Accessibility links

მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში


მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში

მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში

გორში მშვიდობის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი დღის განმავლობაში აღნიშნავდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალგაზრდები. მათ ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. აქციის მონაწილეებმა ცხინვალის მიმართულებით მტრედები გაუშვეს ოსებთან მუდმივი მშვიდობის გზავნილით. აქციის მონაწილე კატო ქოთოლაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანებს ხშირად სჭირდებათ შეხსენება მშვიდობის აუცილებლობის შესახებ.

ქალაქში, სადაც 5 წლის წინ ბომბები ცვიოდა და ადამიანები იღუპებოდნენ, კარგად იციან მშვიდობის ფასი, ამიტომ გორში ამ დღის აღნიშვნა, ახალგაზრდების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია. ქალაქის ცენტრში მათ ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს, საგზაო მოძრაობა 5 წუთით გადაკეტეს და საზოგადოებას უთხრეს, რომ მშვიდობა გვაერთიანებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შალვა ტლაშაძე, აცხადებს, რომ წელს პირველად ამ ღონისძიებებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩაერთო.

გორელ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა „კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრმა“. ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქცია. გორის გარდა, ღონისძიებები მიმდინარეობდა ახალციხესა და ზუგდიდში. ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია კაციტაძე აცხადებს, რომ დღეს ახალგაზრდები მშვიდობის საკითხის გარშემო გაერთიანდნენ.

ქალთა სამშვიდობო მოძრაობა გორსა და ცხინვალში მშვიდობის საერთაშორისო დღეს პარალელურ რეჟიმში აღნიშნავდა. მოძრაობის წევრებმა ქალაქის ცენტრში სამშვიდობო მოწოდებები გააკეთეს და სიტყვა „მშვიდობა“ ასფალტზე რამდენიმე ენაზე დაწერეს, დღის ბოლოს მათ სანთლებით მშვიდობის სიმბოლო გამოსახეს, დასასრულს კი მშვიდობის მაუწყებლად ცხინვალისკენ მანათობელი ფრანები გაუშვეს. მოძრაობის ლიდერის მანანა მებუკის განცხადებით, ეს ღონისძიებები ცხინვალელ პარტნიორებთან ცოტა ხნის წინ სტამბოლში გამართული შეხვედრისას დაიგეგმა.

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა, 20 წლის შემდეგ კი ასამბლეამ სპეციალური რეზოლუცია მიიღო და ამით 21 სექტემბერი ყოველწლიურ დღესასწაულად გამოცხადდა. წლევანდელი მშვიდობის დღის მთავარი თემაა - განათლება მშვიდობისთვის. განათლებამ უნდა შეძლოს ორმხრივი ნდობისა და პატივისცემის ჩამოყალიბება და დაეხმაროს ადამიანებს სამყარო სამართლიანი და მშვიდობიანი გახადონ.
XS
SM
MD
LG