Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბორჯომი“, „კოკა-კოლა“... vs საქართველოს მთავრობა


არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიებმა “კოკა-კოლამ”, “ბორჯომმა”, “წყალმა მარგებელმა” და “კასტელ ჯორჯიამ” სარჩელი შეიტანეს საკონსტიტუციო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმდეს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, წარმოშობს უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს და ლახავს საკუთრების უფლებას.

მარკირების წესი, რომლის გაუქმებასაც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მოითხოვენ, 2015 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა, თუმცა შესაბამისი ცვლილებები "საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2011 წელს იქნა მიღებული. ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების მიხედვით, არააქციზური საქონლის მარკირების ვალდებულება ეკისრება მწარმოებელს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანების 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: (ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში; (ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას:

„2015 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არის არაკონსტიტუციური იმდენად, რამდენადაც ის ზღუდავს კონსტიტუციით დაცულ და გარანტირებულ საკუთრების უფლებას, აბრკოლებს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას და არის დისკრიმინაციული არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა მიმართ. ამასთან, მარკირების წესი არის არასამართლიანი, არაეფექტიანი, არარაციონალური და ის ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე არანაკლებ სახელმწიფოს ინტერესებს“.

გამოიძებნა სახსრები და 1 აპრილამდე გადაიდო კომპანიების მიერ ამ ხარჯის გაწევა. ასეთი სახსრების მოძიება კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება სარჩელს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენ წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პოზიციას...
ვახტანგ ლაშქარაძე

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ, მოსარჩელეების საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა-დარღვევის გარდა, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც ის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლების) მწარმოებლებს ეხება და მათთვის სრულიად უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს წარმოშობს, თუმცა ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2015 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული მარკირების წესი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, მარკირების მიზანი აღრიცხვის მოწესრიგება და ფალსიფიკაციასთან ეფექტიანი ბრძოლაა:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცდილობდა და ცდილობს, რომ ამ ბრძანებულებამ არ შეაფერხოს კომპანიების საქმიანობა, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 1 იანვრამდე მარკირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი შემოსავლების სამსახურმა დაფარა. გამოიძებნა სახსრები და 1 აპრილამდე გადაიდო კომპანიების მიერ ამ ხარჯის გაწევა. ასეთი სახსრების მოძიება კვლავ მიმდინარეობს. რაც შეეხება სარჩელს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენ წარმოვადგენთ არგუმენტირებულ პოზიციას“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „აქციზური მარკის ნიშანდებით უნდა მოხდეს აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვა, გამარტივდეს და გაუმჯობესდეს ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვით გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა (კონტროლი) და უშუალოდ ნიშანდების პროცესი”, თუმცა რატომღაც ასეთი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ არაალკოჰოლურ და მინერალურ სასმელებზე. იურისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ამგვარი ნაბიჯით ხელისუფლება ცდილობს პოლიტიკური დაპირებების შესრულების შედეგად შემცირებული შემოსავლების კომპენსირებას.

ლევან ალაფიშვილი
ლევან ალაფიშვილი

„ხელისუფლებისთვის ეს სხვა არაფერია, თუ არა ბიუჯეტში ახალი და დამატებითი სახსრების მიღების საშუალება. სხვათა შორის, როცა აქციზი გაზარდეს პირველად, მაშინ ვთქვი, რომ კარგი იქნება, თუკი ბიზნესი იფიქრებს თავისი პოზიციების დაცვაზე, მათ შორის, სამართლებრივი მიმართულებით, იქნებოდა ეს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა თუ ლობირება და ადვოკატირება. სამწუხაროდ, მაშინ ბიზნესმა ამჯობინა არა საჯარო და სამართლებრივი კომუნიკაცია, არამედ, სავარაუდოდ,კაბინეტებში შეხვედრები“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ალაფიშვილმა, რომლის თქმითაც, ახლა ბიზნესმა დაინახა, რომ ასეთ შეხვედრებს იმ ხელისუფლებასთან, რომელსაც მკაფიოდ არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, სასურველი შედეგი არ მოაქვს და, შესაბამისად, მიმართა პრობლემის გადაჭრის საჯარო და სამართლებრივ გზას.

რადიო თავისუფლებას კომენტარისათვის „კოკა-კოლისა“ და „ბორჯომის“ მწარმოებელ კომპანიებს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიების წარმომადგენლებმა სარჩელზე დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვეს. სასარჩელო განცხადებიდან კი ირკვევა, რომ, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ე. წ. ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, მარკირებას ახორციელებს შვეიცარიული კომპანია „სიქპას“ შვილობილი კომპანია, რომელმაც, სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის თანახმად, გაწეული მომსახურებისთვის უნდა მიიღოს შესაბამისი საფასური. ამასთან, მინისტრის N 996 ბრძანების 112-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, 2015 წლის 1 ნოემბრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე შემოსავლების სამსახურისთვის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება 1,000 (ათას) ცალ ერთეულზე 10.00 (ათი) ლარის ოდენობით.

„როდესაც ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ქვეყანა ცდილობს ადმინისტრაციული თუ სხვა ხარჯები მინიმუმამდე დაიყვანოს, მილიონობით ლარის გადახდა ისეთ სერვისში, რომელიც, ხარჯეფექტურობისა და ოპტიმალური საფინანსო გათვლების მიხედვით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ასეთი ქმედება სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ტოლფასია. ამასთან, საბიუჯეტო სახსრების საზღვარგარეთ გადინება (შვეიცარიული კომპანიისთვის თანხების გადახდის შედეგად) ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კიდევ დამატებით დააწვება ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, რომელიც ყოველგვარი დამატებითი ფაქტორების გარეშეც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს მსგავს თემებზე“, ნათქვამია არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების საკონსტიტუციო სარჩელში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG