Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსმოსში მშვიდობიანი თანამშრომლობა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემია


სკოტ კელი
სკოტ კელი

ნოემბერში 15 წლის შესრულდა საერთაშორისო კოსმოსური სადგური, სადაც ამ დროის განმავლობაში ათეულობით კოსმონავტს თუ ასტრონავტს უმუშავია. კოსმოსის კვლევაში საერთაშორისო თანამშრომლობის ეს მაგალითი ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას იმსახურებს.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე მყოფი მკვლევრები მომავალში მიზნად ისახავენ გზა გაუკვალონ კოსმოსში ხანგრძლივ პირველ მოგზაურებს, რომლებიც შეიძლება მარსის თუ მზის სისტემის სხვა დაშორებული კუთხეებისკენ გაფრინდნენ. ნასას ასტრონავტმა სკოტ კელიმ, რომელიც ერთი წელია უკვე სადგურზე იმყოფება, - სხვათა შორის, რუს კოლეგასთან ერთად, - ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა სწორედ აქეთ მიმართულ ცდას.

„ბევრ ექსპერიმენტს ვატარებთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ცდა კოსმოსურ სადგურს ეხება - ადგილს, ორბიტულ ავტომობილს, რომელიც კოსმოსში ადამიანის დიდხანს ცხოვრების შესაძლებლობას იძლევა“, თქვა კელიმ კოსმოსური პრესკონფერენციის დროს.

საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც დაიწყო და მიმდინარეობს სადგურზე, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია კაცობრიობას, როცა ერთად მშვიდობიანად მუშაობს...
ჯონ ჰოლდრენი

ის რუს კოსმონავტ მიხაილ კორნიენკოსთან ერთად უკვე ერთი წელია სადგურზეა და მათზე, იქ მყოფებზე, ცდებით იკვლევენ ადამიანის ფიზიკურ სხეულსა და გონებაზე ხანგრძლივად კოსმოსში ყოფნის ზემოქმედებას. რუსი და ამერიკელი მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენენ საერთაშორისო სადგურზე ნამყოფი კოსმონავტებისა. 2000 წლის ნოემბრის შემდეგ, როცა პირველი მუდმივი ეკიპაჟი გაფრინდა სადგურზე, იქ 220 ასტრონავტი და კოსმონავტი იმყოფებოდა მსოფლიოს 17 ქვეყნიდან. პირველ ადგილზეა აშშ, მას მოჰყვება რუსეთი, შემდეგ კანადა და იაპონია. სადგურზე მუდამ იმყოფება, სულ მცირე, ერთი ამერიკელი და ერთი რუსი ცივი ომის შემდგომ დათბობის პერიოდშიც და შემდგომაც, როცა ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობა დაიძაბა. ეს ვითარებაა, რომ ზოგიერთებს აფიქრებინებს, სადგურზე თანამშრომლობა იმსახურებს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიასო. თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ოფისის ხელმძღვანელმა ჯონ ჰოლდრენმა ასე გამოხატა ამ თანამშრომლობის უმაგალითობა:

„საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც დაიწყო და მიმდინარეობს სადგურზე, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლია კაცობრიობას, როცა ერთად მშვიდობიანად მუშაობს“.

ნასას ადმინისტრატორ ჩარლზ ბოლდენს ეკუთვნის იდეა, რომ სადგურზე თანამშრომლობა ნობელის პრემიას იმსახურებს მშვიდობის დარგში. 2 ნოემბერს, როცა რუს კოსმონავტ ოლეგ კონონენკოს ჰკითხეს, რას ფიქრობთ ბოლდენის ნათქვამზეო, მან უპასუხა, ასპროცენტიანიაო, და განმარტა:

ოლეგ კონონენკო
ოლეგ კონონენკო

„ხანდახან დედამიწაზე ადამიანებს ერთმანეთისა არ ესმით, ერთმანეთს ვერ ხედავენ. აქ, კოსმოსში, ეს შეუძლებელია, აქ ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია და პროგრამის წარმატება, ხანდახან ცხოვრებაც, იმაზეა დამოკიდებული, რას აკეთებს თითოეული“.

მარსი რჩება შემდგომ მიზნად და, როგორც ვთქვით, ამოცანაა, შეისწავლონ, რამდენ ხანს შეძლებს ადამიანი კოსმოსში ყოფნას, რა ცვლილებები ხდება ორგანიზმში, ადამიანის მთელ არსებაში, ფსიქიკაში და როგორ შეუძლია უვნებლად გადაურჩეს ადამიანი ხანგრძლივ კოსმოსურ გამოსხივებას, რომლისგანაც დედამიწაზე ატმოსფერო გვიცავს. თავიდან საერთაშორისო კოსმოსური სადგური სამი მოდულისგან შედგებოდა, შემდეგ ის გაიზარდა, გაიზარდა თანხაც, რომელიც მას ხმარდება და რომელიც 100 მილიარდ დოლარს აღწევს. სადგური დედამიწიდან დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს, დედამიწის გარშემოვლისთვის მას 90 წუთი სჭირდება, ანუ წამში შვიდ-ნახევარი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს. აქვე გეტყვით, რომ სადგურს 7 სტუმარი ჰყავდა, ეგრეთ წოდებული კოსმოსური ტურისტები, რომლებმაც საგზურში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მათ შორის იყო ირანული წარმოშობის ამერიკელი მულტიმილიონერი ქალი, ანუშე ანსარი. ფეხბურთის მოედნისოდენა სადგური მარაგდება მხოლოდ მზის ენერგიის გარდაქმნის შედეგად მიღებული ელექტროენერგიით, რომელსაც მზის ელემენტები გამოიმუშავებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG