Accessibility links

მაღაროელებმა, პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჭიათურაში აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მადნის მოპოვების დროებით შეჩერებას, რის შედეგადაც დასაქმებულთა 90 პროცენტს ხელფასი 40 პროცენტით შეუმცირდა.

პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და ადგილობრივი პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციას ჭიათურაში, გამგეობის შენობასთან, რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო. მუშები ტყიბულიდან, ზესტაფონიდან და რუსთავიდან, ასევე არასამთავრობო და სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობისგან რეაგირებას მოითხოვენ. კახა მაჩიტიძე, რომელიც ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ ქარხანაში მუშაობს, ამბობს, რომ ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან სამუშაოს გარეშე დარჩენილი მუშებისათვის თანხა უნდა გამოყოს:

„სამი მილიონი სჭირდება 4 თვის განმავლობაში, რომ ამ ადამიანებმა ხელფასი სრულად მიიღონ“.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მადნის მოპოვება 20 იანვარს ოთხი თვით შეწყდა. შედეგად, 20 მაისამდე 3 700 დასაქმებულიდან 3 200 სამუშაოს გარეშე დარჩა. კომპანიის გადაწყვეტილებით, ისინი ამ დროის განმავლობაში ხელფასის 60 პროცენტს მიიღებენ და დაზღვევა შეუნარჩუნდებათ. კომპანიამ გააფორმა ასევე მუშებთან შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ამ დროის განმავლობაში ის ეცდება, დასაქმებულებს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს საბანკო კრედიტის დაფარვაში, თუ ისინი ამ თხოვნით მიმართავენ. თუმცა ეს შეთანხმება სანდო არაა მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარის თემურ გვენეტაძისთვის, რომელიც 21 იანვარს ჭიათურაში აქციასაც დაესწრო:

„დასაქმებულებს ამ ხელშეკრულებებზე სწრაფად მოაწერინეს ხელი, ისე, რომ მათ დოკუმენტის გაცნობის საშუალება არ ჰქონიათ. ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ მყარ გარანტიებს, რომ 20 მაისს მუშაობა აღდგება, ყველა დასაქმებული სამუშაოს დაუბრუნდება და ეს სამუშაო ადგილები იქნება მყარი“.

სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელიაო, ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლელა გვიშიანიც. მისი აზრით, პრობლემა ექმნებათ არა მარტო ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულებს, არამედ, მთლიანად, რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას:

„სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს სოციალური გარანტიები, რადგან ჭიათურას ამ ოთხი თვის მანძილზე ძალიან დიდი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. ამიტომაც საკითხი, პირველ რიგში, სამმხრივ კომისიაზე უნდა გავიდეს და ამ საქმეში პასუხისმგებლობის დიდი წილი თავის თავზე მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აიღოს“.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია, რომლის დებულებაც 2013 წელს დამტკიცდა, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის ხელშეწყობაზე მუშაობს და მას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების თავმჯდომარის თემურ გვენეტაძის თქმით, პროფესიული კავშირები კომისიას აუცილებლად წარუდგენენ ჭიათურის საკითხს განსახილველად, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როდის გაიმართება სამმხრივი კომისიის შემდეგი შეხვედრა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG