Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნებებით ამჯერად წმინდანის საფლავზე


საპატრიარქოს შენობა
საპატრიარქოს შენობა
6 იანვარს შეუძლებელი იყო მცხეთაში ავტომობილით გადაადგილება. გაუვალი საავტომობილო ხერგილები გამოიწვია საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან დაძრულმა ათობით ათასმა მორწმუნემ, რომლებიც ცდილობდნენ წმინდანად შერაცხილ ბერ გაბრიელის საფლავზე მოხვედრას. მორწმუნეებმა მცხეთისკენ სვლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონმა პარასკევამ განაცხადა, მივიღე მინიშნება, რომ შობამდე ბერის საფლავზე მისულ მლოცველებს ორ-ორი სურვილი აუსრულდებათო.
ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და რაზეც უფლის ნებაა, და არა ნებისმიერი ნატვრა...
საპატრიარქოს განცხადება

„შევეხოთ და გავიაროთ!“ - ამგვარი მოწოდებით ცდილობდნენ მორწმუნეები ბერ გაბრიელის საფლავთან გაჩენილი უზარმაზარი რიგის განტვირთვას, თუმცა იმის გამო, რომ მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი ცდილობდა მოხვედრას, რიგი მაინც მრავალ ასეულ მეტრზე გაიწელა. მცხეთაში ქალაქ რუსთავიდან ჩამოსულმა ქალმა გვითხრა:

„ძალიან დიდი მადლია მამა გაბრიელის საფლავზე და მოვედით ამ მადლის მისაღებად. გვითხრეს, რომ დედა პარასკევას ჰქონდა ხილვა: ვინც მივიდოდა შობამდე საფლავზე, მას მამა გაბრიელი შეუსრულებდა ორ სურვილს“.

ტელეკომპანია “მაესტროს“ ცნობით, ბერის საფლავზე მოხვედრის მსურველთა შორის იყვნენ მორწმუნეები როგორც თბილისიდან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან. იქვე იყო მონაზონი პარასკევაც:

„მამა გაბრიელს ვევედრებოდი საფლავზე, რომ მთელი საქართველოსთვის შეესრულებინა სურვილები, რომ ყველა ადამიანი გაძლიერებულიყო რწმენაში, რომ მისცემოდა მადლი, წყალობა და მფარველობა ღვთისა. ...მინიშნება მომეცა მამა გაბრიელის საფლავიდან, რომ შეუსრულებდა სურვილებს ყველას, ვინც სამთავროს მონასტერში შესთხოვდა. კიდევ ერთი ეკლესიაა ციხის ჯვარში... იქაც ვინც შეევედრებოდა მამა გაბრიელს, შეუსრულებდა ყველა სურვილს. და აი, ასეთი სასწაული მოხდა, უამრავმა ადამიანმა მოგვაკითხა“.

მოგვიანებით მონაზონმა განაცხადა, რომ არ ჰქონია არც გამოცხადება და არც ხილვა. მონაზონის თქმით, მან წმინდანს სთხოვა, რომ ხალხისთვის სურვილები შეესრულებინა. მოგვიანებით ბერ გაბრიელის საფლავზე განვითარებული მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ:

"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ვინც 7 იანვრამდე მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავს მოინახულებს და რაიმეს შესთხოვს, ყველაფერი აუსრულდება. ჯერ ერთი, ღვთის წინაშე მამა გაბრიელის მეოხება მლოცველთ 7 იანვრამდეც ექნებათ და 7 იანვრის შემდეგაც. მეორეც, არ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს ის ნათქვამიც, თითქოს ყველას ყველა სურვილი აუსრულდება, რადგან ხორციელდება ის თხოვნები, რაც ღვთის სათნოა და რაზეც უფლის ნებაა, და არა ნებისმიერი ნატვრა“.
იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც აუცილებლად არ მიიჩნევდნენ ქრისტეს საფლავზე მისვლასაც კი. მაგალითად, იყო წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი (Gregorius Nyssenus), რომელიც გაგზავნეს წმინდა მიწაზე, სადაც იესო ცხოვრობდა და დადიოდა. მან თქვა, რომ ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყოო. საერთოდ არ მჭირდება იმ ადგილზე მისვლა, სადაც იესო ფეხს ადგამდაო, რადგანაც ქრისტე არის ჩემთან იმის მიუხედავად, თუ სად ვიმყოფებიო...
ლევან აბაშიძე

6 იანვარს მცხეთაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელებით ცალკეული სასულიერო პირებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალ „ტაბულას“ ცნობით, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ის, რაც მცხეთაში ხდება, ერის გაუკუღმართებული სულიერი ცხოვრების შედეგია:

„რა გგონიათ, ვინც პირველი მივა, მეტი საჩუქარი იმას შეხვდება?! იქნებ სანტა კლაუსის ფორმაც წაგეღოთ და გადაგეფარებინათ წმინდანის საფლავზე. ...იქნებ ყოველივე ეს ვიღაცების ფინანსური მაქინაციებია. ეს არის რწმენა, რომელიც წმინდანთა საფლავებით და ნივთებით საკმაოდ სოლიდურად მდიდრდება და შობაც, როგორც მინიმუმ, ორი სურვილის ასრულებით გვითენდება. ფარისევლებო, დღევანდელი მდგომარეობა ეგვიპტის უდაბნოში ისრაელი ერის "ყიჟინას" მახსენებს, რომელიც მოსეს საყვედურობს და კერპების თაყვანისცემას უბრუნდება.... მრცხვენია... ”

თეოლოგ ლევან აბაშიძის თქმით, ქრისტიანობაში ზოგადად მიღებულია წმინდანების საფლავებზე ლოცვა და შეწევნის თხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ყოველივე ამას ერევა წარმართული, მითოლოგიური ელემენტები: ვითომდა წმინდანის საფლავს გააჩნია მაგიური ძალა, რომელიც ეხმარება ადამიანს ნებისმიერ შემთხვევაში, რწმენის მიუხედავად. ლევან აბაშიძის თქმით, ცრურწმენის ხარისხს მნიშვნელოვნად შეამცირებს მეტი განათლების შეტანა ეკლესიაში:

„ვგულისხმობ ქრისტიანულ განათლებას, ანუ საკუთარი სარწმუნოების სწორ გაგებას! თავისთავად ვინმე თუ მივიდა წმინდანის საფლავზე და იქ ილოცა, ამაში არაფერი არაქრისტიანული არ არის. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ეს მასობრივი მსვლელობა, როცა 100 ათასი ადამიანი მივიდა, რიგში ჩადგა და იძახის, გინდა თუ არა 7 იანვრამდე უნდა მოვასწროთო. იყვნენ წმინდა მამები, რომლებიც აუცილებლად არ მიიჩნევდნენ ქრისტეს საფლავზე მისვლასაც კი. მაგალითად, იყო წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი (Gregorius Nyssenus), რომელიც გაგზავნეს წმინდა მიწაზე, სადაც იესო ცხოვრობდა და დადიოდა. მან თქვა, რომ ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყოო. საერთოდ არ მჭირდება იმ ადგილზე მისვლა, სადაც იესო ფეხს ადგამდაო, რადგანაც ქრისტე არის ჩემთან იმის მიუხედავად, თუ სად ვიმყოფებიო“.

ლელა გაფრინდაშვილი
ლელა გაფრინდაშვილი
ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი კი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობის არასწორი გაგების გარდა, გადამწვეტ როლს თამაშობს სასოწარკვეთამდე მისული გაჭირვება:

„ადამიანი ასეთ მისტიკურ რამეში საშველს ეძებს მაშინ, როცა სხვა რეალური საშველი არ ჩანს. არასწორად მიმაჩნია ხალხზე გადაბრალება და იმის თქმა, რომ ხალხი ბნელია და გაუნათლებელი, ასეთ რამეს რომ წამოეგება, მაგრამ ისიც ვიკითხოთ, ასე სწრაფად როგორ გავრცელდა ეს ინფორმაცია? როგორ შეიტყვეს ფოთში და სხვა ქალაქებში, როცა მედიით ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა? როგორც ჩანს, შიდა საეკლესიო ქსელით გავრცელდა ეს „ხილვა“ თუ „მინიშნება“.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში რწმენის დევალვაციას ახდენენ თავად ეკლესიის მესვეურები, რომლებიც მისტიციზმის ელემენტების შეტანით ცდილობენ გაზარდონ მორწმუნეთა რიგები.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG