Accessibility links

logo-print

მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება ლარის კურსის ცვლილებების შესახებ


საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება ლარის კურსის ბოლოდროინდელი ცვლილებების შესახებ. განცხადების თანახმად, ეროვნული ვალუტის მცურავი კურსის დროებითი ცვლილება გამოწვეულია სამი ძირითადი ფაქტორით - მეზობელ, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტის მნიშვნელოვანი დევალვაციით, ბოლო თვეებში იმპორტის გამო გაზრდილი სავალუტო გადინებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების შემცირების გამო ექსპორტით ვერ დაბალანსდა და ლარის კურსის მიმართ ნეგატიური მოლოდინის შექმნით, რასაც ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა. „ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული ფაქტორების პარალელურად, ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ იზრდება და მეტიც, გასულ თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დააფიქსირა ფასების კლება“ - ნათქვამია განცხადებაში. მთავრობის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე რეალურად არსებული ყველაზე მწვავე პრობლემა ეფუძნება სასესხო პორტფელის გადაჭარბებულ დოლარიზაციას, რის გამოც მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავენ კომპლექსური ზომების გატარებას. კერძოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების პორტფელი, მნიშვნელოვნად შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე და ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტის მიმართაც. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებითვე, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით. „შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული, ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG