Accessibility links

logo-print

მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში 2016


ბაზარი

ბაზარი

ავტორი: ირინა გურული

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც ამ ქვეყნების ევროპის მცირე ბიზნესის აქტის განხორციელების შეფასებას გულისხმობს.

საქართველოს ქულები, 2016 წლის მდგომარეობით, მცირე და საშუალო ბიზნესის ინსტიტუციური და საოპერაციო გარემოს გაუმჯობესებას ასახავს. ამ მიმართულებებით საქართველო საუკეთესოა რეგიონში. ბოლო წლის განმავლობაში განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნა ბიზნესის ინფრასტრუქტურის, დაფინანსების ხელმისაწვდომობის, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმებისა და მცირე და საშუალო საწარმოების ინსტიტუციონალიზაციის კუთხით, თუმცა კვლავ გასაუმჯობესებელი რჩება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესი მწვანე ეკონომიკაში, ინოვაციები, ადამიანური კაპიტალი.

იმისთვის, რომ საქართველომ სრულად შეძლოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების პოტენციალის ათვისება, პოლიტიკის რიგი სისუსტეები უნდა დაძლიოს. განსაკუთრებით გამოყოფილია ამ მხრივ სწრაფი ინსტიტუციური ცვლილება და ამ პროცესებში საჯარო და კერძო სექტორს შორის კონსულტაციისა და რეგულირების ზეგავლენის შეფასების ფორმალური მექანიზმების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, ბიზნესწრეებში სახელმწიფო ქმედებების მიმართ არაპროგნოზირებადობის განცდას ზრდის.

ანგარიშში ასევე დადებითად ფასდება საქართველოში მეწარმეობის განვითარების და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შექმნა, თუმცა ნათქვამია ასევე, რომ საჭიროა მათი შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების განხორციელება, რათა მათი პოტენციალი მაქსიმუმამდე გაიზარდოს.

კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და გირაოს დიდი მოცულობა, რასაც ემატება შედარებით განუვითარებელი არასაბანკო დაფინანსების სისტემა. ყოველივე ეს ართულებს ინვესტიციებისა და საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას, რაც ბიზნესის ამ სეგმენტს კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ინოვაციებისთვის ესაჭიროება. ძლიერი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზის მიუხედავად,, მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების წილი მთლიან დაკრედიტებაში ძალიან მცირეა და მხოლოდ 16 პროცენტს შეადგენს.

მეწარმეობის ხელშეწყობაში დიდ როლს ასრულებს განათლების ფაქტორი. გასაუმჯობესებელია მეწარმეების უნარებიც. რეგიონალურ პარტნიორებთან შედარებით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა სეგმენტი ყველაზე ნაკლები ინოვაციებითა და ექსპორტით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს ინოვაციური მეწარმეობისთვის ფინანსური და არაფინანსური სტიმულირება.

ამ და სხვა სახის გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თაოსნობით მიმდინარე წლის თებერვალში მიღებულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებზეა გაწერილი. სტრატეგიის მიღება მისასალმებელია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ეფექტური განხორციელება და ყველა მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG