Accessibility links

logo-print
მართალია, საქართველოს მთავარ პროკურორს თანამდებობა ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ უკვე დასახელდა და დადასტურდა მისი შემცვლელის ვინაობა და ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ოთარ ფარცხალაძეა. საინტერესოა, ხომ არ უკავშირდება დაგეგმილი საკადრო ცვლილება სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებულ პროცესსა და თვითმმართველობის არჩევნებს.

ვარაუდებისა და ეჭვებისთვის საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ერთი დღე ჰქონდათ, ანუ დრო არჩილ კბილაშვილის მიერ პოსტის დატოვების განზრახვის გახმაურებიდან მისი შემცვლელის ვინაობის დასახელებამდე. ის, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ოთარ ფარცხალაძეს ვიხილავთ, 8 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. მომავალი პრემიერ-მინისტრი საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებს მომავალი მთავარი პროკურორისგან მოსალოდნელ კარგ მუშაობაზე:

”ფარცხალაძე იქნება ახალი მთავარი პროკურორი, დიახ... მე მჯერა, რომ ის იქნება ძალიან ეფექტური ახალი პროკური. მას ეყოლება ძალიან კარგი, ეფექტური გუნდი, დაკომპლექტებული ახალგაზრდებით, გამოცდილი პროკურორებით... და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება”.

სამომავლო მთავარ პროკურორად დასახელებულ 37 წლის ოთარ ფარცხალაძეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ბევრი არაფერია ცნობილი. მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები მას წარმატებულ მენეჯერად მოიხსენიებენ, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მასზე არცთუ სახარბიელო წარმოდგენა აქვთ.
”ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილების შემდეგ მთავარი პროკურატურა კიდევ უფრო დაექვემდებარება ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ზეგავლენებს და გაგრძელდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა. თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების ერთ ნაწილს უჩნდება იმედი, რომ საკადრო ცვლილებას შესაძლოა სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარება და უფრო ხელშესახები შედეგებიც მოჰყვეს.

მოლოდინი რაც იყო, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და ნდობა კბილაშვილისადმი რაც იყო, ეს ლიმიტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამოიწურა. მოლოდინი, რომ ის რამეს გააკეთებდა, უკვე იყო ძალიან მცირე...
შედეგების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არჩილ კბილაშვილისთვის შემცვლელის გამოძებნა საზოგადოებრივი დაკვეთის შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რადგანაც ხალხს სამართლიანობის აღდგენა სწყურია და ამ მხრივ მოთმინების ფიალაც აივსო:

”მოლოდინი რაც იყო, რომ სამართლიანობა აღდგებოდა და ნდობა კბილაშვილისადმი რაც იყო, ეს ლიმიტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამოიწურა. მოლოდინი, რომ ის რამეს გააკეთებდა, უკვე იყო ძალიან მცირე. ამიტომ ცვლილება განხორციელდა. მე ვვარაუდობ, რომ დაჩქარდება ტემპი, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია”.

7 ნოემბერს, როდესაც პრეზიდენტის ინაუგურაციის მერე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, არჩილ კბილაშვილმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ მასა და მომავალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ”არავითარი უთანხმოება არ არსებობს”, თუმცა არსებობდა განსხვავებული მიდგომები ”პრიორიტეტებთან, გამოწვევებთან და სამართალდაცვით სფეროში გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით.” აქვე კბილაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ”პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით” არც მისი და პრემიერ ივანიშვილის პოზიციები ემთხვევა და რომ განსხვავებას ტემპებისადმი მიდგომა წარმოშობს.

ის, რომ ეკონომიკის ერთბაშად აღმავლობა დაიწყება და ამას საზოგადოება ერთ თვეში ან ერთ წელიწადში იგრძნობს, გამორიცხულია. ამიტომ რაღაც ხელშესახები უნდა დადოს ხელისუფლებამ არჩევნების წინ. შეიძლება ეს იყოს პროკურატურის უფრო აქტიური მუშაობა...
”პრემიერი, ისევე როგორც მე, ფიქრობს, რომ საქართველოში ევროპული ტიპის პროკურატურა უნდა შევქმნათ, ოღონდ მე შედარებით სწრაფი მოქმედებების მომხრე ვარ. ვნახოთ, დრო აჩვენებს, რამდენად ვცდებოდი”,- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა 7 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მის ამ განცხადებას საყურადღებოდ მიიჩნევს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე და ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საჭიროა სიფრთხილე და წინდახედულება, რათა არ შენელდეს პროკურატურის სისტემაში ლიბერალური რეფორმების გატარების ტემპები. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ანალიტიკოსის თქმით, სამართლიანობის აღდგენის ტემპები არ იყო დამოკიდებული უშუალოდ არჩილ კბილაშვილზე და მას, ქვეყნისათვის სასიკეთო განზრახვებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ”მახვილი მზერა” ამუხრუჭებდა. ხოლო თუკი ამ პროცესის დაჩქარებაზე ზრუნვა დგას ახლა დღის წესრიგში, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს თვითმმართველობის არჩევნებთან, სადაც კოალიცია ”ქართულ ოცნებას” მთავარი გამწევი ძალის, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოუწევს მოქმედება, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით ფონი არასასურველია:

”ის, რომ ეკონომიკის ერთბაშად აღმავლობა დაიწყება და ამას საზოგადოება ერთ თვეში ან ერთ წელიწადში იგრძნობს, გამორიცხულია. ამიტომ რაღაც ხელშესახები უნდა დადოს ხელისუფლებამ არჩევნების წინ. შეიძლება ეს იყოს პროკურატურის უფრო აქტიური მუშაობა, რომ საზოგადოებას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ, გარკვეულწილად, სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, სერიოზული ძვრები დაიწყო... რაც შეიძლება საზოგადოებას შესთავაზონ ეკონომიკური და სოციალური წინსვლის სანაცვლოდ არჩევნების წინ, არის სწორედ ეს თემა”.

ხათუნა ლაგაზიძის მსგავსად, სამართლიანობის აღდგენის პროცესის გააქტიურებასა და ამ პროცესის არჩევნებთან შესაძლო კავშირს არც ვახტანგ ძაბირაძე გამორიცხავს. თუმცა, თუკი არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდება, ანალიტიკოსის აზრით, ამგვარი თადარიგის დაჭერა შესაძლოა ზედმეტიც იყოს ”ქართული ოცნებისთვის”, ხოლო თუკი არჩევნები ერთი წლის შემდეგ გაიმართება, რეიტინგის შესანარჩუნებლად დამატებითი ფაქტორების ამოქმედება, შესაძლოა, მართლაც გახდეს საჭირო.
XS
SM
MD
LG