Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2012 წლის სამი ჯაზური ალბომის შესახებ


ამერიკელი კონტრაბასისტი ჩარლი ჰეიდენი პესკარის (იტალია) ჯაზფესტივალზე გამოსვლისას (1990 წ.)
ამერიკელი კონტრაბასისტი ჩარლი ჰეიდენი პესკარის (იტალია) ჯაზფესტივალზე გამოსვლისას (1990 წ.)
ერთ-ერთ წინა სიუჟეტში ბობ დილანის, პოლ მაკარტნისა და ლეონარდ კოენის დისკებზე ვისაუბრე, რომლებიც 2012 წელს გამოცემულ ალბომებს შორის ყველაზე მეტად მეძვირფასა. დღესაც გასული წლის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შევეხები, ოღონდ ამჯერად ერთ-ორ ჯაზურ ამბავს მოვყვები.

შობა-ახალი წლები გოსპელისა თუ სპირიჩუელის გარეშე რომ წარმოუდგენელია, ალბათ, დამეთანხმებით. დიახ, იმ ტრადიციულ საგალობელს ვგულისხმობ, რომელიც მაჰალია ჯექსონმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გადააქცია უნიკალურ მუსიკალურ ჟანრად. მაგრამ ამჯერად ამ რელიგიურ-მუსიკალური ფენომენის ინსტრუმენტულ ფორმაზე მექნება საუბარი და ჩარლი ჰეიდენს ვახსენებ. კონტრაბასისტს ცხოვრების მანძილზე ბევრი დუეტი ჰქონია - „ფრი ჯაზის“ დამფუძნებელ ორნეტ კოლმენით დაწყებული, მეთინითა თუ ჯარეტით დამთავრებული. პიანისტ ჰენკ ჯონსს კი პირველად 1995 წელს გადაეყარა, მაშინაც საეკლესიო ჰიმნები ჩაწერეს, ხოლო 15 წლის თავზე კვლავ განაგრძეს ღვთის სადიდებელი დიალოგი. დისკს „Come Sunday“ ჰქვია და ისეთ ცნობილ საგალობლებს აერთიანებს, რომლებიც თავის დროზე მაჰალია ჯექსონს, ელა ფიცჯერალდს, ელვის პრესლისა და მრავალ სხვა პატივსაცემ ვოკალისტს შეუსრულებია. თუმცა ალბომის გემო იმაში გახლავთ, რომ აქ ვერსად იპოვი ეგზალტირებულ პასაჟებს, ექსტატურ რელიგიურ მუხტს, როგორც ეს გოსპელ-სპირიჩუელის ტრადიციულ ფორმებს ახასიათებს - მუსიკოსები რბილი, ნატიფი და დამცხრალი ბგერებით მეტყველებენ. ალბომს სევდიანი მხარეც აქვს - ჰენკ ჯონსი მასალის ჩაწერიდან სულ რამდენიმე თვეში, 92 წლის ასაკში, გარდაიცვალა და “Come Sunday“ ამ დიდებული პიანისტის უკანასკნელი ალბომი გამოდგა, გნებავთ, ერთგვარი რიტუალი, ღმერთთან შესაყრელად მუსიკალურ ენაზე თქმული აღსარება.

მუსიკოსს, რომელსაც ახლა გავიხსენებ, ზოგიერთი თაღლითად მოიხსენიებდა. საქმე ის გახლავთ, რომ ხელწერას უწუნებდნენ, ბრაზობდნენ, ჯაზთან საერთო არაფერი აქვსო. ნაწილობრივ მართლებიც ბრძანდებოდნენ - შვედ პიანისტ ესბიორნ სვენსონს ჯაზური მუსიკის რთული, ეკლიანი გზებით არ უვლია და მის შემოქმედებას ჯაზური ელემენტებით გაჯერებული პოპი უფრო ეთქმის, ვიდრე ასპროცენტიანი ფიუჟენი. საფირმო მუსიკალური კერძის რეცეპტი თავადაც არასოდეს დაუმალავს: ბევრი ჰიპ-ჰოპი, პოპი, ფანკი და მხოლოდ ცოტაოდენი ჯაზური რიტმული ფორმულები. ამგვარი პროპორციების გამო, შვედის ალბომები უფრო იყიდებოდა, ვიდრე წმინდა წყლის ჯაზური დისკები და არც ჩინ-მედლები დაჰკლებია: „ბი-ბი-სი“-ს წლის საუკეთესო არტისტის
ესბიორნ სვენსონის ტრიო ვიტორია-გასტეისის (ესპანეთი) ჯაზფესტივალზე გამოსვლისას (2001 წ.)
ესბიორნ სვენსონის ტრიო ვიტორია-გასტეისის (ესპანეთი) ჯაზფესტივალზე გამოსვლისას (2001 წ.)
წოდება, ჰანს კიოლერის სახელობის ჯილდო, შვედური თუ ფრანგული „გრემი“, ოქროს, პლატინის დისკები და მრავალი სხვა. მართალია, კრიტიკოსებს გულზე დიდად არ ეხატებოდათ, მაგრამ ყველანი ერთხმად აღიარებდნენ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდა მსმენელი ჯაზთან მან უფრო დააახლოვა, ვიდრე მისმა სახელოვანმა და ინტელექტუალმა კოლეგებმა. სამწუხაროდ, მუსიკოსის ცხოვრება შემოქმედებითი სილაღის პერიოდში დასრულდა: დაივინგის დიდი მოყვარული გახლდათ და 2008 წელს, 44 წლის ასაკში, სტოკჰოლმის მახლობლად მდებარე ტბაში ტრაგიკულმა შემთხვევითობამ იმსხვერპლა. ჰოდა, ესბიორნ სვენსონის ამბავი იმიტომ გიამბეთ, რომ გასულ წელს შვედების ალბომი „301“ გამოვიდა, სადაც ის მასალა გახლავთ შესული, ტრიომ თავის უკანასკნელ ავსტრალიურ ტურნეში პიანისტის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე რომ ჩაწერა. დიახ, „301“ სკანდინავიური ჯაზის კიდევ ერთი სიამაყის, ესბიორნ სვენსონის ბოლო ნაშრომი გამოდგა, სადაც ახალგაზრდა, უსაშველოდ ნიჭიერი, ენერგიული, ნოვატორული იდეებით სავსე პიანისტის მედიტაციურ იმპროვიზაციებს უკანასკნელად მოვისმენთ.

დაბოლოს, გოზინაყივით ტკბილი ამბავი. ახალგაზრდა ლიბანელ მესაყვირეზე - იბრაჰიმ მაალუფზე. მისი სადებიუტო დისკი "Diasporas" 2007 წელს გამოიცა, რომლის თანაავტორად კანადელი კომპოზიტორი და ვოკალისტი ლასა დე სელა გახლდათ. მაშინ ალბომს "აღმოჩენა", "უაღრესად ნატიფი, ელეგანტური ნამუშევარი" და, უბრალოდ, "შედევრი" უწოდეს. გასულ წელს კი ფრანგული კინოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მესაყვირე მეტად საამო ექსპერიმენტში
იბრაჰიმ მაალუფი ავტოგრაფს აძლევს თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს (სტამბოლი, 2012 წლის 9 ოქტომბერი).
იბრაჰიმ მაალუფი ავტოგრაფს აძლევს თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს (სტამბოლი, 2012 წლის 9 ოქტომბერი).
ჩაითრია: იბრაჰიმს არქივებიდან რომელიმე მუნჯი ფილმი უნდა ამოერჩია და მისი საუნდტრეკი შეექმნა. ასეთი კი რენე კლერის 1927 წლის "ქარის მოტანილი" გამოდგა. ჰოდა, არტისტიც თავისი კერპის მსგავსად, მაილს დევისივით გაისარჯა, ფლორანსისა და ჟულიენის ამბავი ულამაზეს მუსიკალურ თხზულებად რომ აქცია "ეშაპოტის ლიფტში". რენე კლერის ფილმისათვის შექმნილი მუსიკა დისკის სახით გასულ წელს გამოვიდა. მას "ქარი" ჰქვია და მშვენიერი საჩუქარი გახლავთ მათთვის, ვისაც ჯაზური საყვირის არაბული აქცენტი და მათრობელა აღმოსავლური მედიტაციები ხიბლავს.
XS
SM
MD
LG