Accessibility links

logo-print
მომღერალი და კომპოზიტორი ჯონ უელდონ კეილი - იგივე ჯეი ჯეი კეილი - 1938 წელს ოკლაჰომა სიტიში დაიბადა. მამამისი მკაცრად უკონტროლებდა მუსიკალურ მიდრეკილებებს, ბლუზურ თუ ჯაზურ ფირფიტებს ასმენინებდა. როგორც თავად იხსენებდა, ლეს პოლისა და ჩაკ ბერის საგიტარო საშემსრულებლო ტექნიკით მოხიბლული, მათ კოპირებას ლამობდა. რომ არაფერი გამომივიდა, საკუთარი მოვიგონეო. დიახ, კეილმა ადრეულ ასაკში შექმნა საკუთარი უნიკალური საშემსრულებლო ხელწერა, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა – 2-3 წუთიანი ლაღი, მსუბუქად სასმენი თხზულებები მინიმალისტური არანჟირებითა და საგიტარო სოლოების გარეშე, კარგად ნაფიქრი ლირიკითა და ბლუზურ-ჯაზური ჰარმონიული სვლებით. ჰოდა, მუსიკალური კარიერაც 16 წლის ასაკში დაიწყო, როცა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა, ზურგზე გიტარა გადაიკიდა და მშობლების სახლი თვითნებურად მიატოვა. ჯერ ქალაქის კლუბებსა თუ ბარებში დაძვრებოდა, ემანდ სადმე დასაკრავი ხომ არ გეგულებათო, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში ამოყო თავი, სადაც საკუთარი როკ-ჯგუფი შექმნა. აქვე რამდენიმე სიმღერა დაწერა, მათ შორის, ცნობილი „After Midnight“, რომელიც იმხანად ვერავინ შეამჩნია და სამწუხაროდ, დღესაც ბევრს ერიკ კლაპტონის ნამოქმედარი ჰგონია.



ერიკ კლაპტონი, ჯონი კეში, ბრაიან ფერი, მარკ ნოპფლერი, სანტანა, ნილ იანგი და სხვა გამოჩინებულნი არასოდეს მალავდნენ ჯეი ჯეი კეილის უდიდეს გავლენას მათ შემოქმედებაზე, მაესტროს საუკეთესო მეგობრად და მასწავლებლად მიიჩნევდნენ. მისი სტანდარტად ქცეული მინიატურები არაერთხელ გადაამღერეს და გვარიანად იხეირეს კიდეც. ერთ-ორ მათგანს მეტად საინტერესო ისტორიაც აქვს. მაგალითად, სიმღერა „The Sensitive Kind“ კეილის ყმაწვილკაცური ვნებების ნაყოფი, სიყვარულის თემაზე შექმნილი ულამაზესი ბალადა გახლავთ, მაგრამ რად გინდა? რადიოსადგურებმა არც კი განიხილეს ეთერში დატრიალების საკითხი. სამაგიეროდ, სანტანას ვარიანტი აიტაცეს. მეტიც, კარლოსის ვერსია კარგა ხანს ამერიკულ თუ ბრიტანულ მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობდა. იგივე ბედი ერგო, საქვეყნოდ ცნობილ „კოკაინს“, რომლის თავდაპირველი, კეილისეული ვერსია ჯაზური ბუნებით გამოირჩეოდა. პროდიუსერების რჩევით, როკულ ყაიდაზე გადააწყო და რიგით მეოთხე ალბომში „Troubadour“-ში შეიტანა. რადიოსადგურებმა, იმის გამო, რომ ტექსტში ნარკოტიკი ფიგურირებდა, უარი განაცხადეს „კოკაინის“ ეთერში გაშვებაზე. თანაც, ავტორი არც მაინცდამაინც სახელოვან ფიგურად მიიჩნიეს, ანგარიში რომ გაეწიათ. ერთი წლის თავზე კი იგივე სიმღერა ერიკ კლაპტონმა შეასრულა, რომელიც ყველა რადიოსადგურმა უპრობლემოდ დაატრიალა. ამ როკურ-ბლუზური შედევრით, თუ გახსოვთ, მაშინ ჯგუფი „ნაზარეთიც“ მოვიდა ფერზე.



ჯეი ჯეი კეილმა 20-ზე მეტი სოლო ალბომი გამოსცა და რამდენიმე ათეული საქვეყნოდ ცნობილი ჰიტი გამოაცხო, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია 80-90-იანი წლების რიტმენბლუზურ ბგერასა თუ ესთეტიკაზე. სიცოცხლის ბოლო წლებში კი ყველაზე ხშირად ერიკ კლეპტონთან თანამშრომლობდა. ამ უკანასკნელმა 2004-ში დალასში ბლუზური ფესტივალი „გზაჯვარედინი“ გამართა, სადაც ერთად წარდგნენ მსმენელის წინაშე. გამოსვლამ ერთობლივი ალბომის ჩაწერაზე დააფიქრათ. დისკმა „გრემი“ დაიმსახურა, როგორც თანამედროვე ბლუზის წლის საუკეთესო ალბომმა. «The Road to Escondido» ჯეი ჯეი კეილის, როგორც კომპოზიტორის, ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარიც გახლავთ.



ამერიკელი კრიტიკოსების აზრით, ჯეი ჯეი კეილი არასათანადოდ აღიარებული კომპოზიტორი და შემსრულებელია. მსმენელის უხეირობა აქ არაფერ შუაშია, რადგან ასე თავად კეილს სურდა. მთელი ცხოვრება ჩრდილში ყოფნა ერჩივნა და საკუთარ თავზე განსჯა-მსჯელობა დიდად გულზე არ ეხატებოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში უთქვამს: ‘’...ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსი ხარო, მეუბნებიან. სასიამოვნოა ამგვარი შეფასების მოსმენა, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ხოტბა-დიდება გვარიანად მაღიზიანებს, მუსიკის კეთებასა და მშვიდად ძილში მიშლის ხელს...’’. ჰოდა, ასე უმეზობლოდ იცხოვრა ოკლაჰომას რომელიღაც ტყეში, ტბის პირას სახელდახელოდ აგებულ ხის ქოხში: ღიღინით ხან თევზაობდა, ხან ველოსიპედით სეირნობდა, ხანაც ბაღში ფუსფუსებდა. მერე ამ დაღიღინებულს ფურცელზე გადაიტანდა და ან საკუთარ ალბომებში უყრიდა თავს, ან სხვა შემსრულებელს გადაულოცავდა ხოლმე. ჯეი ჯეი კეილი ამ ზაფხულს, ივლისის მიწურულს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG