Accessibility links

logo-print

კიდევ ერთი პროექტი აფხაზეთთან ახლოს - რას ფიქრობს ხალხი მთავრობის ინიციატივაზე


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

დღეს, 21 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ რუხში, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიმდინარე მშენებლობის პარალელურად, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობაც დაიწყება. აფხაზეთთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის აშენების პროექტი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს განიხილეს. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრში უნდა განთავსდეს ბანკი, ვეტერინარული კლინიკა, ფოსტა, აფთიაქი, მცირე სამაცივრე დანადგარები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტი. სანამ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი და საავადმყოფო აშენდება, აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსულებს ზუგდიდის საავადმყოფოსა და ბაზრის მომსახურებით მოუწევთ სარგებლობა. მგზავრებს, ე.წ. გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ, ენგურის ხიდთანაც ხვდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწყობილი მცირე სავაჭრო პუნქტები. აქ ძირითადად წვრილმანი საოჯახო ნივთებისა და საკვები პროდუქტების შეძენაა შესაძლებელი. როგორც გალის რაიონიდან გადმოსულმა მგზავრებმა რადიო თავისუფლებას ენგურის ხიდზე განუცხადეს, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველები და, მათ შორის, აფხაზთა დიდი ნაწილი ზუგდიდში სწორედ სამედიცინო მომსახურებისთვის და საყოფაცხოვრებო პროდუქტების შესაძენად გადმოდის. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა მთავრობის გეგმას, აფხაზეთის სიახლოვეს მშენებლობა დაიწყოს, მიესალმება:

„პროდუქტის იქეთ გადატანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თუ რამე გაიხსნა და თუ ნორმალური იქნება, კარგია. აფხაზებისთვის აქეთ ყველანაირი მკურნალობა უფასოა და ჩვენთვის, დევნილებისთვის, არაფერი არ არის უფასო. ასეთი რაღაც თუ იქნება, ჩვენთვის ეს კარგია“, - ამბობს გალის მკვიდრი ნათია ბაძაღუა. სხვა აზრისაა ასევე გალიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა: „აქაური არაფერი არ აინტერესებთ იმათ. მე დღეს ვიყავი იქეთ, ფსოუს საზღვართან, და სხვანაირადაა ყველაფერი: იმათ იქეთ, იმათთან უფრო ურჩევნიათ, ვიდრე ჩვენთან. ჩვენ აქეთ გვირჩევნია, იმათ იქეთ“.

„ეს ახლოა და ზუგდიდში წასვლას ჩვენთვის ეს ჯობია. ურთიერთობის აღდგენასაც, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს“, - გვითხრა დენიზა უბილავამ. მასავით ფიქრობს გალის რაიონის სოფელ კოხორას მკვიდრი, იზოლდა ქაჩახია:

„პროდუქტებით და ჯანდაცვით ჩვენ ძირითადად აქეთ ვართ დამოკიდებული. მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი დავრჩები. ერთმანეთთან უფრო ახლოს რომ იქნებიან, უფრო კარგი იქნება, უფრო დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ხალხი უფრო კმაყოფილი იქნება, მე მგონი“.

სოფელ რუხში ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის მიზეზით შეირჩა ფართი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრისთვის. მშენებლობის დაწყების პროცესს მიმდინარე წლის 25 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად დაესწრო. მან საავადმყოფოს „ენგურის ორივე მხარის დამაკავშირებელი“ ობიექტი უწოდა:

„ამ პროექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა - ერთმანეთთან დაგვაკავშირებს ენგურის ორივე მხარეს. აქ, ამ საავადმყოფოში, მკურნალობას შეძლებენ ჩვენი აფხაზი ძმები, რომლებსაც ყველა იმ სიკეთით შეეძლებათ სარგებლობა, რომელსაც სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს“.

აფხაზებთან ასევე ურთიერთობის გაუმჯობესების საშუალებად მიიჩნევს საავადმყოფოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია. მან მშენებლობის პროცესი 20 ნოემბერს დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით შავლიაშვილთან ერთად:

„ეს კლინიკა უნდა გახდეს ჩვენი და ჩვენი აფხაზი ძმების გაერთიანების კიდევ ერთი ადგილი“.

გეგმის მიხედვით, რუხში საავადმყოფოს მშენებლობა 2 წელიწადში უნდა დასრულდეს, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის კი 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება.

XS
SM
MD
LG