Accessibility links

ფრანგ მომღერალ მინა აგოსის შემოქმედება ძნელია რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ მიმართულებას მიაკუთვნო. მის ალბომებში უხვადაა ჰიპ-ჰოპის, მსოფლიო მუსიკის, ეთნოს, ბლუზის, როკისა და ჯაზის ელემენტები. კრიტიკოსების აზრით, ამგვარი ჟანრობრივი „არეულობა“, ერთი მხრივ, არტისტის ორიგინალობასა და მრავალმხრივობაზე მეტყველებს, ხოლო, მეორე მხრივ, პრობლემებს უქმნის მსოფლიო სცენაზე საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ასეა თუ ისე, მინა აგოსის ნამოქმედარი იმ ერთგვარ ანდერგრაუნდად განიხილება, რომელსაც ყოველთვის მსმენელთა ვიწრო წრე ჰყავს.

დედით ფრანგი და მამით ბენინელი მინა აგოსი 1972 წელს საფრანგეთში დაიბადა. ბავშვობაში სამსახიობო კარიერაზე ოცნებობდა, თეატრალური სცენისთვის ემზადებოდა, თუმცა მის სურვილს ახდენა არ ეწერა. სამუშაოს საძებნელად მშობლები ხშრად გადაადგილდებობდნენ. ჰოდა, 20 წლამდე მინას ხან ნიგერიასა და მაროკოში, ხანაც ამერიკასა და ესპანეთში უხდებოდა ცხოვრება. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა მუსიკალური ხელოვნებით, უფრო ზუსტად კი, მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ეთნიკური მოტივებით, რამაც მოგვიანებით უდიდესი გავლენა მოახდინა არტისტის საშემსრულებლო ხელწერის ჩამოყალიბებაზე.

ყველაფერი კი 1992 წელს დაიწყო. მორიგი მოგზაურობიდან საფრანგეთში დაბრუნებულმა, მეგობრების წრეში გამართულ წვეულებაზე საკუთარი ბლუზური თხზულება შეასრულა. ამ თავყრილობას ერთი პროფესიონალი საქსოფონისტი ესწრებოდა, რომელიც ისე მოიხიბლა მოსმენილით, მინა დიქსილენდ ბენდში მიიწვია. წარმატებამაც არ დააყოვნა - ვოკალისტის წყალობით, ბენდი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბურ პროექტად იქცა. თუმცა, მუსიკალური ესთეტიკის თვალსაზრისით, მინა მაქსიმალისტი გახლდათ და დიქსილენდის ვიწრო ჩარჩოებში გამოკეტვას არ აპირებდა. ბენდიდან წასვლის შემდეგ საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომიც აუთვისებელ მუსიკალურ სივრცეებში ექსპერიმენტის კეთების პირველი მცდელობა გამოდგა. 1995 წლის დისკი რამდენიმე მიზეზის გამო გახლდათ საინტერესო. ჯერ ერთი, მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი მინას თხზულებებისგან შედგებოდა და, მეორეც, ნოვაციური იყო მუსიკალური სხეულიც - არტისტის იმპროვიზაციულ პასაჟებს მხოლოდ კონტრაბასი ახლდა.

სადებიუტო ალბომის წყალობით, მინა აგოსიმ ხმა დიდ ჯაზურ სცენას მიაწვდინა. მისი უჩვეულო საშემსრულებლო მანერითა და საკომპოზიტორო ნიჭით მრავალი პროდიუსერი დაინტერესდა. ბევრმა ჯგუფმა თუ მუსიკოსმა სცადა მისი მოხელთება და საკუთარ პროექტებში ჩაბმა, მაგრამ არტისტი ყველას უარით ისტუმრებდა და საკუთარი ტრიოს ფორმატში განაგრძობდა საკონცერტო თუ სტუდიურ მოღვაწეობას. 1995 წლიდან დღემდე ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავებული 12 ალბომი გამოსცა, სადაც, საკუთარი თხზულებების გარდა, ცნობილი ჯაზური და როკსტანდარტების თავისებური ინტერპრეტაციები წარმოადგინა. ერთადერთი გამონაკლისი, ვისთანაც ამ ხნის მანძილზე ითანამშრომლა, იყო ამერიკელი საქსოფონისტი და კომპოზიტორი არჩი შეპი, რომელიც ფრანგი არტისტის პროდიუსერი გახდა.

„მინა არაპროგნოზირებადი და სპონტანურია. ზოგჯერ მელანქოლიური და დრამატული, ზოგჯერ მეამბოხე და ბრაზიანია, ზოგჯერ კი ეროტიკული ინტონაციებით არტიკულირებს საკუთარ გრძნობებს. და, რაც მთავარია, მისი ვოკალური ხელწერა არ ემორჩილება საყოველთაოდ მიღებულ ჯაზურ კანონებსა თუ კლასიკურ იმპროვიზაციულ პრინციპებს“ - ასე დაახასიათა მინა აგოსი „ფრი-ჯაზის“ ეპოქის ლეგენდამ არჩი შეპმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG