Accessibility links

მშვიდობის საერთაშორისო დღე შიდა ქართლში


21 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შიდა ქართლში არაერთი ღონისძიება გაიმართა. სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ახალგაზრდებმა სამშვიდობო აქცია გამართეს. საზოგადოებრივი კავშირის, მეგობრობის ხიდის - „ქართლოსის“ - აქტივისტებმა პოლიციის საგუშაგოსთან ახლოს ხის ღობე მშვიდობის სიმბოლოებით მოხატეს და ცხინვალელ თანატოლებს სამშვიდობო მოწოდებებით მიმართეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლალი ომიაძე, ამბობს, რომ ნიქოზიდან სამშვიდობო მიმართვა მსოფლიოს ყველა ახალგაზრდას ეგზავნება, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის მშენებლობაში.

ახალგაზრდა აქტივისტმა კატო ქოთოლაშვილმა კედელზე გული გამოსახა. მისი აზრით, სიყვარულმა უნდა გააერთიანოს დაპირისპირებული მხარეები და მხოლოდ ასეა მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი, სიძულვილის ენით საუბარი კი მხოლოდ კონფლიქტების გაღრმავებას უწყობს ხელს.

აქციაში ნიქოზელი ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ. ისინიც გულმოდგინედ ხატავდნენ კედელზე მტრედებს, ყვავილებს, ღიმილიან სახეებს. ქართულად და ინგლისურად სამშვიდობო მოწოდებებს წერდნენ. „ქართლოსის“ აქტივისტი გიორგი სტეფნაძე ნიქოზელია. მისი თქმით, სოფელში, სადაც სამი ომი გადაიტანეს, ყველაზე მეტად იციან მშვიდობის ფასი.

უკრაინის მხარდამჭერი სამშვიდობო მიმართვა წაიკითხეს ხაშურელმა ახალგაზრდებმა სურამში, ლესია უკრაინკას ძეგლთან, დღის ბოლოს კი სანთლებით გამოსახეს საქართველოსა და უკრაინის დროშები.

გორის კულტურის ცენტრის, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის მოქალაქის“ ინიციატივით დაიწყო კამპანია, რომლის მთავარი სლოგანია „გაიღიმე, მშვიდობა ღიმილით იწყება“.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. „პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“ - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისთვის.

XS
SM
MD
LG