანებს მძიმე პირობებში ამუშავებენ, ხოლო შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიან. ტყიბული ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია. თუმცა მშრომელები ასე იჩაგრებიან სხვაგანაც, სხვა ქალაქების საწარმოებშიც. სადაც ყველაზე დიდი პრობლემებია, რადგან იქ გაბედეს მუშებმა ხმის ამოღება, გვინდოდა სწორედ ამ ადგილიდან შეგვეხსენებინა ყველასთვის ამ მანკიერი სისტემის არსებობა და, როგორც ტყიბულელმა მეშახტეებმა გაბედეს დაპირისპირებოდნენ ამ პრობლემებს, ისე სხვებმაც და ჩვენც გავბედოთ ამ უთანასწორობას დავუპირისპირდეთ“, გვითხრა ცოტნე ცხვედიანმა.

მშრომელთა საერთაშორისო დღეს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია. პირველი მაისი, როგორც ვთქვით, აღდგომის დღესასწაულსა და კვირა დღეს დაემთხვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG