Accessibility links

logo-print

მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოში


თბილისი

თბილისი

ავტოტი: ირინა გურული

2016 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 მილიარდ 59 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,0 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 0,7 პროცენტით. ამ მონაცემით, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 917,6 დოლარიდან 979,1 დოლარამდე გაიზარდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,1 პროცენტი). ეს საკმაოდ ტრადიციული სფეროებია და, როგორც წესი, მშპ-შიც, მწარმოებელთა ფასების მასშტაბშიც წამყვანი ადგილი სწორედ ამ სფეროებს უკავიათ ხოლმე.

შედარებით მოულოდნელი მესამე პოზიციაზე აღმოჩენილი დარგია - მესამე პოზიციას იკავებს სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (10,6 პროცენტი). შეგახსენებთ, რომ ამ დარგში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 50 პროცენტია დასაქმებული და მასში სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდ რესურსებს დებს, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სუბსიდირების თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობა ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ეკონომიკური დახმარებისთვის, რომელიც, პირველ რიგში, კოოპერატივების შექმნას და სხვა მიმართულებებს უწყობს ხელს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში წელს 9,4 %-დან 10,6 %-მდე გაიზარდა, ეს არა ამ დარგის განსაკუთრებული ზრდის, არამედ ზოგიერთი სხვა დარგის მაჩვენებლის, კონკრეტულად კი, ტრანსპორტის მაჩვენებლის შემცირების ხარჯზე მოხდა.

სოფლის მეურნეობის დარგის მომდევნო ადგილს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (24,1 პროცენტი), მშენებლობა (12,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (10,8 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,3 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა ტრანსპორტსა (-5,8 პროცენტი) და ვაჭრობაში (-2.8 პროცენტი).

2016 წლის II კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით, რაც, ერთი მხრივ, სეზონურობითაც არის განპირობებული და, მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის წინასაარჩევნო ინფრასტრუქტურულ აქტივობასთანაც ჰქონდეს კავშირი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG