Accessibility links

პრემიერ-მინისტრი და ექსპერტები მთავრობის სამწლიანი მუშაობის შესახებ


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

21 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა და თითქმის საათ-ნახევრის განმავლობაში ძირითადად მიღწეულ მიზნებსა და წარმატებებზე ილაპარაკა. ყურადღება საგანგებოდ გამახვილდა მიღწევებზე ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესში, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში გამოვლენილ წინსვლასა თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ასპექტებზე. თუმცა, ექსპერტების აზრით, წინსვლაზე ასეთი ხმამაღალი ლაპარაკი ერთგვარად არადამაჯერებლად გამოიყურება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

საქართველოს ყველაზე ხელშესახებ, ისტორიულ გამარჯვებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს. ევროკომისიის დადებით შეფასებასა და სავიზო ლიბერალიზაციის რეალისტურ პერსპექტივებს ის სწორი მიმართულებით სვლისა და მასშტაბური შრომის შედეგად მიიჩნევს:

„ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებებს და ფართოდ გვიხსნის საზღვრებს... ევროკავშირის პრინციპული თანხმობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მრავალმხრივი შრომის შედეგის უმაღლესი შეფასებაა. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე სრულიად ახალი შესაძლებლობები ისახება“.

21 დეკემბერს, როცა დედაქალაქის საკრებულოს შენობაში სიტყვით გამოდიოდა და მთავრობის სამწლიანი მუშაობის შედეგებზე ლაპარაკობდა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო აქცენტი დასვა ასევე ნატოსთან დაახლოების პროცესზე, რაც ბოლო პერიოდში უელსის სამიტზე „არსებითი პაკეტის“ მიღებითა და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაფუძნებით გამოვლინდა. ითქვა ასევე, რომ საქართველოს სურს კეთილი და მეგობრული ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, ასეა რუსეთთან მიმართებითაც. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართულებით კვლავაც პრაგმატული და რაციონალური, მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრედ რჩება.

2014 წელს საწარმოებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ შეადგინა 930 ათასი ადამიანი. ეს, დაახლოებით, არის 90 ათასით მეტი, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით...

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოში აბსოლუტურად დამოუკიდებელია მედია და ხელისუფლების ჩარევებისგან აბსოლუტურად გათავისუფლებულია სასამართლო სისტემა. ირაკლი ღაიბაშვილის თქმით, ფუნდამენტურ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ავტორიტარული მმართველობის დასრულება და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, ევროპული ტიპის, თანამედროვე სახელმწიფოს შენება.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის 21 დეკემბრისგამოსვლაში ხაზი გაესვა კონკრეტულ მიღწევებს ქვეყნის შიდა სარბიელზე და ამ კუთხით საგანგებოდ აღინიშნა თვალსაჩინო მიღწევები, მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისა თუ სოლიდარობის ფონდის საქმიანობის ფარგლებში. ითქვა, რომ ხელისუფლება არჩეულ გეზს შეინარჩუნებს და, თუკი 2012 წლისთვის ჯანდაცვის ხარჯი 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა, 2016 წელს ეს ხარჯი სამ მილიარდს გადააჭარბებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გარკვეული სახის ეკონომიკური პრობლემები წარმოშვა გარე ფაქტორებმა და ძირითდად ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, თუმცა საქართველოს წინსვლა მაინც აშკარა იყო და, მაგალითად: პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 130 ახალი საწარმო დაფინანსდა „იაფი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 139 ახალი საწარმო, ხოლო განახლდა და გადაიარაღდა 665 საწარმო. ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ხალხის დასაქმებას ასახელებს და, პროგრესის დასტურად, კონკრეტული რიცხვებიც მოჰყავს:

„2003-2012 წლებში უმუშევრობა 3,5%-ით გაიზარდა. ბოლო სამ წელიწადში უმუშევრობა შემცირდა 2,6 პროცენტით. 2014 წელს საწარმოებსა და ორგანიზაციებში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ შეადგინა 930 ათასი ადამიანი. ეს, დაახლოებით, არის 90 ათასით მეტი, 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით“.

ვფიქრობ, რომ ასეთი ჩამოკიდება რუსულ ბაზარზე ქართველ მეწარმეებს სიზარმაცის ელემენტს გაუჩენს და ისინი ნაკლებად შეეცდებიან ბაზრების დივერსიფიცირებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შეიძლება რუსეთმა ისევ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს...

იმას, რომ ხელისუფლება ასე ხმამაღლა და ამაყად ლაპარაკობს წარმატებებზე,არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, უადგილოდ და უხერხულად მიიჩნევს "საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის" დამფუძნებელი გია ხუხაშვილი. მართალია, გარკვეული მიმართულებებით წარმატებებს მართლაც ხედავს და ეს, მისი აზრით, ძირითადად ჯანდაცვის სფეროს შეეხება, მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა გია ხუხაშვილმა, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად, ხელისუფლებას მოეთხოვება უფრო გულახდილი ლაპარაკი პრობლემებზე და უფრო თავმდაბალი და მოკრძალებული ლაპარაკი წარმატებებზე:

„...სხვადასხვა მიზეზებით, ობიექტურით თუ სუბიექტურით, ჩვენ მივიღეთ სერიოზული დევალვაცია, რასაც მოჰყვა ინფლაცია, არ მოჰყვა შესაბამისად ინდექსირება მოსახლეობის შემოსავლების და, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვყავს უფრო ღარიბი მოსახლეობა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. აქედან გამომდინარე, საუბარი ასეთ ტონში, ცოტა არ იყოს, გაუგებარია... ვირტუალური რეალობის დახატვა არ არის შედეგის მომტანი, არ არის შედეგზე ორიენტირებული – მხოლოდ აღიზიანებს ადამიანებს. ამას ვერც ერთი ხელისუფლება ვერ მიხვდა – კარგი, სხვის შეცდომებზე ვერ სწავლობ, საკუთარ შეცდომებზე ხომ უნდა ისწავლო“.

ეკონომიკური პრობლემები ქვეყნის ერთ-ერთ უმთავარეს პრობლემად მიაჩნია პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილსაც და ის დიდწილად სწორედ ახალი ეკონომიკური პრობლემების წყაროს ხედავს ხელისუფლების მცდელობაში – გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. როგორც ექსპერტი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ამ კუთხით ხელისუფლებას გაცილებით მეტი სიფრთხილე მოეთხოვება:

„ვფიქრობ, რომ ასეთი ჩამოკიდება რუსულ ბაზარზე ქართველ მეწარმეებს სიზარმაცის ელემენტს გაუჩენს და ისინი ნაკლებად შეეცდებიან ბაზრების დივერსიფიცირებას იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შეიძლება რუსეთმა ისევ საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს“.

შეიძლება ითქვას, რომ, ირაკლი ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს ბევრი მიმართულებით არ ეთანხმება და როცა, მაგალითად, დამოუკიდებელ მედიაზეა ლაპარაკი, ექსპერტის აზრით, გასათვალისწინებელია, მაგალითად, ის გარემოება, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულმა ხმაურიანმა საქმემ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. რაც შეეხება წარმატებებს, ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, ქვეყნის უმთავრესი წარმატებები ძირითადად ევროკავშირისა და ნატოსკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება, თუმცა დასანანად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სამი წლის განმავლობაში „არანაირი ძვრა არ არის“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით და ამ მხრივ წინსვლა არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის ფარგლებში შეიმჩნევა.

21 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილი 3-წლიანი შემაჯამებელი ანგარიშით დედაქალაქის საკრებულოს შენობაში საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგა. ოფიციალური ინფორმაციით, მის გამოსვლას ისმენდნენ: საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ბიზნესმენები, იძულებით გადაადგილებული პირები, სპორტსმენები, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები და სტუდენტები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG