Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანონი, რომელმაც მთას უნდა უშველოს


სვანეთი
სვანეთი

სახელმწიფო კომისია ასრულებს მუშაობას კანონზე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. კომისიის წევრების თქმით, სახელმწიფო იწყებს მთიანი რეგიონების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას. კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და იქ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად მომდევნო თვეში გადაეგზავნება.

46 წლის ნინო წიკლაური ქმარსა და 12 წლის შვილთან ერთად სოფელ მუგუდაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ცხოვრობს. ის მათემატიკის მასწავლებელია. მის შვილს, გეგის, მხოლოდ ორი თანაკლასელი ჰყავს. ნინო ამბობს, რომ ძნელია მთაში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთარში, და ვერც ამტყუნებს იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებლად ქალაქში გადადიან და იქ ცდილობენ დამკვიდრებას.

„ჩვენს სკოლას, მაგალითად, კი ემსახურება მიკროავტობუსი, მაგრამ ხშირად ის ყველა ბავშვის სახლთან ვერ მიდის და ამის გამო ბავშვებს შეიძლება კილომეტრების გავლა მოუწიოთ ფეხით. ფაქტია, რომ გადაჰყავთ ჩვენი სკოლიდან ბავშვები, ქალაქში გადადიან“, - ამბობს ნინო.

ჩვენს სოფელში არის მხოლოდ საკრებულო და სკოლა. მეტი სამსახური არ არის. აქ შესაძლებელია ისეთი ფაბრიკები გაკეთდეს, სადაც ხალხი დასაქმდება. აქ ხალხი მესაქონლეობით ცხოვრობს...
ნინო წიკლაური

კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ხალხი მთას ტოვებს, ნინოს თქმით, უმუშევრობაა. ნინოს ხელფასი მხოლოდ 300 ლარია. მისი ქმარი ხეზე მუშაობს, ხის ნაკეთობებს ყიდის და ამით არჩენს ოჯახს. არადა, სამუშაო რომ არსებობდეს, ვის უნდა საკუთარი სახლ-კარიდან აყრაო, ჩივის ნინო:

„ჩვენს სოფელში არის მხოლოდ საკრებულო და სკოლა. მეტი სამსახური არ არის. აქ შესაძლებელია ისეთი ფაბრიკები გაკეთდეს, სადაც ხალხი დასაქმდება. აქ ხალხი მესაქონლეობით ცხოვრობს. შეიძლება გაკეთდეს ან რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ან მატყლის. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება იმისათვის, რომ ხალხი დასაქმდეს. ხალხს სამსახურები არ აქვთ და იძულებულნი არიან აქედან წავიდნენ“.

უმუშევრობის დაძლევა და მთაში ბიზნესის გააქტიურების ხელშეწყობა იქნება მთავარი პრიორიტეტი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონისა, რომელზეც უკვე ერთი წელია მუშაობს სპეციალური სახელმწიფო კომისია და, მათ შორის, მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული. როგორც ის ამბობს, ახალი კანონი იქნება ორიენტირებული არა სოციალურ დახმარებაზე, როგორც არსებული და, მისი სიტყვით, მკვდრადშობილი კანონი, არამედ სწორედ იმაზე, რაზეც ნინო წუხდა: ახალმა კანონმა მთაში ბიზნესის გააქტიურებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ეს პროექტი ითვალისწინებს სოციალურ დახმარებას, მაგრამ, უპირველესად, ის არის ბიზნესზე ორიენტირებული, ბიზნესგარემოს ხელშეწყობაზე ორიენტირებული. მეწარმეები მთით ინტერესდებიან ხოლმე, როგორც კი მთაში მათთვის რაღაც განსაკუთრებული პირობა იქმნება. ამ კანონპროექტში ჩადებულია ისეთი ვარიანტი, რომ თუკი მთის რეგიონში, მთის რესურსების გამოყენებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით ადგილზე შეიქმნება წარმოება, აი ეს შეღავათები და ხელშეწყობა უნდა იყოს სწორედ მათზე გათვლილი“, - ამბობს კობა არაბული.

შატილი
შატილი

კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ - უფრო ზუსტად კი, კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ - ჯერ კიდევ 1999 წელს დაამტკიცა საკანონმდებლო ორგანომ. თუმცა, კობა არაბულის სიტყვებით, კანონმა ვერანაირი მოლოდინი ვერ გაამართლა. მისი თქმით, კანონმა ვერ შეაჩერა მთის მოსახლეობის მიგრაცია და, შედეგად, დღეს საქართველოში ათობით სოფელი მთლიანად დაცლილია, კიდევ 500-მდე სოფელში კი მხოლოდ თითო-ოროლა ოჯახი ცხოვრობს. ისიც უნდა ითქვას, რომ დღესდღეობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი ცხოვრობს მთიან სოფლებში, რადგან 2002 წელს ჩატარებული აღწერის შემდეგ მსგავსი აღწერა დღემდე აღარ ჩატარებულა. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 სექტემბერს მაღალმთიან რეგიონებში აღწერა დაიწყო და ის 29 სექტემბრამდე გასტანს. სწორედ ამის შემდეგ ექნება საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა მაღალმთიანი რეგიონების სოფლებში.

მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ახალ კანონზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და დამუშავების პროცესში ჩართულნი არიან როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კობა არაბული რადიო თავისუფლებასთან საუბარში განსაკუთრებულ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამჯერად სწორედ სახელმწიფო გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, რომ ის მთიანი რეგიონების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას იწყებს.

„ამდაგვარი სიტყვები არასოდეს არც ერთი რეგიონის და არც ერთი უბნის მისამართით ჩვენს კანონმდებლობაში არ გაკეთებულა“, - ამბობს კობა არაბული.

რა თქმა უნდა, ჰიფსომეტრიული პარამეტრი, როგორც ერთ-ერთი საზომი, დარჩება, მაგრამ შემდეგი საზომი იქნება დემოგრაფიული საზომი - როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ასევე დასაქმების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა. კიდევ ერთი კრიტერიუმი აგროკლიმატური სიტუაცია გახლავთ...
ზაქარია ქუცნაშვილი

ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც, კობა არაბულის თქმით, კანონში უნდა შევიდეს, მთაში მცხოვრებთა საპენსიო ასაკის ხუთი წლით დაწევას გულისხმობს. ანუ მთაში მცხოვრები ქალების საპენსიო ასაკი 55 წლით განისაზღვრება, კაცები კი პენსიას 60 წლის ასაკიდან მიიღებენ.

მაღალმთიანი დასახლების კანონზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლების დილის ეთერში იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რითაც საქართველოს მაღალმთიანეთის სტატუსი განისაზღვრება. როგორც კობა არაბული, ისე ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად მხოლოდ ჰიფსომეტრიული პარამეტრი, ანუ ზღვის დონიდან 1000 მ. სიმაღლე არ იქნება საკმარისი. ასევე, არსებული კანონისგან განსხვავებით, ახალ კანონში აღარ იქნება გაწერილი სოფლების ნუსხა.

„რა თქმა უნდა, ჰიფსომეტრიული პარამეტრი, როგორც ერთ-ერთი საზომი, დარჩება, მაგრამ შემდეგი საზომი იქნება დემოგრაფიული საზომი - როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით. ასევე დასაქმების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა. კიდევ ერთი კრიტერიუმი აგროკლიმატური სიტუაცია გახლავთ: რა აგროკლიმატური პირობებია კონკრეტულ დასახლებაში - მკაცრი, რბილი, საშუალო. ასევე საინფორმაციო და სატრანსპორტო კომუნიკაციების მდგომარეობა. საქართველოს მაღალმთიანეთში ყველგან არ არის სატელეფონო და ინტერნეტწვდომა, სატელევიზიო სიგნალი და სხვა“, - განმარტავს ზაქარია ქუცნაშვილი.

ამჟამად კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ დამუშავების პროცესშია. მაღალმთიანი დასახლების კანონზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა ორი კვირის წინ ყაზბეგში შედგა. კობა არაბულის თქმით, კომისიის წევრები შეთანხმდნენ კანონპროექტის ძირითად პარამეტრებსა და სამოქმედო პროგრამაზე. მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად ოქტომბერში გადაეგზავნება.

XS
SM
MD
LG