Accessibility links

logo-print

დღე მეთვრამეტე - მინის ტარის ქარხნის მუშები გაფიცვას აგრძელებენ


დასაქმებულთა უფლებების დასაცავად გამართული ერთ-ერთი აქცია თბილისში, 2011 წელი

დასაქმებულთა უფლებების დასაცავად გამართული ერთ-ერთი აქცია თბილისში, 2011 წელი

დაბა ქსანში, მინის ტარის ქარხანაში, უკვე მე-18 დღეა გრძელდება ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა. ხელფასის მატება 30%-ით, კოლექტიური მოლაპარაკების გაფორმება და ადგილობრივი პროფკავშირისთვის ქარხნის ტერიტორიაზე სამუშაო ფართის გამოყოფა. სააქციო საზოგადოება „მინაში“ აცხადებენ, რომ გაფიცულების ბოლო ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ხელფასს კი ამ ეტაპზე 30%-ით ვერ გაზრდიან. გაფიცულების განცხადებით, მათი დაბალი ხელფასი მათსავე გაორმაგებულ შრომას არ შეესაბამება.

„ამ ეტაპზე ახალი არაფერია, მუშები გაფიცვას აგრძელებენ და ადმინისტრაციისგან რეაგირებას ელიან“, - გვითხრა ქსნის მინის ქარხნის თანამშრომელმა, პროფკავშირის თავმჯდომარემ თემურ სურამელაშვილმა 22 თებერვალს, მე-18 დღეს დაბა ქსანში გაფიცვის დაწყებიდან. უცვლელია სამი მთავარი მოთხოვნაც, რომელთაგან უპირველესი ხელფასის 30%-ით გაზრდაა. მინის ქარხნის მმართველი კომპანია „შიშეჯამის“ ხელმძღვანელობა მზად არის ამ ეტაპზე თანამშრომლების ხელფასი 4,9%-ით გაზარდოს, ინფლაციის დონის შესაბამისად, „მინის“ თანამშრომლებისათვის კი ეს ძალიან დაბალი პროცენტია. თემურ სურამელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუშის საშუალო ხელფასი 600-650 ლარია, ხოლო თუ ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და მუშების სამუშაო ხელფასს გამოვითვლით, მისი ოდენობა 900-1000 ლარს აღწევს, თუმცა, იმ მძიმე პირობებიდან გამომდინარე, რაშიც მათ უწევთ მუშაობა, ეს არ არის მაღალი და შრომის ადეკვატური ხელფასი. მუშები კვირაში ორ დღეს ისვენებენ, დანარჩენ დღეებში კი 12-საათიან გრაფიკით მუშაობენ - დილის ცხრიდან საღამოს ცხრამდე და საღამოს ცხრიდან დილის ცხრამდე. რაც შეეხება სამუშაოს აღწერას:

„კი, ვიღაცას ეს მართლაც შეიძლება დიდ ხელფასად მოეჩვენოს, მაგრამ უშუალოდ უბანზე რომ ჩამოვა ადამიანი და იქ შრომის პირობებს ნახავს, მერე ყველა იტყვის, რომ ეს არც ისე დიდი ხელფასია. ჩვენთან შემოდის შუშა - დამტვრეული მინა, ბოთლი - და ეს შუშის ლეწი სპეციალურ საამქროში მინარევებს ერევა. ეს მინარევები არის კობალტის ფხვნილი, კირქვა, კაუსტიკური სოდა და სხვა. ამ განყოფილებაში არანაირი პირობა არ არის იმისა, რომ იქ მომუშავეებმა ეს მტვერი არ ჩაისუნთქონ. ჯანმრთელობა ყველას გაუბედურებული აქვს. არის კიდევ ბოთლის დამყალიბებელი მანქანის განყოფილება, სადაც ცხელი წვეთი ჩამოდის, გავარვარებული მინა. იქ სპეციალური ზეთებით ხდება ყალიბების გამაზვა, მანდ კიდევ სასწაული ბოლია ხოლმე, ზეთის ნამწვი და მაღალი ტემპერატურა, 40 გრადუსს რომ სცდება, სარდაფში კი შუშის ფერფლია, სულ თხელი ფერფლი“...

პირველი - ისინი მაქსიმალურად აჭიანურებენ დროს და არ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და, მეორეც, მათი პასუხი და შეთავაზება, თუ საერთოდ ჩაერთნენ მოლაპარაკებაში, არის იმაზე გაცილებით მინიმალური და არაადეკვატური, მუშების მოთხოვნებთან შედარებით...

თემურ სურამელაშვილი ჩივის, რომ მათ ადმინისტრაცია ვერაფრით დაარწმუნეს, რომ ქარხანაში მეორე ღუმლის ამოქმედებამ მუშებს შრომა მოუმატა. ადმინისტრაცია მუშებს პასუხობს, რომ ქარხანაში ძირითადი დატვირთვა მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე მოდის და რომ რეალურად მუშებს საქმე არ მომატებიათ. თუმცა თემურ სურამელაშვილს მოჰყავს მაგალითი ენერგეტიკის განყოფილებიდან, სადაც თავადაც მუშაობს:

„აი, მაგალითისათვის, თუ ელექტრიკოსს ებარა, პირობითად რომ ვთქვათ, 20 ელექტროძრავა და 10 000-ვოლტიანი ქვესადგურის ყურადღება ჰქონდა დავალებული, მეორე ღუმელი რომ გაუშვეს, შესაბამისად, ძრავების რაოდენობამაც მოიმატა. ჩემს სამსახურში თუ ერთ ღუმელზე, სიტყვაზე, სამი კომპრესორი მუშაობდა, ახლა მუშაობს რვა და ამას დატვირთვად არანაირად არ აღიქვამენ, ანუ ეს დამატებითი ყურადღება საქმედ არ ითვლება. მაინცდამაინც რაღაც ტვირთი უნდა იყოს მუშაზე აკიდებული, რომ დამატებით რაღაც აუნაზღაურონ. ასეთი მიდგომა აქვთ“.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ქსნის მინის ქარხანაში მეორე ღუმლის ამოქმედების შემდეგ, რამაც, დოლაბერიძის თქმით, წარმოება ორჯერ გაზარდა, ქარხანას მხოლოდ 40 თანამშრომელი დაემატა. დანარჩენებს კი დატვირთვა მხოლოდ მოემატათ. ხელფასის მომატების მოთხოვნაც მას შემდეგ გაჩნდა:

„რა გამოდის? საწარმოს სიმძლავრის ზრდით მარტო კომპანია ნახულობს სარგებელს და არანაირი სიკეთე ხალხზე არ ნაწილდება. და ეს მაშინ, როდესაც ამ ხალხის შრომაა გაზრდილი და მათი შრომის ხარჯზე ორმაგდება წარმოებაც“.

ლინა ღვინიანიძე

ლინა ღვინიანიძე

ეს არ არის მხოლოდ ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშების პრობლება, მიიჩნევს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე და, ზოგადად, დასაქმებულთა კრიტიკულად გაზრდილ უკმაყოფილებაზე მიანიშნებს ტყიბულში, ჭიათურასა თუ რუსთავში:

„ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არსად საწარმო არ მოდის მაქსიმალურად მოლაპარაკებებზე. პირველი - ისინი მაქსიმალურად აჭიანურებენ დროს და არ სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან და, მეორეც, მათი პასუხი და შეთავაზება, თუ საერთოდ ჩაერთნენ მოლაპარაკებაში, არის იმაზე გაცილებით მინიმალური და არაადეკვატური, მუშების მოთხოვნებთან შედარებით. თუმც კი მუშების მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არის სამართლიანი და ისინი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს აყენებენ საწარმოების წინაშე. და აქ საინტერესოა ის, რომ ამ პროცესში საერთოდ არ ჩანს სახელმწიფო, რომელიც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, რაღაც პოზიციას მაინც აფიქსირებს, და რომელიც ამ პროცესში ერთვება როგორც აქტიური სუბიექტი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“.

კომპანიამ სათავო ოფისთან გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლების ხელფასი, გაფიცვის შეწყვეტის შემთხვევაში, ინფლაციის საერთო დონის შესაბამისად გაიზრდება...

სააქციო საზოგადოება "მინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა თეონა ბაღდავაძემ კი რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თანამშრომლების გაფიცვამ მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საოპერაციო საქმიანობა და ამ ეტაპზე ეჭვქვეშ დგას მომავალი საინვესტიციო შესაძლებლობებიც. თუმცა, მიუხედავად ამისა, აცხადებენ „მინაში“, კომპანია მზად არის დაიწყოს საუბარი მუშებთან კოლექტიურ მოლაპარაკებაზე და პროფკავშირს გამოუყოს ფართი, რაც იყო კიდეც გაფიცულების სამიდან ორი მოთხოვნა. რაც შეეხება მათ უპირველეს და მთავარ მოთხოვნას, ხელფასების 30 %-ით გაზრდას, თეონა ბაღდავაძემ დაადასტურა, რაც მუშებმა და პროფკავშირმაც გვითხრეს, რომ ისინი მზად არიან ხელფასი გაზარდონ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არა 30%-ით:

„კომპანიამ სათავო ოფისთან გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლების ხელფასი, გაფიცვის შეწყვეტის შემთხვევაში, ინფლაციის საერთო დონის შესაბამისად გაიზრდება. კომპანიის თანამშრომლებისათვის ისედაც სტაბილურად გადაიხედება ხოლმე ხელფასები, ქვეყანაში ოფიციალურად არსებული ინფლაციის დონის გათვალისწინებით, და კომპანიაში მომუშავე 227 თანამშრომლის საშუალო ხელფასი 837 ლარია, კომპანიის მიერ გაწეული დამატებითი ხარკების გათვალისწინებით კი, 1000 ლარს აღწევს“.

თეონა ბაღდავაძე კომპანიის სახელით ამბობს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაში თანამშრომლები დამატებით ხელფასს იღებენ. ასევე სარგებლობენ დაზღვევითა და სხვადასხვა სოციალური პაკეტით. მისივე თქმით, ქსნის მინის ქარხანაში, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგის წევრია და შედის მინის მწარმოებელი კომპანიების მსოფლიო ხუთეულში, შრომითი უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების ყველა სტანდარტი დაცულია.

მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცვას აგრძელებს, ქარხანა მუშაობას ამ ეტაპზე სხვა, დაქირავებული მუშახელის ხარჯზე აგრძელებს, რადგან, როგორც სააქციო საზოგადოება „მინაში“ აცხადებენ, მათ შესასრულებელი აქვთ არაერთი ვალდებულება და ამ გაფიცვის გამო დამკვეთებს პროდუქციის მიწოდებას ვერ შეუწყვეტენ.

ხელმძღვანელობის ბოლო სიტყვა ხელფასის 4,9 %-ით გაზრდაა და თუ აქციის მონაწილეები ამ პირობაზე დათანხმდებიან, მინის ქარხანა მუშაობას ჩვეული დატვირთვით განაგრძობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG