Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი ნაბიჯი ნდობის გამოცხადების გზაზე


ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა

24 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მხარი დაუჭირეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, რომელიც 2016-2020 წლებზეა გათვლილი. საკომიტეტო მოსმენებზე მწავე კამათი გაიმართა როგორც მინისტრობის ცალკეულ კანდიდატებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს, ასევე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის. როგორ აპირებს მთავრობის განახლებული გუნდი სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევას და რატომ არ სჯერა მისი საპარლამენტო ოპოზიციას?

პირველი ნაბიჯი ნდობის გამოცხადების გზაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:06:32 0:00
გადმოწერა

„ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 12-მა დეპუტატმა. ორი იყო წინააღმდეგი, ათმა მხარი დაუჭირა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას“, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შემდეგ, კენჭისყრის თითქმის ანალოგიური შედეგები გამოაცხადეს ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და უშიშროებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა, თუმცა კენჭისყრამდე მინისტრობის კანდიდატებმა წარადგინეს პროგრამები და სამოქმედო გეგმები. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ვრცლად ილაპარაკა დნმ-ის ბანკის შექმნის მნიშვნელობაზე, უსაფრთხო ქვეყნის კონცეფციაზე, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნის აუცილებლობაზე, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის მიზანია საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა. მინისტრმა ილაპარაკა ასევე მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე:

„მაღალი ტექნოლოგიები და განვითარება საჭიროა იმისთვის, რომ კრიმინალთან ბრძოლა კიდევ უფრო წარმატებით გაგრძელდეს. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ამოვიღეთ უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი, 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერება, 1482 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, რაც კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის პრევენციაა“.

გიგა ბოკერია
გიგა ბოკერია

თუმცა პასუხად გიორგი მღებრიშვილს მოუწია ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მოსმენა. დეპუტატ გიგა ბოკერიას თქმით, მინისტრის მოხსენებაში აღწერილი ვითარება მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისგან:

„გისმენდით და თქვენ ერთი სიტყვით არ გიხსენებიათ კრიმინალის ზრდა, ტერორიზმი, პოლიტიკურად მოტივირებული ან სიძულვილით გამოწვეული დანაშაული. არ გიხსენებიათ არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ჩვენი მოქალაქეების მოტაცება და არც ოთხოზორიას საზარელი მკვლელობა, რომელიც გადაღებულია ფირზე. მე დავინტერესდი ერთი ასპექტით: არის თუ არა მის მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ინტერპოლის ძებნილთა სიაში. აღმოჩნდა, რომ არ არის! რატომ არ სცადეთ? არ გაღელვებთ თუ არ იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ თუ მაინცდამაინც ივანიშვილის პირადი ოპონენტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ინტერპოლით ძებნა გამოაცხადოთ?“

გიგა ბოკერიას ამ კითხვის პასუხად გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით და ინტერპოლი მალე გამოაცხადებს ძებნას მკვლელობაში ეჭვმიტანილზე. რაც შეეხება დანაშაულის ზრდას:

„თავის მართლებას არ ვაპირებ, პირდაპირ გეუბნებით, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის და შესაბამის რიცხვებს მე წარმოგიდგენთ, თუ თქვენ მეტყვით, რა ნაწილშია გაზრდილი კრიმინალი“.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს ასევე თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებს, რომლებმაც თითქმის ნახევარი საათი ილაპარაკეს თავიანი უწყებების წარმატებებსა და გეგმებზე. მწვავე კამათი მოჰყვა იუსტიციის მინისტრის გამოსვლას. ერთმანეთს დეპუტატი ელენე ხოშტარია და მინისტრი თეა წულუკიანი დაუპირისპირდნენ.

ელენე ხოშტარია: „ქალბატონო თეა, თქვენ გამოირჩეოდით განსაკუთრებული ენთუზიაზმით „რუსთავი ორის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდში, როცა მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ შეფასდა როგორც მართლმსაჯულებისა და მედიის თავისუფლების ხელყოფა - ეს გადაწყვეტილება თქვენ შეაფასეთ, როგორც ნოვატორული და ურთმელიძეს მოუწონეთ ტესტის ჩაბარება. მან მართლა ჩააბარა ტესტი, ოღონდ თქვენ გეშლებათ. ტესტებს მოსამართლეები უნდა აბარებდნენ საზოგადოებისა და კანონის წინაშე და არა ბიძინა ივანიშვილის ან თქვენს წინაშე. ამიტომ, ეგებ განმარტოთ, რას გულისხმობდით?“

თქვენ გააცოცხლეთ ეს ხალხი, თქვენ შეუწყვეთ ხელი ამათ გათეთრებას, შემოყვანას და დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში, თორემ დღეს არ იქნებოდნენ წარმოდგენილი 27 დეპუტატით. ეს არის ტრაგედია...
ირმა ინაშვილი

თეა წულუკიანი: „ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ. მე თქვენ არც ბავშვობის დროს გეჯიბრებოდით ძველბიჭობაში, გახსოვთ ეს, მე წიგნს ვკითხულობდი, არც ფეხბურთში გეჯიბრებოდით... „რუსთავი ორის“ ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგის. სასამართლოშია ეს დავა და ყველამ თავის ადვოკატს და მის დაცვასა და გაძლიერებას უნდა მიხედოს“.

მინისტრობის კანდიდატებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების კამათში პერიოდულად ერთვებოდა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც ნიშნის მოგებით თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიმსახურა კრიტიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან:

„თქვენ გააცოცხლეთ ეს ხალხი, თქვენ შეუწყვეთ ხელი ამათ გათეთრებას, შემოყვანას და დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში, თორემ დღეს არ იქნებოდნენ წარმოდგენილი 27 დეპუტატით. ეს არის ტრაგედია“.

ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ კრიტიკა დაიმსახურა კულტურისა ადა ძეგლთა დაცვის მინისტრმა, რომელსაც ბრალი დასდეს საყდრისის მაღაროს აფეთქებაში, თუმცა მინისტრმა გიორგაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი არ დაურღვევია და თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს ასევე მთავრობის ეკონომიკური პროფილის წევრებს. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს კერძო სექტორის გაძლიერებისკენ, რადგან მან უნდა შექმნას სამუშაო ადგილები და შეიტანოს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის სწრაფ ზრდაში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობას.

კომიტეტების მხარდაჭერის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წევრობის კანდიდატები 25 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს, 26 მაისს კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG