Accessibility links

logo-print

სამთო კურორტ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, დასასრულს უახლოვდება. 21 იანვარს გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაზე, სახელწოდებით „ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა“, სადაც მან განაცხადა, რომ ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. წლევანდელ ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის იყო: მიგრაციის კრიზისის გავლენა ევროკავშირის მომავალზე, ბრძოლა ისლამისტ ექსტრემისტებთან, გლობალური დათბობა და ეკონომიკური გამოწვევები, ნავთობის გაუფასურებისა და ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.

დავოსში დასასრულს უახლოვდება ეკონომიკური ფორუმი 2016, რომელშიც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერები მონაწილეობდნენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა ინვესტიციების მოსაზიდად ათობით შეხვედრა გამართეს. ფორუმს წელს, ტრადიციულად, საქართველოს დელეგაციაც ესწრებოდა, ამჯერად ახალი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, მეთაურობით.

21 იანვარს, ერთ-ერთ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას მართლაც სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიკურობა, ხოლო აზიას - ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ გამოსვლაში ისაუბრა ასევე საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რკინიგზის მოდერნიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე:

„ჩვენ სულ ახლახან განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციის მიზნით. შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთკავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა. ახლახან განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში - ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით, შემდეგ კი - შავი ზღვისა და თურქეთის გავლით. ასე რომ, ეს მიმართულება ძალიან სწრაფად ვითარდება და მზარდ მოთხოვნასაც ვხედავთ“.

კვირიკაშვილის განცხადებით, ამ პროცესში არ იგულისხმება მეტოქეობა სატრანსპორტო მარშრუტებს შორის, არამედ, მისი სიტყვებით, ეს არის „მეგობრული კონკურენცია“. პრემიერმა განაცხადა ისიც, რომ საქართველო აპირებს საკმაოდ ამბიციური პროექტის განხორციელებას. საუბარია უახლოეს მომავალში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ახსენა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაცია და თქვა, რომ რეგიონში საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა:

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ამ პარტნიორობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ, ევროკავშირთან ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობის კვალდაკვალ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას ჩვენს ყველა მეზობელთან, რუსეთის ჩათვლით, ცხადია. ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩემი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებლობა“.

ისინი დაინტერესებულები არიან „კარფურის“ ბრენდის ქსელის გაფართოებით საქართველოში და სურთ სასტუმროების ბიზნესის წამოწყებაც საქართველოში. შემოგვთავაზეს, რომ შესაძლოა დაიწყონ საქართველოს რეგიონებში 2-3- ვარსკვლავიანი სასტუმროებით...

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს ვერნერ ჰოიერსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და შემდგომ თანამშრომლობაზე. ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი კვლავაც დაინტერესებულია საქართველოში იმპროექტების განხორციელებით, რომლებიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა საჯარო სექტორში შეადგენს 480 მილიონ ევროს, კერძო სექტორში კი - 165 მილიონ ევროს.

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა დავოსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბატს, რომლის განცხადებით, ბანკი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს,ინვესტიციები და ფინანსური დახმარებების მოცულობა კი, EBRD-ის პრეზიდენტის თქმით, 2016 წელს კიდევ გაიზრდება.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა „Majid Al Futtaim“-ის წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სავაჭრო ცენტრებისა და სასტუმროების განვითარებით არიან დაინტერესებული. სწორედ მათ ეკუთვნით სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ ქსელი. როგორც თანაინვესტირებს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, მათგან ინვესტიციების გაფართოებას 2016 წელსაც მოელიან:

„ისინი დაინტერესებულები არიან „კარფურის“ ბრენდის ქსელის გაფართოებით საქართველოში და სურთ სასტუმროების ბიზნესის წამოწყებაც საქართველოში. შემოგვთავაზეს, რომ შესაძლოა დაიწყონ საქართველოს რეგიონებში 2-3- ვარსკვლავიანი სასტუმროებით“.

საქართველოს დელეგაციის შეხვედრა Majid Al Futtaim-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს დელეგაციის შეხვედრა Majid Al Futtaim-ის წარმომადგენლებთან

საქართველოს პრემიერი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსაც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი:

„კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში სტრატეგიული ურთიერთობების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ ყველა მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ჩართულობას იმ რეგიონალურ პროექტში, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზა“, და, ცხადია, იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს“.

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმს სტუმრობდა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

“ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. მას შემდეგ, რაც გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ვარშავის მოახლოებულ სამიტზე, ასევე თავდაცვის მინისტერიალზე, რომელიც თებერვალში გაიმართება დასადაც შედგება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. მე ვგეგმავ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე- პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის აზრით, დავოსის ეკონომიკური ფორუმი სახელმწიფოთა ლიდერებს პირისპირ შეხვედრისა და საჭირბოროტო საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალებას აძლევს, რასაც თავისი დადებითი დატვირთვა აქვს:

„გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია იქ შეხვედრების ჩატარება და, თუნდაც, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება, მაგრამ კონკრეტულ ინვესტიციებზე საუბარი და მოზიდვა უფრო კერძო, პირისპირ შეხვედრების დროს წყდება ხოლმე. დავოსი, როგორც წესი, გაცნობით ხასიათს უფრო ატარებს“.

რაც შეეხება ახალი აბრეშუმის გზის პროექტს, რომლის შესახებაც ფორუმზე არაერთხელ ილაპარაკა საქართველოს პრემიერმა, „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც საქართველოს მისცემს რეალურ შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და, მისი სრულად ამოქმედების შემთხვევაში, მართლაც იქცეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ქვეყნად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG