Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცირე ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში


საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდე 2016 წლის გაზაფხულზე შეიმუშავა მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძვრები ნაკლებად შეიმჩნევა. არადა, ევროპისკენ სავალ გზაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.

2006-2016 წლებში მცირე და საშუალო საწარმოების მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი საწარმოთა მთლიან დამატებულ ღირებულებაში იცვლებოდა, თუმცა 20 %-ს არ აღემატებოდა, გარდა 2011 და 2014 წლებისა, როდესაც ამ მაჩვენებელმა შეადგინა, შესაბამისად, 21.8 % და 21.1 %. დამატებული ღირებულების უდიდესი წილი (71.1 %) შექმნილია თბილისში. ყველა საწარმოში დასაქმებულთაგან მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა წილი არ არის მაღალი და, დაახლოებით, 45 %-ის ფარგლებშია, მაშინ როცა მთლიან და საშუალო საწარმოთა წილი საწარმოების მთლიან რაოდენობაში 90 %-ს ზემოთაა. საწარმოებში დასაქმებულთა 63 % დასაქმებულია თბილისში მოქმედ საწარმოებში.

ეს სტატისტიკა მოწმობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად კონცენტრირებულია დედაქალაქში, რაც ქვეყნის თანაბარი რეგიონალური განვითარების ხელის შემშლელი ფაქტორია. ამასთან, მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპულ მაჩვენებლებს, კერძოდ: განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში), მცირე და საშუალო საწარმოებს მოქმედ საწარმოებში დიდი წილი უკავია, ქმნის სამეწარმეო სექტორის მთლიანი ბრუნვის 50 %-ზე მეტს და ყოველი სამი სამუშაო ადგილიდან ორს - კერძო სექტორში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში, კომპანიების 99 %-ზე მეტს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ და საშუალოდ ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2/3-ს.

მნიშვნელოვანი პრობლემაა, ასევე, მცირე ბიზნესის არაფორმალურ სექტორში ყოფნა, განსაკუთრებით რეგიონებში და სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მცირე ბიზნესის წარმოებაში სოფლის მეურნეობის წილი სულ 6%-ია (პირველ ადგილზე არის მრეწველობა 38 %-ით).

2014 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებთან ერთად (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA) საფუძველზე SBA-ის 10 პრინციპის მიხედვით შეფასდა. საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის 12 კომპონენტიდან 7 კომპონენტში მიიღო უმაღლესი ქულა.

საქართველოს მცირე ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების კვლევისას გამოკვეთილია შემდეგი პრობლემები: სამეწარმეო უნარებისა და გამოცდილების ნაკლებობა, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე, დაბალი პროდუქტიულობა, ფინანსებზე/გრძელვადიან საინვესტიციო რესურსებზე შეზღუდული წვდომა, ინოვაციების და კვლევისა და R&D დაბალი დონე, კვლევისა და განვითარების ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის არასაკმარისი ურთიერთთანამშრომლობა, ტექნოლოგიების დანერგვის შეზღუდული შესაძლებლობები, ადამიანური კაპიტალის არასაკმარისი კონკურენტუნარიანობა, უცხოური ბაზრების შესახებ ცოდნის დაბალი დონე, ექსპორტისა და ინტერნაციონალიზაციის შეზღუდული შესაძლებლობა, ახალი ტექნოლოგიების/ძირითადი საშუალებების მაღალი ხარჯი, მცირე და საშუალო საწარმოების საკონსულტაციო მომსახურების მაღალი ღირებულება, ბიზნესის დახურვის (გაკოტრების საქმის წარმოების) სირთულე.

ამ სირთულეების გადალახვას სტრატეგიის რეალურად ამოქმედება და საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიღწევა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG