Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მოსეკა” - სიყვარულის ქალღმერთი


მამუკა და ზაქარია ნუ მიწყენენ და „საველე სამუშაოები“ მათზე ადრე, ჯერ კიდევ 10 თვის წინ, მე წამოვიწყე. ე.წ. „კარდაკარის“ პრინციპით მთასა თუ ბარში, ქალაქსა თუ სოფლად ბევრ ოჯახს ვესტუმრე. მათი დიასახლისები სხვადასხვა მუსიკალურ ენებზე მეტყველებდნენ - ბერბერული ბლუზით დაწყებული, სკანდინავიური „იოიკით“ დამთავრებული. ჩემი დღევანდელი მასპინძელიც ქალბატონი ბრძანდება - ავანგარდული ჯაზის ენაზე საუბრობს, ბიბოპის აქცენტით. მართალია, 2 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ შენიშვნის გრაფაში შესაბამის ჩანაწერს მაინც არ გავაკეთებ - გავაყალბებ, რადგან ები ლინკოლნია, ხოლო მისი ხმა - უკვდავი.
სინამდვილეში ანა მარია ვულდრიჯი ჰქვია. 1930 წლის 6 აგვისტოს ილინოისის შტატში დაიბადა. სრულწლოვანი შეიქნა თუ არა, აიბარგა და ჰავაიზე რომელიღაც უსახურ ღამის კლუბში ამღერდა. აქ ერთხელ ბილი ჰოლიდეიმ შემოიარა და, გარდა სასიმღერო მანერისა, ლეიდი დეისგან უმთავრესი რამ ისწავლა: საკუთარი ემოციებისა თუ შინაგანი განწყობის გულწრფელი ვოკალური არტიკულირება. ერთხანს მისი სასცენო ფსევდონიმი „გაბი ლი“ გახლდათ, თუმცა ერთმა პროდიუსერმა ურჩია, ნამეტანი კოკობზიკურიაო და აბრაჰამის დარად ები ლინკოლნად მონათლა. ბობ რასელი ერქვა იმ კაცს. მართალია, დიუკ ელინგტონის მარაქაში ტრიალებდა, მაგრამ ებისთვის დრო მაინც გამონახა. მენეჯერული ალღო შესაშური ჰქონდა და ნათლულის ვოკალურმა მონაცემებმაც შეუწყო ხელი. პირველი დისკი - „შეყვარებული გოგოს ამბავი“ - 1956 წელს ჩაიწერა. ალბომი დიდი ვერაფერი გამოდგა, ამიტომ მასზე არ შევჩერდები. იმავე წელს ერთ კომედიურ მიუზიკლშიც გადაიღეს, მერლინ მონროს ნაქონი წითელი კაბა მოარგეს და დაშაქრული გოსპელი ამღერეს. აი, შემდეგი ალბომი კი მართლაც სასწაული გამოუვიდა. ების ხმა კი ისევე ჯადოსნურად ჟღერდა, როგორი სახელწოდებაც ალბომს ჰქონდა: „It’s a Magic“.
მოდი, ასე ვიტყვი: ორმოცდაათიანებში ბლუზს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მღეროდა. ებიც ისტორიაში საშუალო დონის ბლუზისა თუ სოულის შემსრულებლად დარჩებოდა, ბოპერებს რომ არ გადაჰყროდა. მათი შეხვედრა 1957 წელს ხმის ჩამწერ სტუდია „რივერსაიდში“გაიმართა, სადაც სონი როლინსი საქსოფონზე, კენი დორემი საყვირზე, უინტონ კელი ფორტეპიანოზე, პოლ ჩემბერსი კონტრაბასზე და მაქს როუჩი დასარტყამებზე დაუხვდნენ. ალბომი „That’s Him“ ების კარიერის გარდამტეხ ნამუშევრად იქცა. „ქერის ორმოში“ ხომ ჩავარდა და ჩავარდა! ამასთანავე, „ბედიც გაეხსნა“ - ცოლად მაქს როუჩს გაჰყვა, დრამერმა კი თაფლობის მომდევნო წლები იმ ზღაპრულ სამყაროში გაატარებინა, რომელსაც „ბიბოპი“ ჰქვია. მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ები ხუმრობით იხსენებდა: გავიცანი თუ არა, ჩემი წარსული - მათ შორის, მერლინ მონროს კაბაც - ბუხარში მოვისროლე და მაქსს უკანმოუხედავად ავედევნეო. მართალია, ერთად 8 წელი იცხოვრეს, მაგრამ შვილი არ მიეცათ. სამაგიეროდ, მათი სიყვარულის ნაყოფად ერთობლივ ნამუშევარს - „თავისუფლების სიუიტას“ -დავასახელებდი. მუსიკალურ ღირებულებას რომ თავი დავანებოთ, თხზულება გაბრაზებული მუსიკოსების ხმამაღალი, ჯაზური ამბოხი გახლდათ იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც აფროამერიკელები იმ წლებში გამალებით ებრძოდნენ. სამოქალაქო უფლებების დასაცავად შექმნილი ამ ალბომის პათოსი მეტად რადიკალური გამოდგა, შოუბიზნესს რომ შეეფუთა და წარმატებით გაეყიდა. მიუხედავად ამისა, ალბომი ამერიკული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპროტესტო აქციად ითვლება.
სამოციანი წლების დასაწყისიდან ები აფროამერიკელთა უფლებებისთვის ბრძოლაში თავით გადაეშვა და ჯაზური სცენა დაახლოებით 20 წელი აღარც გახსენებია. რაღაც ხანს აფრიკაში იცხოვრა, სადაც პატივისცემის ნიშნად გვინეელები „მოსეკად“ (სიყვარულის ქალღმერთად) მოიხსენიებდნენ. ეს უკანასკნელი იმდენად მოსწონდა, რომ კარგა ხანს ხელს ასეც აწერდა: ები „მოსეკა“ ლინკოლნი. 80-იან წლებში ნიუ-იორკში დაბრუნდა და საკუთარი სიმღერების წერას მოჰყვა. ორი ალბომი ბილი ჰოლიდეის მიუძღვნა, შემდეგ სტენ გეტცთან ერთადაც წაიმუშავა. მაგრამ ეს ის ძველი ები აღარ გახლდათ. ბიბოპისეული ჯაზური ენა მიივიწყა, ფოლკ-როკულ და ქანთრი-ბლუზურად უქცევდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დისკი გამოსცა, რომლის შესახებაც „ვაშინგტონ პოსტს“ გაესაუბრა: დიდი დღე არ მიწერია და ჩათვალეთ, რომ ეს ალბომი ჩემი ერთგვარი გამოსათხოვარია და, ამასთანავე, ანდერძიცო. თუ რა დაიბარა, ამ სიმღერით უჩემოდაც შეიგრძნობთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG