Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2015 წელი ეთნომუსიკაში. ნაწილი I


წლის ბოლოს იმ ალბომებისა და კონცერტების შეჯამებას ახდენენ ხოლმე, რომლებმაც მსმენელს ყველაზე მეტად დაამახსოვრეს თავი. როგორც წესი, ამგვარ მიმოხილვაში როკი, ჯაზი, პოპი და ელექტრონული ჟანრები ჭარბობს და სხვა მიმართულებები დაუმსახურებლად რჩება ყურადღების მიღმა. ჰოდა, სანამ მაიმუნის წელი რამე ახალს შემოგვთავაზებს, 2015 წლის რამდენიმე მეტად საინტერესო ეთნომუსიკალურ პროექტზე მოგახსენებთ.

ნატაშა ატლასი ქართველმა მსმენელმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს რადიოს წყალობით გაიცნო. იმდროინდელ "ეფ-ემ" სივრცეში არტისტის რიგით მეოთხე ალბომს ხშირად ატრიალებდნენ, უფრო ზუსტად კი, ორი ცნობილი სიმღერის ქავერს. ვგულისხმობ სქრიმინ ჯეი ჰოუკინსის შედევრს I PuT Spell On You და ჟაკ ბრელის პოპულარულ ფრანგულ თხზულებას Ne Me Quitte Pas.

ნატაშა ატლასი ბელგიელია. სახელი არაბული და ჩრდილოაფრიკული მოტივების შერწყმით გაითქვა, საკუთარ ხელწერას კი "შაა-ბი მოდერნი" დაარქვა. ასე უწოდებენ ეგვიპტური პოპმუსიკის თანამედროვე ფორმას. არტისტი ბრიუსელის მაროკოულ უბანში იზრდებოდა და იქაურ კლუბებში ხვეწდა საშემსრულებლო ხელოვნებას. სოლო კარიერის მანძილზე 9 ალბომი გამოსცა და მსოფლიოს ეთნომუსიკალურ სცენაზე მალევე დაიმკვიდრა ადგილი. ბოლო - მეათე - პროექტი Myriad Road 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა. დისკის ჩაწერაში მონაწილეობა თანამედროვეობის, ალბათ, ყველაზე საინტერესო ლიბანელმა მესაყვირე იბრაჰიმ მაალუფმა მიიღო, რომელმაც ნატაშა ატლასის ორიენტალური ვოკალური მედიტაციები ჯაზური საყვირის არაბული აქცენტებით გააკეთილშობილა.

2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჯგუფ "რედიოჰედის" გიტარისტის ჯონი გრინვუდის უჩვეულო ექსპერიმენტი იყო, რომელსაც "ჯუნუნ" ჰქვია. მუსიკოსი ინდოეთში, მეფეთა და უფლისწულთა სამფლობელოში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონში - რაჯასტხანში - გაემგზავრა. უფრო ზუსტად კი, ქალაქ ჯოდხპურის მე-15 საუკუნის ფორტში გამაგრდა, სადაც ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო და ორიენტალური იდეების განხორციელებას შეუდგა. მას ინდოეთში მცხოვრები ისრაელელი კომპოზიტორი შაი ბენ ცური წაეხმარა, რომელმაც რაჯასტხანში მცხოვრებ 19 სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მოღვაწე არტისტს მოუყარა თავი. ასე შეერწყა ჯონი გრინვუდის გიტარის რიტმული ხაზი ტრადიციულ ინდურ რაგას, სუფიების ვოკალურ მეტყველებასა და უძველესი მუსულმანური კასტის - მანგარიანთა - სიმებიან საკრავებს. ივრითზე, ჰინდიზე და ურდუზე შექმნილმა ტექსტებმა კი უფრო მომხიბვლელი გახადა ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებულ მუსიკალურ კულტურათა სინთეზი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩაწერის პროცესში სასულე ორკესტრმაც მიიღო მონაწილეობა. როცა ბრიტანელებმა ინდოეთი დატოვეს, მათ ადგილობრივებს ევროპულ სასულე საკრავებზე სამხედრო მარშების დაკვრის ტრადიცია დაუტოვეს. ჯონ გრინვუდის თქმით, ეს ცოდნა უცნაურ ჯაზურ მუსიკად იქცა და რაჯასტხანში ამერიკელებისგან დამოუკიდებლად განვითარდა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი ტრადიციული ინდური მუსიკის, რაგას, ბუნება-ხასიათია, რომელიც, ჯაზის მსგავსად, თავისუფალი და იმპროვიზაციული ხელოვნებაა. აქვე, უპრიანია ვახსენოთ ინდოელი მესაყვირე ვინმე ამირი, რომელსაც არც მაილს დევისი გაუგია და არც ლუი არმსტრონგი, მაგრამ ალბომში წარმოდგენილ კომპოზიციებში ლი მორგანივით უკრავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG