Accessibility links

logo-print
21 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, ოთარ ფარცხალაძე. იუსტიციის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ, საკადრო და სისტემური ცვლილებების შედეგად, მთავარი პროკურატურა ღირსეულ ადგილს დაიკავებს მართლმსაჯულების სისტემაში. სხვაგვარად ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომლის წარმომადგენელთა ვარაუდით, ახალი მთავარი პროკურორი პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად დაინიშნა.

იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის კანდიდატურა "პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად წარადგინა. თეა წულუკიანის თქმით, ახალმა მთავარმა პროკურორმა ზუსტად იცის, რა და როგორ უნდა გააკეთოს სისტემის გასაჯანსაღებლად:

„აბსოლუტურად იდენტური ხედვა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს პროკურატურაში, პირველ რიგში, კადრების გაჯანსაღების კუთხით და იმ საქმეების გამოძიების დაჩქარების კუთხით, რაც საზოგადოების მოთხოვნაა და ამას არ შეიძლება ვინმე არ ეთანხმებოდეს. პირდაპირ გეტყვით, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი, რომელიც თავისი გუნდით მოვა“.

გაიმართება კონსულტაციები და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი ვინ და რა პოზიციაზე გააგრძელებს პროკურატურაში მუშაობას...
ახალი მთავარი პროკურორის გუნდში შესაძლოა ვიხილოთ შიდა ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილე მიხეილ შაყულაშვილი, რომელიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისის პროკურორის თანამდებობაზე მაია მწარიაშვილს შეცვლის. ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დაელოდება ახალი ხელმძღვანელის საკადრო გადაწყვეტილებებს:

„გაიმართება კონსულტაციები და ამის შემდეგ გადაწყდება საკითხი ვინ და რა პოზიციაზე გააგრძელებს პროკურატურაში მუშაობას. კანონით, მთავარი პროკურორი თვითონ, უშუალოდ თვითონ წყვეტს მოადგილეების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხს“.

საკადრო ცვლილების გატარების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ როგორც ხელისუფლების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. იურისტი კახა კახიშვილი ამბობს, რომ აუცილებელია რეფორმის ჩატარება და პროკურატურის დაბრუნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან სასამართლო ხელისუფლებაში. და კიდევ:

პრინციპში, ჩემი კრიტიკა ამ ერთი წლის განმავლობაში ისმოდა მხოლოდ პროკურატურის მიმართ. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ უფრო საფუძვლიანი და არგუმენტირებული იქნება ყველა ის საქმე, რომელსაც პროკურატურა მიიტანს სასამართლოში...
„სასამართლო ხელისუფლებაში თუ გადავიდა პროკურატურა, მაშინ ის გახდება უფრო დამოუკიდებელი, პოლიტიკოსების წინაშე არაანგარიშვალდებული. გარდა ამისა, მთავარ პროკურატურას დღეს აქვს ძალიან სერიოზული ამოცანა, რომ უპასუხოს სრულყოფილად ყველა იმ მოქალაქის საჩივარს (ასეთი არის 57 ათასი), რომელიც შეტანილია პროკურატურაში და ამ მოქალაქეებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი. და, რაც მთავარია, დაიბრუნოს ის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროკურორების მხრიდან საპროცესო ხელმძღვანელობა ხდებოდა მხოლოდ ფორმალურად“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი კი, თინა ხიდაშელი, ამბობს, რომ ახალ მთავარ პროკურორს ბევრი მუშაობა მოუწევს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით:

„პრინციპში, ჩემი კრიტიკა ამ ერთი წლის განმავლობაში ისმოდა მხოლოდ პროკურატურის მიმართ. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ უფრო საფუძვლიანი და არგუმენტირებული იქნება ყველა ის საქმე, რომელსაც პროკურატურა მიიტანს სასამართლოში“.

ფარცხალაძე დაინიშნა გასაგები მიზეზების გამო: მან უნდა შეასრულოს უპირობოდ ის დავალებები, რომელსაც მას ივანიშვილი და ღარიბაშვილი მისცემენ. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება პოლიტიკური იერიშები მათი მხრიდან. ფარცხალაძე არ არის იქ მისული რეფორმის ჩასატარებლად...
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მთავარი პროკურატურა, ისევე როგორც არჩილ კბილაშვილის დროს, თავისუფალი იქნება პოლიტიკური გავლენისაგან. დეპუტატ ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სამართლიანობის აღდგენის მოლოდინმა და საზოგადოების განწყობამ ნეგატიური კვალი არ უნდა დაამჩნიოს გამოძიების ხარისხს:

„პროკურატურისგან მოვითხოვთ: სრული თავისუფლება პოლიტიკური დაკვეთისგან. საზოგადოების დაკვეთა არ შეიძლება იყოს ვინმეს დაჭერა. საზოგადოების დაკვეთა შეიძლება იყოს საქმის გამოძიება და ამის შემდეგ ვინმეს დაჭერა“.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის შეცვლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნის მორიგ ტალღას დაუდებს სათავეს. ასევე ფიქრობს სააკაშვილის მთავრობაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დეპუტატი დავით საყვარელიძე.

„ფარცხალაძე დაინიშნა გასაგები მიზეზების გამო: მან უნდა შეასრულოს უპირობოდ ის დავალებები, რომელსაც მას ივანიშვილი და ღარიბაშვილი მისცემენ. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება პოლიტიკური იერიშები მათი მხრიდან. ფარცხალაძე არ არის იქ მისული რეფორმის ჩასატარებლად. ამ მიზნით არ შეურჩევიათ ფინანსური პოლიციის უფროსი და არც მისი ყოფილი სამსახური მეტყველებს ამაზე, მაგრამ მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ხელისუფლება მიხვდება, რა არის პროკურატურის მთავარი პრობლემა“, უთხრა დავით საყვარელიძემ რადიო თავისუფლებას.

დავით საყვარელიძის თქმით, პროკურატურის მუშაობა თვისებრივად ვერ გაუმჯობესდება მხოლოდ მთავარი პროკურორის შეცვლით. საჭიროა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით კვალიფიციური კადრების მიზიდვის მუდმივი პროცესის განახლება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მხოლოდ კვალიფიკაციას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პროკურატურის თანამშრომელთა სისტემატურ გადამზადებას, რადგანაც კანონმდებლობა ხშირად იცვლება, ისევე როგორც სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და გამოძიების ხარისხი.
XS
SM
MD
LG