Accessibility links

„კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ (ICCN) და კავშირი „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ ენგურის ხიდზე მდებარე ადმინისტრაციული საზღვრის გამშვებ პუნქთან ახლოს „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლის“ დაარსების იდეით გამოდიან. ორგანიზაციების განცხადებით, ეს ნაბიჯი სახალხო დიპლომატიის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და როგორც ქართველი და აფხაზი, ისე სხვა ეროვნების მოქალაქეებისათვის სხვადასხვა საჭირო სერვისების შეთავაზებას გულისხმობს. ამ იდეის განსახორციელებლად ეს ორი ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს იწყებს.
„მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლი“ შესაძლოა იქცეს ნაწილად სახალხო დიპლომატიის ახალი ეტაპისა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს, - აცხადებს „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე.

„ეს იქნება თვისებრივად ახალი, თავისუფალი სივრცე ენგურის ხიდთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელსაც ერქმევა „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლი“, თუმცა ეს სივრცე, ამავე დროს, განკუთვნილი იქნება ყველასთვის, ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც ამ გზას გაივლის და სურვილი გაუჩნდება, რომ რაღაც ინფორმაცია წაიღოს, რაღაც ინფორმაცია კი, პირიქით, სხვებს გაუზიაროს“.

დახმარებისთვის ხშირად გვირეკავენ. აი, მაგალითად, სურთ ხოლმე მკურნალობა, მაგრამ ამ სამედიცინო დახმარების მისაღებად მათ სჭირდებათ ძალიან ბევრი საბუთის გადმოტანა სოხუმიდან იმისათვის, რომ მათთვის კანონით მინიჭებული უფასო მომსახურება მიიღონ...
„ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების“ ხელმძღვანელი რეზო ბენდელიანი, რომლის ორგანიზაციასაც ეკუთვნის „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლის“ შექმნის იდეა, გვეუბნება, რომ ამ საკითხზე უკვე ერთი წელია მუშაობენ. იდეა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსაც გააცნეს. მინისტრის აპარატიდან მიღებული წერილობითი პასუხის თანახმად, ის თანხვედრაშია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან. ბენდელიანი აცხადებს, რომ ქართულ-აფხაზურ შერეულ ოჯახებს შორის კონტაქტი დღემდე არსებობს. ყოველდღიურად ენგურის ხიდის გავლით, ორივე მიმართულებით, დაახლოებით 700 ადამიანი გადაადგილდება. აფხაზეთის მხრიდან არაერთი ადამიანი ჩამოდის მკურნალობისა თუ ვაჭრობის მიზნით. ახლა მათკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა:

„დახმარებისთვის ხშირად გვირეკავენ. აი, მაგალითად, სურთ ხოლმე მკურნალობა, მაგრამ ამ სამედიცინო დახმარების მისაღებად მათ სჭირდებათ ძალიან ბევრი საბუთის გადმოტანა სოხუმიდან იმისათვის, რომ მათთვის კანონით მინიჭებული უფასო მომსახურება მიიღონ. თუ ეს სახლი იარსებებს, შევეცდებით ბევრი პრობლემა იქვე გადავუჭრათ, საჭირო ინფორმაციით მოვამარაგოთ“.

ჩემს გარდა კიდევ უამრავ აფხაზს ვიცნობ, რომელიც ენგურის ხიდით სარგებლობს, მათ შორის ბევრია მოხუციც. მათ ხშირად ექმნებათ პრობლემები, თუნდაც ენის თვალსაზრისით, როცა ხიდზე გადმოდიან. მათ არ იციან ქართული...
რეზო ბენდელიანი ასევე აცხადებს, რომ ამ პროექტში ჩართვის სურვილს აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოთქვამენ.
კონკრეტულად რა მომსახურებას მიიღებს ხალხი „მშვიდობის ქართულ-აფხაზურ სახლში“, რომელიც, პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, ენგურის ხიდთან ახლოს განთავსდება? მაია კაციტაძე განმარტავს, რომ იქ იქნება ყველა ის სერვისი, რომელიც ხალხის საჭიროებას დააკმაყოფილებს - მათ შორის, იურისტის, ფსიქოლოგის კონსულტაცია, საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება სხვადასხვა საკითხის შესახებ და ა.შ.
მამით რუსი და დედით ქართველი კატო ვოლგინა წარმოშობით გაგრიდანაა. მან სკოლა იქ დაამთავრა და სწავლა თბილისში გააგრძელა. მისი მშობლები ახლაც გაგრაში ცხოვრობენ. თავად კატოს უკვე 15 წელია უწევს ენგურის ხიდის გავლით მიმოსვლა:

„ჩემს გარდა კიდევ უამრავ აფხაზს ვიცნობ, რომელიც ენგურის ხიდით სარგებლობს, მათ შორის ბევრია მოხუციც. მათ ხშირად ექმნებათ პრობლემები, თუნდაც ენის თვალსაზრისით, როცა ხიდზე გადმოდიან. მათ არ იციან ქართული. აი, ასეთ დეტალებზე თუ გამახვილდება ყურადღება და მათ ეს მიმოსვლას შეუმსუბუქებს, რატომაც არა, მე მხოლოდ მივესალმები იქ ასეთი ცენტრის არსებობას“.

ზურაბ ბენდიანაშვილი კი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, მიიჩნევს, რომ საინფორმაციო კონსულტაციებზე მეტად ენგურის ხიდით მოსარგებლე ხალხს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია უფრო სჭირდება, რომ ტვირთის გადატანაში პრობლემები არ შეექმნას.

მომდევნო კვირიდან „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ (ICCN) და კავშირი „ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები“ ამ იდეის დეტალების გასაცნობად შეხვედრებს გამართავენ ყველა იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც „მშვიდობის ქართულ-აფხაზური სახლის“ შექმნაში თანამონაწილეობას გადაწყვეტს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG