Accessibility links

logo-print

მთის კურორტების განვითარებაში სოსო ჯაჭვლიანი ჩაერთვება


სოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე და სწორედ ამის გამო იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს" დაფუძნდება,რომელსაც ამჟამინდელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იკვეთება თუ არა ამ დანიშვნაში კორუფციის რისკი და არსებობს თუ არა მთის კურორტების განვითარების ერთიანი ხედვა?

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში შეიქმნას სახელმწიფო შპს, რომელსაც არჩევნების შემდეგ ამჟამად „ქართულ ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.

„განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ კომპანიას უხელმძღვანელოს ბატონმა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი. მას აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება. მოგეხსენებათ, არის კინორეჟისორიც და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ მოკლე დროში იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რომელიც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელს. ბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვა მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მცხოვრებთა ინტერესები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნეს. ალბათ, სოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების ძალიან საინტერესო პერიოდი გველოდება და დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ამ ინიციატივას და პარტნიორად მოგვევლინება ამ განვითარების პროცესში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

სოსო ჯაჭვლიანის სამენეჯერო გამოცდილებაზე რომ არაფერი ვთქვთ, პრემიერ-მონისტრის ამ ინიციატივაში კორუფციის საფრთხე შენიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი კორუფციული საფრთხე ის არის, რომ ეს კომპანიები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მმართველ პარტიასთან ან მთავრობასთან დაკავშირებული პირების „დაჯილდოების“ ინსტრუმენტად შეიძლება იქცნენ ნაცვლად იმისა, რომ მათი საქმიანობა ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ამოცანების შესრულებისკენ იყოს მიმართული“.

და „სახელმწიფო კომპანიის სწორედ ამგვარ ინსტრუმენტად გამოყენების ეჭვს აჩენს ბატონი ჯაჭვლიანის წარდგენა ხსენებულ თანამდებობაზე, რადგან გაურკვეველია, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ის საქართველოს მთავრობამ. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დავით საგანელიძის, დანიშვნას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ერთგვარი ტენდენციის სახეს იღებს. შეიძლება ასევე გავიხსენოთ ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, წარმომადგენელი პოლიტიკოსების დასაქმება თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ერეკლე ურუშაძეც.

„ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ შეიქმნება ახალი სახელმწიფო კომპანია და ცალკე განსახილველია ამ სახელმწიფო კომპანიის შექმნა რამდენად მიზანშეწონილია, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, შექმნის დაანონსებასთან ერთად, პრემიერი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წევრი იქნება კომპანიის ხელმძღვანელი. ჩვენ არაფერი ვიცით ტურიზმის მენეჯმენტის სფეროში მისი გამოცდილების შესახებ. რომც ჰქონდეს რაიმე გამოცდილება, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ კონკრეტული კურორტის განსავითარებლად ახალი სახელმწიფო კომპანიაა საჭირო, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ გამოცხადებულიყო კონკურსი და კონკურსის გზით შერჩეულიყო ყველაზე კომპეტენტური კანდიდატი. ასე წინასწარ გამოცხადება, ფაქტობრივად, ტოვებს ისეთ შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული ადამიანის დასასაქმებლად იქმნება კომპანია და არა რაღაც ლეგიტიმური საზოგადოებრივი მიზნის მისაღწევად და ეს ცალსახად ჯდება კორუფციის, ანუ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, დეფინიციაში“.

როგორც საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი ეუბნება რადიო თავისუფლებას, მთის კურორტების განვითარება იმდენად რთულისფეროა, რომ ამ საქმეში გამოცდილება, კვალიფიკაცია და ცოდნა საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანს თუ აქვს. შესაბამისად, მისი სიტყვებით, სახელმწიფოს საერთოდ არ გააჩნია მთის კურორტების განვითარების სტრატეგია, რისთვისაც დამატებით ხელის შემშლელი ფაქტორია ქვეყანაში ეკოლოგიური ხედვის არარსებობა. ია თაბაგარის თქმით, ქვეყანაში, სადაც ეკოლოგიური ცნობიერება ძალიან დაბალია, მთის კურორტების განვითარება ძალიან გაჭირდება:

„ახლა თრუსოში აპირებენ კემპინგების მოწყობას და არსებობს საშიშროება. საზოგადოებას აქვს იმის უფლება, რომ იცოდეს, რა კეთდება და რა იგეგმება. ვისაც სად მოუნდა, იჯარით მიწა აიღო და კემპინგი მოაწყო, ხიდი ააშენა თუ სხვა ინფრასტრუქტურა, სადაც ბუნების ძეგლი და ტბაა, მე არ ვთვლი, რომ ეს ნორმალურია და ეს ყველაფერი ძალიან მალე, უახლოეს წლებში, წინ დაგვხვდება და მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ. აი, ახლა ვდგავარ სვანეთში, ნაგვით სავსე გაჩერებაზე, და პირდაპირ ვუყურებ და ასეთი საკითხებიც კი არ არის მოგვარებული“.

ერთია მთის განვითარების სტრატეგია და მეორე - მთის კურორტების განვითარების ხედვა, ამბობსსაკონსულტაციო კომპანია„გეოგრაფიკის“ მთის მგეგმარებელი, გიორგი გოცირიძე. მისი თქმით, ქვეყანაში არის მთის კურორტების განვითარების სახელმწიფო სტრატეგია. კურორტები, რომლებსაც რეგიონალური ან სოციალ-ეკონომიკური დასაბუთებული ღირებულება აქვთ, გაერთიანებულია ერთიან მენეჯმენტში, თუმცა ეს სამთო საკურორტო წერტილები ერთმანეთის კონკურენტებს არ წარმოადგენენ და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან.

„მაგალითად, ათვალი, ზურულდი და თეთნულდი ერთი კლასტერია, კობი-გუდაური მეორე კლასტერია, ბახმარო... ბახმარო ახალი თემაა და ჯერ კიდევ დაგეგმარების პროცესშია. ბაკურიანში რამდენიმე კლასტერია, რამდენიმე ქვეზონით, რომელიც ერთმანეთს ერწყმის. მეწინავე ადგილზეა გუდაური, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ამას ხელ უწყობს თბილისი. მაგრამ ერთი ამდენი მოსახლეობა ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში. თანაბარი გადანაწილება სამთო საკორორტო ინფრასტრუქტურის არის ყველაზე სწორი ხედვა და სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი კურორტები, რომლებიც ფუნქციონირებენ ზოგი უკეთ, ზოგი ნაკლებად და ზოგიც მშენებლობის პროცესშია და ზოგიც - დაგეგმარების პროცესში, გარკვეულ პერიოდში, რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველას ერთნაირი მინიმალური სტანდარტის მახასიათებლები უნდა გააჩნდეს“,

გიორგი გოცირიძის თქმით, ესენია კორორტები, რომლებიც საქართველოს გლობალურტურისტულ-საკურორტო რუკაზე წარმოჩენის საშუალებას მისცემს და პროცესიამ მიმართულებით უკვე დაწყებულია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG