Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: მედია იტყუება, ჭიკაიძე მუშაობს


 ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობა არ იზიარებს საზოგადოების წუხილს კრიმინალური ვითარების გაუარესების გამო. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ვითარებას ხელოვნურად ძაბავს მედია, რომელიც ყველა დანაშაულს ისტერიული ტონით აშუქებს, თუმცა, ამ განცხადების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაინც დაავალა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს შეიმუშაონ კანონებში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიზანი დანაშაულის პრევენცია და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებაა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ტელევიზიები, დანაშაულის გაშუქებისას, მიზანმიმართულად აზვიადებენ შექმნილ კრიმინალურ ვითარებას, რომელიც, პრემიერ-მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევის წყალობით, აბსოლუტურად სტაბილურია:

„ვხედავ იმ ისტერიკას, რომელიც ტელევიზიებში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება ამ თემების აწევა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველოში კრიმინალური ვითარება არის აბსოლუტურად სტაბილური და ჩვენი სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად იყოს კონტროლის ქვეშ. მიუხედავად ამისა, ის, რაც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში, მაინც არის ძალიან მძიმე. ეს არ არის სასურველი და სასიამოვნო. მინდა მივუსამძიმრო იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, მაგრამ, ძვირფასებო, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება დანაშაული“.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ არა მხოლოდ შს სამინისტრო და პროკურატურა იყოს ამ პროცესში ჩართული, არამედ მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის როლი. სამწუხაროდ, ბოლო დროს შეინიშნება მსუბუქი სასჯელების გამოყენება მძიმე დანაშაულებთან მიმართებით...
უჩა ნანუაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების განცხადებით, კრიმინალური ვითარების სტაბილობაზე მეტყველებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის აგვისტოს მსგავსად, 2011 წლის აგვისტოშიც 11 მკვლელობა მოხდა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, დანაშაულის მატების განცდა მედიის აქტიურობამ გამოიწვია:

„დღეს ამ მკვლელობებსა და დანაშაულს აქვს 100%-იანი გაშუქება. ბუნებრივია, როდესაც მაყურებელი ისმენს ინფორმაციას ყველა იმ დანაშაულის შესახებ, რაც ხდება ქვეყანაში, მისი აღქმა უფრო გამძაფრებულია. მე ვეყრდნობი სტატისტიკას! არ მაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანო, რომ ის გაყალბებულია“.

თუმცა სწორედ სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს ოპოზიცია ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება იმის სიგნალია, რომ ხელისუფლება არ აპირებს არც მიდგომის და, შესაბამისად, არც ვითარების შეცვლას:

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ არ აპირებს ჭიკაიძის გადაყენებას და მოსწონს მისი მუშაობა, ნიშნავს იმას, რომ თავის სიმამრის მეგობრის შვილის კეთილდღეობა ამჯობინა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს“.

გახშირებული მკვლელობის გამო შეშფოთება გამოთქვა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომლის თქმითაც, მნიშვნელოვანია როგორც დანაშაულთან ბრძოლა, ასევე მისი პრევენცია:

„მნიშვნელოვანია როგორც დროული და ობიექტური გამოძიება ყველა მსგავსი ფაქტისა, ასევე პრევენციული ზომების გატარება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ არა მხოლოდ შს სამინისტრო და პროკურატურა იყოს ამ პროცესში ჩართული, არამედ მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის როლი. სამწუხაროდ, ბოლო დროს შეინიშნება მსუბუქი სასჯელების გამოყენება მძიმე დანაშაულებთან მიმართებით“.

უჩა ნანუაშვილის წინამორბედი და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში კი მიიჩნევს, რომ მედია აკეთებს თავის საქმეს, ისევე როგორც წინა წლებში აკეთებდა, ხოლო ხელისუფლება თვალს ვერ უსწორებს სინამდვილეს, რომლის შემოქმედი თავადაა.

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

„არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ შენ გაატარო ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, ამავდროულად, უპრეცედენტო მასშტაბის ამნისტია განახორციელო და ამის შემდეგ ელოდო, რომ კრიმინალის მასშტაბი დარჩება იმავე დონეზე, რაც იყო მანამდე. ეს არის წარმოუდგენელი და ალოგიკური. გავიხსენოთ ისიც, რომ როდესაც ამნისტია განხორციელდა, რაც იყო პოლიტიკური დანაპირები, ხელისუფლებამ დაუშვა ის, რომ კრიმინალი გაიზრდებოდა. მაშინ ითქვა, რომ ამას უნდა შევეგუოთ და გაგებით მოვეკიდოთ“, უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს კრიმინალური ვითარების გაუარესების ფაქტს, პრემიერ-მინისტრმა მაინც დაავალა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს პრევენციის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანა. თეა წულუკიანის თქმით, პირველ რიგში, საუბარია იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებაზე.

მოქმედი კანონით, ცეცხლსასროლი იარაღის, მაგალითად, პისტოლეტის შეძენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვანს, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, დასაფიქრებელია. გაზეთ „ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში იზორიამ ამასთან დაკავშირებით ასევე განაცხადა:

„ჩემი მოსაზრებით, ასაკობრივი ცენზი უნდა აიწიოს. მეორე, არც ერთი პირი არ გადის შესაბამის მომზადებას. თუ პირი არ არის ნასამართლევი და მიიტანს ჯანმრთელობის ცნობას ან მის ნაცვლად მართვის მოწმობას, შეუძლია ფლობდეს ცეცხლსასროლ იარაღს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, პირი, რომელიც კანონიერად ფლობს იარაღს, დანაშაულისთვის იყენებს მას. სწორედ ამიტომ, არსებობს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც უწყებებსაც დავუგზავნეთ და მთავრობას ერთ კვირაში წარვუდგენთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აპირებს პატრულის ეკიპაჟების და უბნის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG