Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღრიბული ბლუზი


სუად მასი
სუად მასი
ერთ მომთაბარე ბერბერს ჰკითხეს, მთელი ცხოვრება უდაბნოში ეულად რომ დაეხეტები, რატომ არავის ეკარებიო? ტუარეგი გახლდათ ის კაცი, იმ ხალხის შვილი, თავს „იმოშაგებად“, ანუ „თავისუფალ ადამიანებად“ რომ მოიხსენიებენ. უპასუხა, თურმე: სიმარტოვე ნეტარებაა და საშუალება რომ მქონდეს, საკუთარ თავსაც სიამოვნებით გავეყრებოდიო. ბრძენი კაცი გახლდათ და სიმარტოვეში პოულობდა დამოუკიდებლობას, საჰარის აუტანლად მწველ, მაგრამ საოცრად მშვიდსა და უკიდეგანო სიმარტოვეში.

ჩვენი დღევანდელი სიუჟეტის გმირებიც ბერბერები იქნებიან უდაბნოდან - ქალები, რომელთაც სისხლში აქვთ თავისუფლების წყურვილი, როგორც მათ წინაპარს, მოხეტიალე ტუარეგს.

მარიემ ჰასანით დავიწყოთ, რომელსაც „ქვიშის მუსიკოსს“ დავარქმევდი. მის ცხოვრებას სადა და გულახდილი აღწერა სჭირდება. არსებითად ბევრი არც არაფერია მოსაყოლი. კონკრეტულად, სად დაიბადა, არავინ უწყის. ამ ადგილის მიგნება მხოლოდ ნამდვილ ბერბერს თუ შეუძლია, ამიტომ ასე ვთქვათ: სადღაც დასავლეთ საჰარაში, მოძრავ დიუნებსა და ბარხანებში. მომთაბარე ოჯახი გახლდათ, კარ-მიდამოს გარეშე. არც ისეთი რამე ებადათ, ერთ ადგილს რომ მიჯაჭვოდნენ და ისინიც მთელი ცხოვრება ხეტიალის იშტაზე იყვნენ.

ამა თუ იმ მუსიკოსის ბიოგრაფიის თხრობისას ხშირად იმ არტისტებს ასახელებენ ხოლმე, რომელთა შემოქმედებამ ბავშვობაში უდიდესი გავლენა მოახდინა. პატარა მარიემის შემთხვევაში კი ასე არ ყოფილა. აბა, სად უნდა მოესმინა, ვთქვათ, „ბიტლზი“ ან თუნდაც ლუი არმსტრონგის მუსიკა? ან განათლება სად უნდა მიეღო? სამაგიეროდ, მთელი ჯალაბობა სახალხო მთქმელები თუ პოეტები ჰყავდა და კოცონთან მათი ღამეული თავყრილობები, ძველი ბერბერული სიმღერები, საჰარის აისი თუ დაისი იყო გოგონას სკოლაც და კოლეჯიც.



70-იან წლებში დასავლეთ საჰარა მაროკომ და მავრიტანიამ დაინაწილა. ბერბერთა ნაწილმა ალჟირის მიწებს შეაფარა თავი, ნაწილმა კი თავისუფლებისთვის ბრძოლა არჩია. მარიემი 20 წლის იყო, როცა ერთი მეგობარი ეწვია, ამბავი მოუტანა, შენი 2 ძმა მაროკოელ სამხედროებთან ბრძოლაში გმირულად დაეცაო. ატირდა და დარდისგან პირველად მაშინ ამღერდა. ძმები ბერბერული ბლუზით გამოიტირა. დიახ, სწორედ რომ ბლუზით. ის ხომ სევდასა და მელანქოლიას ნიშნავს, მუსიკალურ-ტონალურ ფორმაში გამოხატული ტკივილის განცდა და თავისუფლების წყურვილია. ბოლოს და ბოლოს, აფრიკაა ბლუზის სამშობლო, ბერბერები კი ამ კონტინენტის უძველესი მოსახლენი არიან.

მარიემ ჰასანის სიმღერებიც ომებში დაღუპულ მეომრებსა და წართმეულ სამშობლოზეა. ბერბერულ სისხლში ამოვლებული, ამაყი ხმით ნამღერი ბლუზებია თავისუფლებაზე.



ახლა კი სუად მასის დროც დადგა - ბერბერი გოგონასი, რომელიც, თავისი კოლეგისგან განსხვავებით, ახალგაზრდა და ქორფაა. 1972 წელს დაიბადა ალჟირში. ბავშვობაში ნამდვილად არ იცოდა, მოწყენილობა რა იყო: დედა ჯეიმს ბრაუნს ასმენინებდა, ბიძა კი ჯონ კოლტრეინისა თუ მაილს დევისის ჩანაწერებს - თავისუფლების მუსიკას. ამიტომ გასაკვირი არაა, ამ ქვაბში მოხარშულს ფუნდამენტალისტურ ტენდენციებთან შეჯახება რომ ადრევე მოუხდა. ის ხომ იმ საზოგადოების წევრი გახლდათ, სადაც ჯინსებში მომღერალი ქალი - „ჰარამად“ (ცოდვად), არაბულ სამყაროში ბერბერულ ენაზე მომღერალი გოგო კი საერთოდ „ქუფრად“ (ურჯულოებად) ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, წამოიზარდა თუ არა, თანამოაზრე „ჯინსების თაობის“ გოგო-ბიჭებისგან საკუთარი როკ-ჯგუფი მაინც შექმნა, თანაც იმ წლებში, როცა სამხედროებსა და ისლამისტ ფუნდამენტალისტებს შორის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.



ისე, დიდი ოხერი ვინმე კი იყო: კომენდანტის საათის დროს ქუჩა-ქუჩა მალვით მიიპარებოდა ხოლმე რეპეტიციებზე, სადაც მეგობრებთან ერთად ექსპერიმენტებს ატარებდა ხალხური მუსიკისა და როკ-მუსიკის სინთეზისათვის. და, რაც მთავარია, ყოველივე მიუღებელს სიმღერებით აპროტესტებდა: ომს, ძალადობას, ჩამყაყებულ კლიშეებს აზროვნებაში, რელიგიურ ფანატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და ქალთა დათრგუნვის პატრიარქალურ ფორმებს. ამას, აბა, ვინ შეარჩენდა და ფუნდამენტალისტების შავ სიაში მოხვდა, ჩაქოლვასაც რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა. იმდენი ქნა, რომ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუხდა ქვეყნიდან გაქცევა. პარიზში გადასახლდა და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

თუმცა სუადს გამჩენი იქაც არ ასვენებს. ალჟირში ქალთა უფლებების დარღვევებზე, ეთნიკურ უმცირესობათა შევიწროებაზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასა თუ ქსენოფობიაზე მღერის.

ფრანგებს უყვართ მისი მუსიკა, მეამბოხე სულის გამო ბერბერი „ჯოან ბაესიც“ კი შეარქვეს. მოკლედ, არც წარმატება აკლია და არც პოპულარობა. თუმცა სულ სევდიანია, რადგან ევროპაში მაინც უცხო ტომის შვილი, სამშობლოში კი მიუღებელია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG