Accessibility links

logo-print

მცირე დეესკალაცია დიდი დაძაბულობის შემდეგ


გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში

გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში

გაეროს თანახმად, 9 600-ს გადასცდა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ხოლო რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ამ ინფორმაციის ფონია გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 15 სექტემბრიდან კიდევ ერთხელ შევიდა ძალაში ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა (OHCHR) 15 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, 2014 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების შედეგად 9 640 კაცი დაიღუპა და 22 431 დაიჭრა როგორც დაპირისპირებულ მხარეთა პირადი შემადგენლობის, ისე მოსახლეობის მხრიდან. ანგარიშში ცალკეა აღნუსხული მაის-აგვისტოს შუა რიცხვების ვითარება კონფლიქტის ზონაში, სადაც, წინა სამ თვესთან შედარებით, 66 %-ით გაიზარდა კონფლიქტის შედეგად დაშავებული და დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი. მთლიანობაში, საანგარიშო სამთვიან პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში 28 კაცი დაიღუპა, 160 კი დაიჭრა. „1 სექტემბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში არასტაბილური რჩება, რასაც ბოლო კვირაში მომხდარი ინციდენტებიც ადასტურებს“, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა.

ამ განცხადებების ფონია კიევსა და პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული მორიგი შეთანხმება, რაც 15 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ, ბოლო ცნობებით, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციამ კონფლიქტის ზონაში იკლო, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ რჩება ცალკეული სახიფათო კერები, განაცხადა უკრაინის არმიის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა 15 სექტემბერს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე:

„ღამის 12 საათიდან ამ მომენტამდე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში აღირიცხა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან საზავო შეთანხმების დარღვევის მხოლოდ ექვსი შემთხვევა. მათგან ოთხი ინციდენტი მოხდა ავდეევკასთან, ხოლო თითო - ლუგანსკისა და მარიუპოლის სექტორებში. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევებში მოწინააღმდეგემ მხოლოდ მცირე კალიბრის იარაღი გამოიყენა. ამ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწმენი ვართ გარკვეული დეესკალაციისა და ჯერჯერობით შემცირებულია შეიარაღებული პროვოკაციების რიცხვიც. ჩვენ ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას“.

წინა დღით გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში განიხილეს კიდევ ერთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 15 სექტემბრიდან შევიდა ძალაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დონბასში ზავის მიღწევის შემდეგ, კიევმა უნდა დაიწყოს მინსკის შეთანხმებით ნაკისრი პოლიტიკური პირობების შესრულება. ჟან-მარკ ეიროს თანახმად, საქმე ეხება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას სეპარატისტთა მიერ კონტრილირებად დონბასში და ამ რეგიონისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას.

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღმოსავლეთ უკრაინაში, კიევის მიერ კონტროლირებად ქალაქ კრამატორსკსა და სლავიანსკში, დაათვალიერეს ის ობიექტები, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა. ჟან-მარკ ეიროსა და ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრა ჰქონდათ კონფლიქტის ზონაში მყოფ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და უკრაინელი ჯარისკაცების დედებთან, რომლებმაც სთხოვეს ევროპელ დიპლომატებს, დაეხმარონ ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების გათავისუფლებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG