Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მტკვარი და მისი ორი ნაპირი“


“მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ - ამ სახელწოდებით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა დათო ქარდავას წიგნი, რომელშიც თბილისის ტერიტორიაზე მტკვრის თავგადასავალია აღწერილი. როგორ ცვლიდა მტკვარი თბილისს და როგორ შეცვალა თბილისმა მტკვარი - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები ნაწარმოებისა, რომელიც დოკუმენტურად, ისტორიულ და ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით, აღწერს საქართველოს დედამდინარედ წოდებული მტკვრის ფერისცვალებას ავჭალიდან ორთაჭალამდე და არამარტო.

„მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ ჯიმშერ რეხვიაშვილმა, რომელიც ლიტერატურულ წრეებში დათო ქარდავას ფსევდონიმითაა ცნობილი, თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად შექმნა. დოკუმენტურმა მასალამ, რომელსაც იგი რამდენიმე წლის განმავლობაში აგროვებდა, თავი მოიყარა მის პირად ბიბლიოთეკაში, რომელიც თითქმის 60 წიგნს მოიცავს თბილისის, მისი ურბანული განვითარების, ეთნოგრაფიის, ისტორიისა თუ არქიტექტურის შესახებ. როგორც მწერალი ამბობს, მის მიერ გადამუშავებულმა მასალამაც ცხადყო, რომ თბილისი სწორედ მტკვრის გარშემო ვითარდებოდა, თუმცა ამ განვითარებამ, მეორე მხრივ, მტკვრის ფუნქციის ნაწილობრივი დაკარგვა და მისი ბეტონის ჯებირებში დატყვევება განაპირობა.

“ამბობენ, რომ მწერლობას არ შეუძლია, ასე ვთქვათ, ჯადოქრობა და სასწაულის მოხდენა, მაგრამ მე, პრინციპში, ვეცადე, რომ ამ წიგნში გამეცოცხლებინა ის თბილისი და ის მტკვარი, რომელიც ასობით წლის განმავლობაში არსებობდა და ალამაზებდა საქართველოს და ალამაზებდა თვითონ ამ ქალაქს“, ამბობს ავტორი.

ტერასებად განლაგებული ქალაქი მთლიანად იკითხებოდა მდინარიდან, დაწყებული სულ ქვემოთ, სანაპიროზე მდებარე შენობებიდან, დამთავრებული დამაგვირგვინებელი ციტადელით...
ნაწარმოებში კი ვკითხულობთ, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე მტკვარი თბილისის მთავარ ხუროთმოძღვრულ ღერძად რჩებოდა და, შესაბამისად, ქალაქიც თავისი მშვენიერი სახით მდინარისკენ იყო მიბრუნებული:

“ტერასებად განლაგებული ქალაქი მთლიანად იკითხებოდა მდინარიდან, დაწყებული სულ ქვემოთ, სანაპიროზე მდებარე შენობებიდან, დამთავრებული დამაგვირგვინებელი ციტადელით. არც ისაა შემთხვევითი, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაგებობები - როგორც საკულტო, ისე საერო - მტკვრის პირას შენდებოდა“.

თუმცა დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა და ქალაქის მთავარი ღერძი ქალაქისგან ზურგშექცეული, ორ საავტომობილო ტრასას შორის დატყვევებული აღმოჩნდა. დაკარგული მდინარის ძიებაში ჯიმშერ რეხვიაშვილი მკითხველს მტკვრის დაბადებიდან დღემდე ამოგზაურებს და ყურადღების მიღმა არ რჩება არც ტფილისის კრეისერები, არც მოცურავე წისქვილები, არც მადათოვის კუნძული, არც ორთაჭალის ბაღები, არც ცხოვრება მტკვარზე, არც მდინარეზე გადებული ხიდები, არც ადამიანები, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე თუ სიკვდილი დაუკავშირეს მტკვარს და ასე შემდეგ.

„მტკვარი და მისი ორი ნაპირი“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
გადმოწერა

ეს არის სრულიად ახლებური ჟანრის ნაწარმოები, გვითხრა პოეტმა და გარემოს დამცველმა ნუგზარ ზაზანაშვილმა „მტკვარი და მისი ორი ნაპირის“ პრეზენტაციაზე, რომელიც მწერალთა სახლში 17 ოქტომბერს გაიმართა:
“ჩვენ ვიცით ეს დოკუმენტური პროზა, მაგრამ რაც ქართული დოკუმენტური პროზა ვიცით, ეს არის ძირითადად ადამიანების შესახებ. მე, მაგალითად, არ მახსენდება, თან ამისთანა ფუნდამენტური რამ ბუნების წარმონაქმნის მიმართ, როგორც ცოცხალი არსების მიმართ. მერე - შესანიშნავი ტექსტი, უნიჭიერესი, სადა თხრობა და თვითონ გამოცემა - რა თქმა უნდა, ეს არის ბრწყინვალე გამოცემა“.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, მეტი ხელმისაწვდომობის მიზნით, აპირებს უახლოეს მომავალში წიგნი რბილი ყდითაც გამოუშვას. რაც შეეხება არსებულ მაგარყდიან გამოცემას, როგორც გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი ამბობს, თავიდან ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც, საბოლოოდ, წარმატებული გამოდგა:

რაღაცნაირად მტკვარი ისევ უნდა დაბრუნდეს თბილისელთა ცხოვრებაში. ასე არ შეიძლება. რიყის განაშენიანების დროსაც, სულ ახლახან ხო ისევ მტკვარი დარჩა, ასე ვთქვათ, ზურგშექცეული - არანაირად მტკვარი გათვალისწინებული არ არის, რაც ცუდია...
გოგა ქართველიშვილი
“ცხადია, როდესაც მწერალი ასეთ საინტერესო ნაწარმოებს გთავაზობს, ასეთ საინტერესო კვლევას გთავაზობს, ძნელია უარი თქვა ნაწარმოებზე, თუმცა საინტერესო იყო ჩვენთვის ერთგვარი ექსპერიმენტის გაკეთებაც - ალბომის სახე მივეცით, იმიტომ რომ ალბომში უკეთ გამოჩნდება ის ფოტოები, რომელთა ნაწილიც მეცხრამეტე საუკუნისაც კია. ვფიქრობთ, რომ ასე უკეთ ვაჩვენებდით მტკვრის სილამაზეს, მნიშვნელობას“.

ალბომი ფოტოებით მხატვარმა გოგა ქართველიშვილმა გააფორმა.
“ძალიან ბევრი ავტორია - დაწყებული ერმაკოვიდან, დამთავრებული როინიშვილით. 60-იანი, 70-იანი წლების ავტორებიც, თანამედროვე ფოტომასალაცაა, რომელიც მე მეკუთვნის და, საერთოდ, რაც კი თბილისზე გადაღებულა, რაც კი საინტერესო ფოტო არსებობს, ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ერთ წიგნად გამოვეცით. ტექსტი არის ძალიან საინტერესო, ძალიან საინტერესო მასალა აქვს თავმოყრილი ჯიმშერს და საინტერესო პროცესი იყო მუშაობის. ვნახოთ, ძალიან საინტერესო საჩუქარი ელოდება მკითხველს“.

გოგა ქართველიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ფოტოალბომში შევიდა ბევრი უნიკალური ფოტო, რომელსაც პირველად იხილავს მკითხველი.
„მტკვარი და მისი ორი ნაპირი“ უკვე იყიდება. როგორც ავტორმა დასაწყისშივე გვითხრა, მწერლობას ზოგადად სასწაულის მოხდენა არ შეუძლია, მაგრამ ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემა იქნებ შესაძლებელი იყოს:

“რაღაცნაირად მტკვარი ისევ უნდა დაბრუნდეს თბილისელთა ცხოვრებაში. ასე არ შეიძლება. რიყის განაშენიანების დროსაც, სულ ახლახან ხო ისევ მტკვარი დარჩა, ასე ვთქვათ, ზურგშექცეული - არანაირად მტკვარი გათვალისწინებული არ არის, რაც ცუდია, იმიტომ რომ მტკვარს აქვს რეკრეაციული დანიშნულებაც. ბოლოს და ბოლოს, მტკვარი განგაწყობს ფიქრისკენ, დასვენებისკენ და მტკვარს უნდა ვეტანებოდეთ და არ უნდა გავურბოდეთ“.
XS
SM
MD
LG