Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო მოსახლეობის დღე და დემოგრაფიული პრობლემები


11 ივლისს, გაეროს თაოსნობით, მსოფლიო მოსახლეობის დღე აღინიშნება. ეს თარიღი შერჩეულია დედამიწის მეხუთმილიარდე მოსახლის დაბადების აღსანიშნავად:

ამ ორი ათეული წლის წინ, 1987 წლის 11 ივლისს მაშინდელ იუგოსლავიაში, კერძოდ კი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, დაიბადა მატეი გაშპარი, რომელიც ოფიციალურად გამოაცხადეს ჩვენი პლანეტის მეხუთმილიარდე მოსახლედ. წლეულს მსოფლიო მოსახლეობის დღის მიზანია, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს დედებისა და ფეხმძიმე ქალების ჯანმრთელობაზე, რაც მეტად სერიოზული პრობლემაა მრავალ ქვეყანაში.

ყოველ წუთს, დედამიწის რომელიღაც კუთხეში, კვდება მშობიარე ქალი, რომელმაც სათანადო და დროული სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ასეთი შემთხვევების დიდი ნაწილი ფატალური შედეგით არ დამთავრდებოდა, ცალკეულ ქვეყნებში უკეთ რომ მოქმედებდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემები, მეტი ყურადღება რომ ეთმობოდეს ფეხმძიმე და მშობიარე ქალებზე ზრუნვას... ან კიდევ, ქმრები უფრო მეტად რომ ზრუნავდნენ თავიანთი ცოლების ჯანმრთელობაზე; მამები ადრეულ ასაკში გათხოვებას არ აიძულებდნენ თავიანთ მცირეწლოვან ქალიშვილებს და ა.შ.

პრობლემა ბევრია, ხოლო მათი გამომწვევი მიზეზები - ათასგვარი: ფინანსურით დაწყებული და ამა თუ იმ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ადათ-წესებით დამთავრებული. მამაკაცი ჯერ კიდევ ბევრ საზოგადოებაში ინარჩუნებს საკვანძო როლს როგორც მამა, მაუღლე თუ პოლიტიკური ლიდერი; ჯერ კიდევ ძალიან ბევრგან მამაკაცზეა დამოკიდებული ქალის კეთილდღეობა და, ზოგჯერ, მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიც.

სწორედ ამიტომ გადაწყვიტა გაერომ, მსოფლიო მოსახლეობის დღე წელს იმისთვის გამოიყენოს, რომ მამაკაცის გავლენა დადებითად შემოაბრუნოს, დაარწმუნოს ე.წ. "ტრადიციული საზოგადოების" წევრი მამაკაცები, უფრო მეტად იზრუნონ თავიანთი ფეხმძიმე ცოლებისა თუ ქალიშვილების ჯანმრთელობაზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომელს ლეილა ალიანაკს მტკიცედ სწამს, რომ ქალი არ უნდა კვდებოდეს ახალი სიცოცხლის გაჩენის პროცესში.

[ლეილა ალიანაკის ხმა] "მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ქალი ჯერაც იღუპება ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების მიზეზით. ასე რომ, სქესთა თანასწორობისა და სიღარიბის დაძლევის მიზნებს ჯერ კიდევ დიდი მანძილი გვაშორებს. ყოველდღიურად 1440 ქალი კვება ორსულობისა და მშობიარობის დროს და ყოველ წუთს თითო ქალი მშობიარობას ეწირება."

დედამიწის მოსახლეობის ზრდის სწრაფი ტემპი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს ანიჭებს დედათა და ფეხმძიმე ქალთა ჯანმრთელობის პრობლემას.

[ლეილა ალიანაკის ხმა] "2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა, ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, 9,2 მილიარდს მიაღწევს და ეს ზრდა - მისი 99 პროცენტი - ღარიბი ქვეყნების ხარჯზე მოხდება. განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა თითქმის უცვლელი დარჩება - 1,2 მილიარდი."

დღეს მსოფლიოს მოსახლეობა 6,6 მილიარდს აღწევს, აქედან ნახევარზე მეტი - 60 პროცენტი - აზიაში ცხოვრობს. თუ ექსპერტთა პროგნოზები გამართლდა, 40 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდს გადააჭარბებს, თუმცა ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გაუმკლავდება მედიცინა შიდსის პრობლემას ან სხვა მასობრივ დაავადებებს.

დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ დგას საქართველოს წინაშე. თუ შობადობა მკვეთრად არ გაიზარდა - რისი ობიექტური საფუძველიც, ალბათ, არ არსებობს - 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა ერთი მეხუთედით - 3,7 მილიონამდე შემცირდება; გაიზრდება ხანდაზმულ ადამიანთა ხვედრითი წილი, რაც სერიოზულად შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას.
XS
SM
MD
LG