Accessibility links

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატიმროებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, პატიმრები სასჯელაღსრულების სისტემაში ოთხი სხვადასხვა რისკის ჯგუფად დაიყოფიან. როგორ იმუშავებს ახალი სისტემა და რას ფიქრობენ ამ თემაზე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კვალიფიკაციის სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოების სტანდარტს აამაღლებს და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს. მისივე თქმით, ეს არის განვითარების ახალი ეტაპი - ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა:

„მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან: დაბალი რისკის კატეგორია, საშუალო რისკის კატეგორია, მომეტებული რისკის კატეგორია და მაღალი რისკის კატეგორია. ფსიქოლოგი, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი და მულტიდისციპლინური ჯგუფის სხვა წარმომადგენლები თითოეულ მსჯავრდებულს განუსაზღვრავენ რისკის კატეგორიას“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მულტიდისციპლინურ ჯგუფში 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრი იქნება. სწორედ ეს ადამიანები გადაწყვეტენ, რომელი პატიმარი რისკის რომელ კატეგორიას განეკუთვნება.

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ თავმჯდომარე ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა მსგავსი გადანაწილება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი:

„ერთი ისაა, რომ ციხეები გადატვირთულია. მეორე ისაა, რომ, წლების მანძილზე ერთად იძულებით თანაცხოვრების შემდეგ, არაა გამორიცხული ადამიანებს კონფლიქტი მოუვიდეთ. ამიტომაც პატიმრების გადანაწილება და გადაყვანა გამართლებულია“.

თუმცა ლია მუხაშავრია აქვე დასძენს, რომ, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც პატიმარი ერთი რეჟიმის დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაჰყავთ:

„როდესაც პატიმარი აშკარად უკმაყოფილოა ამ ღონისძიებით, რომელსაც ადმინისტრაცია მის წინააღმდეგ ან მისი ნების საწინააღმდეგოდ იყენებს, მას არ ეუბნებიან, რა საფუძველზე მოხდა ეს, რატომ იყო მისთვის უკეთესი გადაყვანა...“

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, მიხეილ მაჭავარიანი, მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, ხოლო მსჯავრდებულთა გადანაწილების სისტემის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არასრულია და დეტალების გაცნობაა საჭირო:

„სამწუხაროდ, წესრიგი ამ სისტემაში ვერც ახალმა ხელისუფლებამ დაამყარა. ჩვენ ლაპარაკი ძალიან ბევრი გვესმის, მაგრამ შედეგი არის ძალიან ცუდი. რაც შეეხება ამ ახალ ინიციატივას, სიმართლე გითხრათ, კარგად მეც ვერ გავიგე. აი, როდესაც გაგვაგებინებს და აგვიხსნის, მერე უკვე ვიმსჯელოთ“.

ლია მუხაშავრიას აზრით კი, კარგია, რომ სამინისტრომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, თუმცა აუცილებელია პატიმრების გადანაწილების პროცედურა ზუსტად გაიწეროს და ცხადი გახდეს, რა მასალის შესწავლის შემდეგ იღებს შესაბამისი ჯგუფი მსჯავრდებულთა ამა თუ იმ რისკის ჯგუფში განაწილების გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, როგორც ლია მუხაშავრია ამბობს, მსჯავრდებულს ან მის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG