Accessibility links

logo-print

ჯაზი და კინო. ნაწილი II


ჩარლი პარკერი, ტომ პოტერი, მაილს დევისი, დიუკ ჯორდანი,1947 წელი

ჩარლი პარკერი, ტომ პოტერი, მაილს დევისი, დიუკ ჯორდანი,1947 წელი

გასულ ოთხშაბათს კინოსა და ჯაზის ურთიერთობაზე ვისაუბრე. მოკლედ, რა თქმა უნდა. რამდენიმე ის ჯაზური თემა გავიხსენე, ამერიკელმა რეჟისორებმა საკუთარ ფილმებში რომ გამოიყენეს. მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ “ჯაზგარეული” ფილმები ათასობით გადაუღიათ, მიუზიკლის გვარისა გნებავთ, მხატვრული თუ დოკუმენტური. შესაბამისად, მხოლოდ ზოგიერთის ხსენება თუ მოვახერხე. ჰოდა, გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე და ორი მათგანი დღეისთვის შემოვინახე, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს - უფრო ზუსტად კი, მუსიკა ამ ფილმებიდან. ამ კომპოზიციებს შეგნებულად არ ვუწოდებ კინომუსიკას, გნებავთ - „საუნდტრეკს“, როგორც ფილმის შემადგენელ ელემენტსა თუ მელოდიურ დანამატს. მარტივი მიზეზის გამო - ამ სტატუსის გარეშეც მათ ჯაზის ისტორიაში შექმნილ ულამაზეს თხზულებებს შორის მოვიაზრებ.

პირველი ფილმი 1987 წლის „სიესტა“ გახლავთ, რომელიც მერი ლამბერტს ეკუთვნის. მისი სახელი უბრალოდ ცნობისთვის ვახსენე, თორემ ისე დიდი ვერაფერი რეჟისორი ბრძანდება, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ტრილერებს იღებს ხოლმე და არც მაინცდამაინც ხეირიანს. „სიესტაც“ ასეთივე ფილმია - ეროტიკულ-ფსიქოლოგიურ-დეტექტიური ბუნების, ზოგს რომ მეტისმეტად მოსწონს, ამბობენ ფანტასტიკურიაო. მე კი ძალიან მოვინდომე, მაგრამ მაინც ვერაფერი გავუგე.

აი, ფილმისთვის შერჩეული მუსიკა კი სულ სხვა ამბავია. მაქვს ეს დისკი. ზედ იმ კაცის სახელი აწერია, რომელიც ჟურნალმა „დაუნბითმა“ ერთხელ ამგვარად დაახასიათა: ჯაზის ინტელექტუალებად აღიარებულ მუსიკოსებზე გაცილებით ღრმა და ერუდირებული ვინმეაო. მარკუს მილერი გახლავთ ეს ბატონი. არადა, ფილმისთვის მუსიკის შექმნა და არანჟირება თავიდან სულ სხვა ჯეელს - მაილს დევისს ევალებოდა, რომელიც ახალგაზრდა მილერს რახანია იცნობდა - ალბომი „Tutu“-ს (1986) გამოცხობაც მოესწროთ. ადგა და დახმარებისთვის უმცროს მეგობარს მიმართა, ფილმის სიუჟეტი ესპანეთში ვითარდებოდა და მუსიკაც იქაური ყაიდის მინდაო.

მაილს დევისს ჩვევა ჰქონდა, რამდენიმე ნოტს აიღებდა ხოლმე ხასიათის შესაქმნელად და შემდეგ მისი ბენდის წევრებს თავად უნდა ევარგათ, დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ, რა და როგორ დაეკრათ. ახლაც ასე მოიქცა. პირტიტველა მილერს ესპანური ინტონაციებით გაჯერებული ზოგადი თემა მოუხაზა, გენდობი, აწი შენ იცი და შენმა კაცობამო. თუკი ხმას გასცემდა, სამუშაო პროცესზე სიტყვა არ დასცდებოდა, სულ ტანსაცმელზე, გემრიელ კერძებზე, მანქანებსა და ქალებზე ელაპარაკებოდა.

ჰოდა, ამგვარი თავისუფლებით გათამამებული მილერიც შეუდგა დევისის დავალების შესრულებას. ახალგაზრდა ბიჭის კვალობაზე საოცრად ექსპრესიული, ემოციურად დაძაბული, ეროტიზმითა და სასიყვარულო გრძნობებით სავსე ულამაზესი ესპანური პოემა შეთხზა. კორიდას მსგავს სანახაობას, ერთგვარ სექსუალურ კარნავალს გაგონებს, სიკვდილისა და სიცოცხლის სუნი რომ ერთდროულად სდის. ერთია მხოლოდ, თავად ფილმში მსგავსი არაფერი ხდება. კინოსა და მუსიკალურ სიუჟეტს საერთო არაფერი აქვთ. ამიტომაც ჯობს, მხოლოდ დისკს მოუსმინოს კაცმა, რომელზეც რასაც კი ხმა გაუდის, ყველაფერზე მილერი უკრავს. საყვირის გარდა, რა თქმა უნდა.



დაბოლოს, ფრანგებში გავერიოთ, რომელთა გულებში ჯაზის სიყვარული ოციანი წლებიდან შეიძურწა. შეიძურწა და სამუდამოდ დარჩა. ამერიკელი მუსიკოსები ხშირად სტუმრობდნენ პარიზულ კლუბებს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილ „სენ-ჟერმენს“, რომელიც ფრანგ მწერალს ბორის ვიანს ეკუთვნოდა. ნიჭიერი ვინმე იყო, საყვირზეც უკრავდა თურმე. საქსოფონისტები კოულმან ჰოუკინსი და ბენი კარტერი აეროპორტიდან პირდაპირ აქ მორბოდნენ ხოლმე, რადგან კლუბში ორთითა ბოშა, ჯანგო რეინჰარდტი, ეგულებოდათ.

1957 წლის ნოემბერში კი კლუბ „სენ-ჟერმენს“ მაილს დევისი ესტუმრა. სამშობლოდან ხელს მხოლოდ დრამერი კენი კლარკი გამოაყოლა, ხოლო ბენდის შემადგენლობა ფრანგი ინსტრუმენტალისტებით გააძლიერა. ერთ-ერთ კონცერტზე ვინმე ჯან-პოლ რაპნო მობრძანდა. მომავალი რეჟისორი იმხანად ლუი მალს ედგა გვერდში - „ეშაფოტის ლიფტს“ უკირკიტებდნენ. ჰოდა, ფილმისთვის მუსიკის შექმნა მესაყვირეს შესთავაზა, რაზეც დევისი სიამოვნებით დათანხმდა.

დევისმა ფლორანსისა და ჟულიენის ამბავი მხოლოდ ერთხელ ნახა. მუსიკის ფურცელზე გადატანისთვის თავი არ გამოუდვია, ფილმი ხელახლა ჩაართვევინა და ბენდის წევრებთან ერთად იქვე შეუდგა იმპროვიზირებას. იმ ტაპიორი-არტისტებივით გაისარჯა, საუკუნის დასაწყისში მუნჯ კინოს რომ ამეტყველებდნენ. ელისეს მინდვრებზე მოსეირნე ჟანა მოროს ფეხდაფეხ მიჰყვა, ქალის ნაბიჯების რიტმით ნაკარნახევი მელოდიური ვარიაციებით დაედევნა და ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი თხზულება შექმნა. თუმცა, რაღა ბევრი ვილაპარაკო, ჯობს ამ ფერად ბალადას მოვუსმინოთ, შავ-თეთრი ფირიდან რომ მოედინება.

XS
SM
MD
LG