Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარიზაციის ათპუნქტიანი გეგმის შესახებ


ავტორი: ირინა გურული

მთავრობის 10-პუნქტიანი ლარიზაციის გეგმის ოფიციალური და დაზუსტებული ვერსია ხელისუფლებას ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ცალკეულ საკითხებზე კომენტარებმა ცხადყო, რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

ამ ნაბიჯებს შორის პირველი არის ონლაინსესხებზე შეზღუდვების დაწესება. პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით, მედია ჯერ ამბობდა, რომ ონლაინსესხები მთლიანად აიკრძალებოდა, შემდეგ შეზღუდვებზე დაიწყო საუბარი, თუმცა რას გულისხმობს ეს შეზღუდვები, ჯერჯერობით დაზუსტებით და ოფიციალურად ცნობილი არ არის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ, პირობითად, შეიძლება სესხის ძირის ორმაგ ოდენობაზე მეტი არ იქნეს დაკისრებული პროცენტების სახით.

სამაგიეროდ, ცნობილია მეორე გადაწყვეტილება, რომელიც ბანკებიდან აღებულ სესხებს ეხება, კერძოდ:

100 ათას ლარამდე სესხი გაიცემა მხოლოდ ლარში, ხოლო ის ფიზიკური პირები, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული, ვალის ლარში გადატანას შეძლებენ.

2015 წლის 1 იანვრამდე აღებული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები პირველი იანვრიდან კონვერტირდება შეღავათიანი კურსით (მაგალითად, დღევანდელი 2.53-ის ნაცვლად,, 2.30-ის ნიშნულით). ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ლარში გადავა, დაახლოებით, 33 000 სესხი. შეღავათი ფიზიკურ პირებსა და ინდ. მეწარმე მსესხებლებსაც ეხებათ. პრემიერის განცხადებით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც კი ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე. მისი თქმით, დამატებით 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს.

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსია მსესხებლების შეღავათზე აკეთებს აქცენტს და არაფერს ამბობს იმ დამატებით ფასზე, რისი გადახდაც მსესხებელს მოუწევს: დღეს დოლარში კრედიტის გამოტანა 7,5 %-ით შეგიძლიათ. ლარში სესხის ფასი, ლარის მნიშვნელოვან ვარდნამდე, 11 % იყო, ახლა არ არის დაზუსტებით ცნობილი, რამდენ პროცენტში მოახდენენ ბანკები სესხის „კონვერტირებას“. ცნობილია ასევე, რომ 2017 წლიდან მსესხებლები ვეღარ შეძლებენ 10 000 ან 20 000 და მეტი (100 000 ლარზე ნაკლები ღირებულების) სესხის აღებას დოლარში, ანუ 7,5 %-ში და იძულებული იქნებიან ის ლარში აიღონ მაშინაც კი, როცა ლარი სტაბილური იქნება, შესაბამისად, აიღონ 11 %-ად ან მეტად. ეს ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო მსესხებლებისთვის, რეალურად, სესხი ძვირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 6 თვის შედეგების ფონზე ურჩევდა ხელისუფლებას გაეკეთებინა ორიდან ერთი რამ: ან მნიშვნელოვნად შეეკვეცა საბიუჯეტო დაფინანსება, რასაც მხოლოდ ხელფასების შეკვეცა არ ეყოფოდა და ყველაზე მსხვილი სოციალური ხარჯების გადახედვაც უნდა მოჰყოლოდა, ან გაეზარდა გადასახადები. ჩვენმა ხელისუფლებამ მეორე გზა აირჩია. მისასალმებელია, რომ, ამასთან, სოფლის მეურნეობის ნაკლებეფექტიანი პროექტები და საბიუჯეტო დაფინანსების 10 %-იანი შემცირებაც დაანონსდა, თუმცა მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს შემცირება არა საყოველთაოდ ხელფასებს, არამედ საპრემიო ფონდებსა და მსგავს ხარჯებს შეხებოდა. სამაგიეროდ, ცნობილია კიდევ ერთი ნაბიჯი ლარიზაციისკენ: იზრდება აქციზი ლუდზე, სიგარეტზე, ავტომანქანებზე, საწვავზე. ეს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუძვირებს რიგით მოქალაქეებს, რომელთაც გაეზრდებათ მოთხოვნა ლარზე, და მსხვილ გადამხდელებს, რომელთაც ლარში უნდა გადაიხადონ გადასახადი. შესაბამისად, ეს მოთხოვნა ლარის კურსს დადებითად წაადგება და, წესით, ის, მართლაც, უნდა დასტაბილურდეს - გადასახადების, კრედიტების, პროდუქციის გაძვირების ხარჯზე. რამდენად აისახება ეს ყველაფერი მთლიანად ეკონომიკაზე, ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG