Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მსოფლიო ბანკისა და "იუნისეფის" ერთობლივ ანგარიშში


მსოფლიო ბანკმა საქართველოში საყოველთაო კეთილდღეობის ხელშემწყობი, ძლიერი სოციალური დაცვის სისტემის შექმნის შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მიმოიხილავს სიღარიბისა და დასაქმების მაჩვენებლებს და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ისეთი სოციალური სისტემის შექმნაში, რომელიც იქნება ფისკალურად მდგრადი და დაიცავს ქრონიკულად ღარიბ მოსახლეობასა და სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებს, ფინანსური შოკის წინაშე მყოფ ოჯახებს აარიდებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრას და ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი ოჯახების დამოუკიდებლობის ზრდასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ცდილობდა სიღარიბე პენსიებისა დასოციალური დახმარების გაზრდით დაეძლია. იმისთვის, რომ მიღწეულ იქნეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და სიღარიბე უფრო მეტად შემცირდეს, საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა ზუსტად უნდა პასუხობდეს არსებულ გამოწვევებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ამ მიმართულებით შრომის ბაზარზე არსებული პრობლემებია.

სიღარიბის მაჩვენებლები საქართველოში მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით 2007 წელს შემუშავებული მეთოდოლოგიით იზომება. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებლებმა იკლო და 14,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო უკიდურესი სიღარიბე 3,7 პროცენტს გაუტოლდა. სიღარიბე, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, ერთ ზრდასრულ ადამიანზე თვეში 70,8 ლარზე ნაკლებია, ხოლო უკიდურესი სიღარიბე - თვეში 41,10 ლარზე ნაკლები. საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი იღებს რაიმე სახის სოციალურ დახმარებას - უმეტესად, ასაკობრივ პენსიას ან სხვა სახის სოციალურ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდას სიღარიბის მაჩვენებლებზე გავლენა არ მოუხდენია, სიღარიბის მაჩვენებლების კლება აიხსნება, უმეტესად, პენსიისა და სოციალური დახმარების გაზრდით. რეგიონალურ ჭრილში, ყველაზე ღარიბი ქვემო ქართლი და მთიანი რეგიონებია. სიღარიბე მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახის უფროსის დასაქმებაზე, მისი განათლების დონეზე, სქესსა და მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

შრომითი ბაზრის ტენდენციებს თუ გადავხედავთ, ახალგაზრდების 40 პროცენტი, ქალთა 68 პროცენტი, ხოლო მამაკაცთა 90 პროცენტი ეკონომიკურად აქტიურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი სამუშაო ძალას წარმოადგენენ. 20-დან 64 წლამდე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 16,5 პროცენტი უმუშევარია. ამასთან, მათი 45 პროცენტი სამსახურს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, უმუშევრობა გამოწვეულია როგორც უნარ-ჩვევების შეუთავსებადობით, ასევე უკეთესი სამსახურის ძიებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული განათლების მქონე პირის დაუსაქმებლობა უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა, ეს მიანიშნებს არსებულ სამუშაოსა და პირის უნარ-ჩვევების შეუთავსებლობაზე. ამასთან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვის ზრდა იმასაც ნათელყოფს, რომ დამსაქმებლებს სჭირდებათ სამუშაო ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი განათლების მქონე ადამიანები.

უკანასკნელ წლებში სოციალური დახმარება მზარდი ხასიათისაა და პროგრამები უმეტესადარის საყოველთაო. ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, თუ რამდენად გამართლებულია ეს მიდგომა. მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ხარჯსარგებლიანობის ანალიზის საფუძველზე შეაფასოს საყოველთაო და მიზნობრივი პროგრამებისეფექტიანობა და გადაწყვეტილება სამომავლოდ სოციალური ხასიათის პროგრამების განსახორციელებლად ანალიზის შედეგად მიიღოს. სწორედ ამ გზით იქნება შესაძლებელი ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიანი და მდგრადი პროგრამების შემუშავება.

XS
SM
MD
LG