Accessibility links

logo-print

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. 23 თებერვალს მათ წერილით მიმართეს პარლამენტს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ სხვა რეგიონის ის სოფლებიც, რომელთა მცხოვრებლების აზრითაც, მათი სოფლები ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მიეღოთ. რა კრიტერიუმებით მოხდა სოფლებისთვის სტატუსის მინიჭება და იგეგმება თუ არა სტატუსმინიჭებული სოფლების სიის გადახედვა?

48 წლის გოჩა მჭედლური თბილისში, პარლამენტის შენობასთან, თანასოფლელებთან ერთად, სოფელ ზემო საკრამულოდან ჩამოვიდა. ის და მისი თანასოფლელები იმას წუხან, რომ, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, მათი სოფელი იმ 1600-მდე დასახლების მიღმა აღმოჩნდა, რომლებიც, ე.წ. მთის კანონის მიხედვით, 2016 წლიდან მთელი რიგი სოციალური შეღავათებით ისარგებლებენ. სოფლები ზემო და ქვემო საკრამულო, დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზევით მდებარეობს. წლების წინ ორივე სოფელი 120 კომლს აერთიანებდა, დღეს კი, გოჩა მჭედლურის თქმით, ზემო საკრამულოში მხოლოდ 7 ოჯახიღაა დარჩენილი:

„სოფელი ცარიელდება და ხალხი ემიგრაციას ეძლევა. არც დასაქმებულები ვართ. ჩვენი დასაქმება ის იქნება, რომ ნორმალური პირობები შეგვექმნას. ჩვენი დასაქმება მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. სხვაგან სამუშაოდ სიარული დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამის საშუალება არ გვაქვს. მთლიანი სოფლიდან 5-6 კაცი თუ იქნება დასაქმებული“.

ყველა სოფელი ვიცი. არღუნიც ვიცი, საკრამულიც ვიცი. ზუსტად დღეს დილით შემომიტანეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და მთის კანონის ერთ-ერთი ავტორის, თენგიზ შერგილაშვილის, წერილი იმის შესახებ, რომ მიღებულია ჩემი წერილი და აუცილებლად განიხილავენ ამ წერილს ჩვენთან ერთად უახლოეს პერიოდში...

გოჩა მჭედლურმა და მასთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის კიდევ რვა სოფლის წარმომადგენლებმა 23 თებერვალს პარლამენტის კანცელარიაში დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატისა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ტრიპოლსკის სახელზე წერილი შეიტანეს. ისინი წერილში იმედს გამოთქვამენ, რომ მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მთის განვითარების ეროვნულ საბჭოში ცხრა სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს დასვამს.

„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ამბობს, რომ ის სოფლები, რომელთა წარმომადგენლებმაც პარლამენტში წერილი მიიტანეს, 2016 წლამდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ატარებდნენ. პაატა ჯიბლაძის თქმით, სოფლები, რომლებიც ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ იმისათვის, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ჰქონდეთ, დღეს დაცლის საშიშროების წინაშე დგანან:

„სოფელ საკრამულოში შარშან ერთი ბავშვი დაიბადა, ისიც 40 წელს გადაცილებულ ოჯახს შეეძინა. გესმით, რა ხდება? თუკი 70-იან წლებში საკრამულოს საჯარო სკოლაში იმდენი ბავშვი სწავლობდა, რომ პარალელური კლასები იყო გახსნილი, დღეს იქ თითო კლასში ორი-სამი ბავშვი ან ზის და ან არა. კატასტროფაა და, უპირველეს ყოვლისა, ამ სოფლებისთვის უნდა გაეწიათ შეღავათი, რომ ჯერ კიდევ სადაც ცხოვრობენ ადამიანები, ის სოფლებიც არ დაიცალოს“.

დუშეთის რაიონში სულ 290 სოფელია. მათგან 240 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ამ სტატუსს მიღმა, გარდა იმ ცხრა სოფლისა, რომლებმაც 23 თებერვალს პარლამენტში წერილი შეიტანეს, კიდევ 20 სოფელი დარჩა. დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ დარჩნენ ეს სოფლები სტატუსს მიღმა. მისი ერთ-ერთი ვარაუდის მიხედვით, შესაძლოა, სათანადოდ ვერ შეისწავლეს ეს სოფლები. სწორედ ამიტომ, ირაკლი ტრიპოლსკი ამბობს, რომ მან უკვე მიმართა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს წერილით, რათა სოფლებს, რომლებიც ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალმთიანი სოფელი, ეს სტატუსი მიენიჭოთ:

„ყველა სოფელი ვიცი. არღუნიც ვიცი, საკრამულიც ვიცი. ზუსტად დღეს დილით შემომიტანეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისა და მთის კანონის ერთ-ერთი ავტორის, თენგიზ შერგილაშვილის, წერილი იმის შესახებ, რომ მიღებულია ჩემი წერილი და აუცილებლად განიხილავენ ამ წერილს ჩვენთან ერთად უახლოეს პერიოდში“.

აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობა არ ითხოვს. ამასვე ითხოვენ, მაგალითად, ტყიბულის რაიონის თხუთმეტი სოფლის მკვიდრნი. ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს სტატუსის მინიჭების მოთხოვნით ასევე ზემო და ქვემო ნიქოზის მცხოვრებლებმა. მთის ეროვნული საბჭოს მიერ გამოტანილი დადგენილების მიხედვით, 2016 წლის პირველ აპრილამდე მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე სოფლებისა და დაბების ნუსხაში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

სვანეთი

სვანეთი

რაც შეეხება იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც მიენიჭათ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, კანონში „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მდგომარეობის, კლიმატური პირობების, სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმცირის, დემოგრაფიული მდგომარეობის, გამწვავებული მიგრაციული პროცესებისა და კიდევ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს ადგილს, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გარდა ამისა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ავტომატურად მიენიჭა 1500 მეტრზე ზემოთ დასახლებულ ტერიტორიებს. ასევე ავტომატურად მიენიჭა ეს სტატუსი ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებს, როგორიცაა: სვანეთი, მაღალმთიანი რაჭა, გურია, მთიულეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, პანკისი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის მიხედვით, იმ დასახლებებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მაღალმთიან სტატუსს ატარებენ, გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური შეღავათები. 2016 წლის პირველი იანვრიდან, კანონის მიხედვით, მთაში დაბადებულ ყველა ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს ასლარიან დახმარებას ერთი წლის მანძილზე. 2016 წელს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მცხოვრებთა პენსია 56 ლარით იზრდება და, ჯამში, 216 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მთიანი რეგიონებისათვის იგეგმება ელექტროენერგიისა და გათბობის შეღავათების პროგრამის ამოქმედება. კანონის თანახმადვე, გაიზრდება სოფლის პედაგოგებისა და ექიმების ხელფასი.

ირაკლი ტრიპოლსკის თქმით, პრემიერ-მინისტრთან არსებულ მთის და რეგიონების განვითარების დეპარტამენტში უახლოეს მომავალში შეიქმნება პირველი მოადგილის შტატი, თავისი აპარატით, რომელიც უზრუნველყოფს მთის კანონის აღსრულებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG