Accessibility links

logo-print

1 სექტემბრიდან ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მცხოვრები ასაკით პენსიონერების პენსიის 20 %-ით გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, 20 %-ით გაიზრდება მთაში მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულებისათვის.

ასაკით პენსიონერი ეთერ ბიჭაშვილი ონის რაიონის სოფელ გლოლაში ცხოვრობს. სოფელი ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს და, კანონის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებს, შესაბამისად გაზრდილ პენსიას - 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს - სხვა გლოლელებთან ერთად ეთერ ბიჭაშვილიც მიიღებს.

„რა არის ეს? არაფერია!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთერ ბიჭაშვილმა, რომლის თქმით, პენსიის 36 ლარით გაზრდა ოდნავადაც კი ვერ შეამსუბუქებს მაღალ მთაში მცხოვრები პენსიონერების ყოფას, რადგანაც სოფელს რეალურად შემოსავლის სხვა წყარო არ აქვს:

„სოფელში ძალიან ბევრია დაუსაქმებელი. არაფერი არ არის. ახალგაზრდობა მეტწილად უმუშევარია. არაფერს არ საქმიანობენ. არიან ისე. სოფელი ტერიტორიით დიდია, მაგრამ მოსახლეობისგან დაიცალა. მიდიან. დარჩენილია მხოლოდ საშუალო ასაკის ხალხი და მოხუცები“.

სახელმწიფო გარკვეულ ზომებს იღებს იმისათვის, რომ მთაში ცხოვრება გახდეს ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად პრესტიჟული, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ეკონომიკის გაჯანსაღება და ამ რეგიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები...

ეთერ ბიჭაშვილის გარდა, გაზრდილ პენსიასა და სოციალურ პაკეტს მიიღებს ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 52 ათასი მოქალაქე. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, საქართველოს კანონით გათვალისწინებული მხოლოდ ამ დანამატებისათვის ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან ყოველთვე დამატებით 1 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყოფა. ზაზა სოფრომაძის თქმით, ყოველთვიური დანამატი დაენიშნება მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პერსონალს:

„ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის 180 ლარით განისაზღვრება. დანამატი გაიცემა რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის კლინიკების მედპერსონალისთვის - ჯამში, 350 ადამიანისთვის. ლენტეხში, ყაზბეგში, გუდაურში, წალკაში, თიანეთში, თეთრ წყაროში, ბაკურიანში, ცაგერში, ონსა და ამბროლაურში, ასევე, შპს ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მანგლისის საავადმყოფო-პოლიკლინიკასა და აბასთუმნის ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში. დანამატს მიიღებს ასევე მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“. ექიმის დანამატი პენსიის ორმაგი ოდენობით, 360 ლარით, ხოლო ექთნის დანამატი 180 ლარით განისაზღვრება. ამჟამად სოფლის ექიმის მომსახურების ანაზღაურება 650 ლარს, ხოლო ექთნის 455 ლარს შეადგენს”.

სოციალური შეღავათების ძალაში შესვლის შედეგად, ასევე, 20 %-ით გაიზრდება მთაში მუდმივად მცხოვრები სოციალური პაკეტის მიმღები პირების ფულადი გასაცემელი. მათ შორის არიან მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულები. მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. შესაბამისად, 20 %-ით გაიზრდება სხვა სოციალური პაკეტების დანამატიც და მნიშვნელოვნად გამოხატული პირების, მარჩენალდაკარგულებისა და პოლიტრეპრესირებულების თანხა 100 ლარის ნაცვლად 120 ლარი გახდება.

ზაზა სოფრომაძის თქმით, 1 სექტემბრიდან ამოქმედებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათები მნიშვნელოვნად შეაკავებს მთიანი რეგიონის დაცლის ტენდენციას, რაც რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს ღრმა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ფონზე. კანონის ერთ-ერთი ავტორი, გია ჟორჟოლიანი, იმედოვნებს, რომ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი შექმნის მთაში ისეთივე პირობებს, როგორიც მთლიანად საქართველოშია.

აჭარის მაღალმთიანი რეგიონი

აჭარის მაღალმთიანი რეგიონი

„პრიორიტეტებშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ქვეყნის სივრცითი განვითარება და რეგიონალური გათანაბრება, რამაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ მოქალაქეებს ყველა იმ ადგილას, სადაც ისინი ცხოვრობენ, უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები და თანაბრად უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი სერვისებით. გარდა ამისა, ამას მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ზოგადი განვითარებისა და ქვეყნის აღქმისთვისაც კი, რადგანაც ეს ტერიტორიები უნდა აღვიქვათ როგორც ჩვენი ქვეყანა და ამისათვის ეს ტერიტორიები სისხლსავსე ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ტრადიციას და კულტურას, რომელიც აქ იქმნებოდა“, უთხრა გია ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას. მისი თქმით, გარდა აღნიშნული შეღავათების ამოქმედებისა, რეგიონების გათანაბრების საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს რეგიონების განვითარების ათმილიონიანმა ფონდმა, რომელიც სულ მალე დაიწყებს მიკროგრანტების გაცემას მაღალმთიანი დასახლებებისათვის. ეკონომისტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ სპეციალური კანონის მიღება და შეღავათების დაწესება მაღალმთიანი რეგიონების გაცოცხლებისა და განვითარების აუცილებელი, თუმცა არა საკმარისი, პირობაა:

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლები ფართობის ტერიტორიები დაკარგული გვაქვს იმის გამო, რომ არ ხდება მათი სამეურნეო დამუშავება და ჩვენს სოციო-კულტურულ ქსოვილში მათი ჩართვა, რის გამოც ისინი გამოუყენებელი რჩება. ამიტომ მთის კანონის მიღება და ამოქმედება, მართალია, ამ პროცესს შეუქცევად ვერ ხდის, მაგრამ გარკვეულწილად ანელებს ნეგატიურ პროცესებს. სახელმწიფო გარკვეულ ზომებს იღებს იმისათვის, რომ მთაში ცხოვრება გახდეს ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად პრესტიჟული, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს ეკონომიკის გაჯანსაღება და ამ რეგიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც უნდა გადადგან შემხვედრი ნაბიჯები“.

სოსო არჩვაძის თქმით, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას და მოქალაქეების აქტიურობას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ონის რაიონის სოფელ გლოლაში მცხოვრები ასაკით პენსიონერი ეთერ ბიჭაშვილიც იმედოვნებს, რომ სახელმწიფო მხოლოდ ფულადი დანამატების გაცემით არ შემოიფარგლება და მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს საგადასახადო შეღავათებიც დაუწესდებათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG