Accessibility links

logo-print
4 ოქტომბერს ეს გოგო მთელმა მსოფლიომ გაიხსენა. ჟურნალებმა მისი ბებერი მეგობრები გამოქექეს და ათასჯერ მონათხრობი მოგონებები ხელახლა დააფქვევინეს, ტელევიზიებმა ვუდსტოკის კადრები დაატრიალეს - „მაგარი დრო იყოო“. ფეისბუკზეც დაპოსტეს მისი სიმღერები და კომენტარებიც არ დაიშურეს, მაგალითად, ასეთი: „ღმერთო, იგი დაგვიბრუნე და ბრიტნი სპირსი წაიყვანეო!“. ლოს-ანჯელესში კი ბებერი ჰიპები განსაკუთრებულად გამოთვრნენ. ასე ჩაიარა ამ დღემ, რადგან ზუსტად, 41 წლის წინ, 4 ოქტომბერს ჯენის ჯოპლინი გარდაიცვალა – ერთ-ერთი დაუვიწყარი ხმა მუსიკის ისტორიაში.



თუმცა, რა და როგორ იყო ჯოპლინის ამბები, მელომანებს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, ამიტომ მისი ბიოგრაფიისა თუ შემოქმედების შესახებ საუბრით თავს არ შეგაწყენთ. მთავარი მაინც გაგრძელებაა, თუ რა იყო მერე.

როკი და საქართველო


„ყველას უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ყველაფერი კარგად იქნებაო“ – „ოცდაშვიდიანელებმა“ ბევრი კი იყვირეს, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ თურმე ეს ფუჭი იმედები ყოფილა, თანაც ბავშვურად გულუბრყვილო – ყვავილმა M16-ის შაშხანას მაინც ვერაფერი დააკლო. მოკლედ, ამოწყდა ჰიპების თაობა, მასთან ერთად ოცნებაც თავისუფალ სიყვარულზე თუ მშვიდობაზე. ერთ დროს მეამბოხე ტიპებმა თმები შეიჭრეს, ბაინდერებით გადატენილ კოხტა ოფისებში მოკალათდნენ და ჰალსტუხებიც მოიხდინეს. მორჩა.

მიუხედავად ამგვარი სევდიანი ფინალისა, როკ-მუსიკამ, როგორც სულიერმა მდგომარეობამ, შეიძლება ითქვას, რომ ერთხელ მაინც ააფორიაქა ამერიკელი გოგო-ბიჭები და დაგროვილი პროტესტის გრძნობის ხმაურით გამოთქმა ასწავლა. მერე რა, რომ გლობალური შედეგი ვერ გამოიღო? იბრძოლეს მაინც და 40 წლის წინ გამოთავისუფლებული ენერგიით დღესაც იკვებებიან ხოლმე.



ახლა მოდი მათ თავი დავანებოთ და ჩვენიც ვთქვათ. ჯოპლინის, ჰენდრიქსის თუ მორისონის მუსიკამ ქართველი ყმაწვილების მეამბოხე სულის ჩამოყალიბებას უდიდესი სამსახური გაუწია. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ისინი დღემდე ბობოქრობენ, როკ-მუსიკით გამოხატავენ პროტესტს ყოველივე მიუღებლის მიმართ. ხომ გეხამუშათ ეს სიტყვები? იმიტომ რომ ვიტყუები. ასე რომ, უტიფრად არ ვიცრუებ და იმ მწარე სინამდვილეს გაგიზიარებთ, რომელსაც თავად მოვესწარი.

ამისათვის 90-იან წლებში დავბრუნდები, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილს უკვე აღარ წარმოადგენდა. როკ-მუსიკაც აღარ იდევნებოდა და თითქოს ყველა პირობა შეიქმნა იმისათვის, თავისუფლების მუსიკას დაწაფებოდი, თანაც, რაც აქამდე გვაკლდა – საკუთარის შექმნით აგვენაზღაურებინა.

მაგრამ ვერ მოვიცალეთ, რადგან ჯერ მოქანდაკე თენგიზის თბილისური შემოქმედებით ვტკბებოდით რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი შავლეგის შავ ჩოხას ვახამებდით სისხლში.

მიუხედავად ამ მძიმე ყოფისა, ვერ ვიტყვი, რომ მუსიკისთვის არ გვეცალა მეთქი, მუსიკალური კონკურსებიც იმართებოდა. როგორც წესი, – ჭირსა შიგან გასამაგრებლად. იყო, მაგალითად, ასეთი: „საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!“. მასში გამარჯვებულ ახალგაზრდა მომღერლებს კი დიდ მომავალს ჰპირდებოდნენ, შემდეგ კლიპები რომ გადაეღოთ ვახტანგ გორგასლის ძეგლის ფონზე და ჯაჭვის პერანგი შემოეხვიათ სამშობლოსათვის. ჰოდა, ასე მღეროდა წლების მანძილზე სრულიად საქართველო, მსგავსად იმ ბავშვისა, სიბნელით შეშინებული სიმღერით რომ იმშვიდებს თავს.

როკ-ბენდებს რაც შეეხება, ალაგ-ალაგ ისინიც გამოყოფდნენ ხოლმე თავს. თუმცა, ამ ბენდებს სულ სხვა „ბენდები“ ჭარბობდნენ მაინც – ქუჩის ბანდებს ვგულისხმობ, ქუჩა-ბანდებში რომ დაქროდნენ შავი რეიბანებით. ისინი ბარი უაიტს და ელ ჯეროს უსმენდნენ, უყვარდათ მაშინ... ახლაც უყვართ, თუმცა, იმხანად მაინც მეტი ვნება ტრიალებდა.

ოთხმოცდაათიანებში ერთ ბიჭს ვიცნობდი, სახელს მნიშვნელობა არა აქვს. გიტარაზე უკრავდა, ჰენდრიქსზე, „დორსზე“ და ჯოპლინზე აფრენდა. მზრუნველი მშობლები კი უჩიჩინებდნენ, ეგ ხალხი ბნელეთის მოციქულები არიან, გარყვნილი და გაფუჭებული ხალხიო. განსაკუთრებით შვილის ჯოპლინით გატაცებას ვერ ეგუებოდნენ, შიშობდნენ, ვინმე ლოთი “აშარაშკა” არ მოეყვანა ცოლად. მაგრამ რად გინდა? ურჩი იყო და თავისას მაინც არ იშლიდა, თითების გადაფლეთამდე აჩხაკუნებდა გაქუცულ „ფენდერს“.

მას დიდად არც უბანში წყალობდნენ, რადგან სერჯო ლეონეს „ერთხელ ამერიკაში“ არ უყვარდა, ფორმანის „თმები“ ერჩივნა, გრძელ თმებსა და დახეულ ჯინსებს ატარებდა. ამის გამო კი მაგრად ერჩოდნენ ბარი უაიტის რეიბანიანი ბიჭები, სწორედ ისინი, ზემოთ რომ ვახსენე - მალე საყურესაც გაიკეთებსო.

ასე იცავდა თავს სრულიად საქართველო როკ-მუსიკის ფათერაკისგან და ბარი უაიტის თუ ელ ჯეროს შოკოლადივით ტკბილი სიმღერებით ემიჯნებოდა საზიზღარ როკენროლს. საქართველოსა და როკის ფაქიზი ურთიერთობის ამბავს შემდეგ გადაცემაში გავაგრძელებთ, ჩემს ნაცნობს კი რაც შეეხება, ბოლოს რომ ვნახე, ჰენდრიქსის Who Knows გავარჩიეო, გახარებულმა მითხრა. იმის მერე არც შემხვედრია და მართლაც, Who Knows, სად არის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG