Accessibility links

logo-print

შს სამინისტროს გამოეყოფა უშიშროების სტრუქტურა


ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

10 დეკემბერს პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების ინიციატივით გამოვიდა და ამ საკითხის გარშემო ფართომასშტაბიანი დისკუსიის გამართვის საჭიროებაზე ილაპარაკა. საუბარია კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს უშიშროებისა და საპოლიციო სტრუქტურები. 2 წლის განმავლობაში შეუსრულებელი ეს დაპირება მმართველ კოალიციას ნოემბრის მიწურულს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა გაახმაურა ოთხშაბათს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა უკვე დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს:

„ეს სამუშაო ჯგუფი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე, აბსოლუტურად ღია იქნება. ყველას მიეცემა საშუალება, - იქნება ეს NGO-სექტორი, უცხოელი თუ ადგილობრივი სპეციალისტები, პარლამენტი, მთავრობა, – რომ დასხდნენ და ერთად შევიმუშაოთ, თუ რომელი მოდელი აჯობებს, თუ რომელი მოწყობა იქნება ყველაზე ოპტიმალური ჩვენი რეალობისთვის. შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოიყოს ცალკე, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე. ამას სჭირდება ახლა კარგი დაგეგმარება. როდის, რა ფორმით მოხდება, ამას სამუშაო ჯგუფი მოამზადებს რეკომენდაციებს, წინადადებებს, რომლებსაც შემდეგ განიხილავს მთავრობა და გადაეგზავნება პარლამენტს“.

აუცილებელია შინაგან საქმეთა სისტემიდან გამოიყოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური, ახალი შინაარსით, სტრუქტურით, ფორმით, ოპტიმალური რაოდენობის კვალიფიციური თანამშრომლებით...

პრემიერ-მინისტრის მიერ გახმაურებულ ინიციატივაში, შეიძლება ითქვას, ახალია მხოლოდ ფართომასშტაბიანი მსჯელობის წარმოწყების გეგმა, ხოლო საკმაოდ ძველია ძირითადი მიზანი, იმის გათვალისწინებით, რომ ჭარბი, უკონტროლო უფლებებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გათავისუფლება ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში ჩაიწერა კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირებათა ნუსხაში. ეს დაპირება მმართველ კოალიციას 28 ნოემბერს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დღეს, სხდომათა დარბაზის ტრიბუნიდან შეახსენა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა. კონტექსტი იყო ის, რომ გაუმართლებელია ფარულ მოსმენებთან პირდაპირი წვდომის გასაღების ჩაბარება ისეთი სისტემის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორიც დღეს მოქმედებს:

„აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნა საშინაო საქმეთა სამინისტროდ და სამოქალაქო სამსახურად ჩამოყალიბება, რომელიც მმართველობას განახორციელებს საშინაო პოლიტიკის ნიშვნელოვან სფეროებში; აუცილებელია პოლიციის საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის უზრუნველყოფა; აუცილებელია შინაგან საქმეთა სისტემიდან გამოიყოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები და შეიქმნას ერთიანი დამოუკიდებელი უსაფრთხოების სამსახური, ახალი შინაარსით, სტრუქტურით, ფორმით, ოპტიმალური რაოდენობის კვალიფიციური თანამშრომლებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი უნდა ამტკიცებდეს სახელმწიფოს უმაღლესი პირის წარდგინებით და ასე შემდეგ. ამას დავპირდით ჩვენს ხალხს, მეგობრებო!“

წინასაარჩევნო დაპირებებზე დაფუძნებულ და პრემიერ-მინისტრის მიერ 10 დეკემბერს გააქტიურებულ საკითხს სკეპტიკურად გამოეხმაურა ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის იყო, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი:

„თავის დროზე ჰქონდათ მათ დაპირება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახურები გაემიჯნათ ერთმანეთისგან, მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამთ აქეთ. არავითარი რეფორმა არ ყოფილა 2 წლის მანძილზე. კუდს რომ სუსს დაარქმევ, ეს არ არის რეფორმა. ახლა რას აპირებენ, ჯერ უნდა ინახოს და ამის კონცეპტუალური დასაბუთება უნდა იქნეს შემოტანილი პარლამენტში, რომ განვიხილოთ, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი“.

იმის მიზეზად, თუ რატომ არ შესრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებული დაპირება, პრემიერ-მინისტრმა დაასახელა „ძალიან რთული გამოწვევების“ არსებობა და განაცხადა, რომ სამი არჩევნების ჩატარების პირობებში, „ორწლიან გარდამავალ“ პროცესში შეუძლებელი იყო შს სამინისტროს რეფორმირება.

მესამე სექტორის წამყვანი ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში თავმოყრილია განუზომლად დიდი უკონტროლო უფლებამოსილება და რომ ეს დიდი პრობლემაა. თუმცა როგორც პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, რეფორმა ვერ იქნება წარმატებული, თუკი არ იარსებებს ხელისუფლების რეალური ნება და არ გაძლიერდება მაკონტროლებელი მექანიზმები:

კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია

„თითონ გაყოფა-გამოყოფა იმდენად პრობლემა არ არის... მთავარია, რამდენად კონტროლირებადი იქნება ეს ინსტიტუტები და რამდენად ექვემდებარებიან ისინი საპარლამენტო ზედამხედველობას, როგორი ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან და საფრთხეს ხომ არ ქმნიან თავიანთი სიძლიერით“.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მხოლოდ უშიშროების სტრუქტურების გამოყოფის პერსპექტივას, სხვა ცვლილებების გარეშე, არასაკმარისად მიიჩნევს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე:

„მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს პრევენციული ფუნქციები და საგამოძიებო ფუნქციები; მნიშვნელოვანია გაიზარდოს ანგარიშვალდებულების სისტემა და ის ბუნდოვანებები და დუბლირებები, რაც სხვადასხვა სტრუქტურას ახასიათებს, აღმოიფხვრას“.

ამასთან, ვახუშტი მენაბდეს არ წარმოუდგენია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება პროკურატურის რეფორმირების გარეშე, რადგანაც, მისი თქმით, პროკურატურა დღეს, ფაქტობრივად, მთლიანად არის დამოკიდებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე. ექსპერტის აზრით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების საკითხი ერთ მთლიანობად უნდა იყოს განხილული.

XS
SM
MD
LG