Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამ ბენ ეზრა - მუსიკოსი Youtube-იდან


ადამ ბენ ეზრა
ადამ ბენ ეზრა

ისრაელში მცხოვრები ჯაზმენები, ქვეყნის პატარა მუსიკალური ბაზრის გამო, უცხოეთში აგრძელებენ კარიერას და ევროპისა თუ ამერიკის სცენაზე ცდილობენ თავის დამკვიდრებას. თუმცა ვირტუოზმა კონტრაბასისტმა და მულტიინსტრუმენტალისტმა ადამ ბენ ეზრამ სამშობლოდან გაუსვლელად მოახერხა წარმატების მიღწევა, ამისათვის კი ინტერნეტის შესაძლებლობები გამოიყენა - უფრო ზუსტად, ვიდეოჰოსტინგი "იუთუბი", სადაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ვიდეოკლიპების ატვირთვა დაიწყო და დღეს უკვე რამდენიმემილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

ადამ ბენ ეზრა 1982 წელს ტელ-ავივში დაიბადა. მან ჯერ ვიოლინოზე, ხოლო მოგვიანებით კონტრაბასზე დაკვრა ისწავლა და ორიგინალური საშემსრულებლო ტექნიკის განვითარება დაიწყო, რაც ინსტრუმენტის პერკუსიულ საკრავად გამოყენებასაც გულისხმობდა. 21 წლის გახლდათ, როცა მეგობარმა და მისმა ამჟამინდელმა პროდიუსერმა სახლის პირობებში ჩაწერილი ვიდეომასალის ქსელში გაზიარება ურჩია. პირველ ეტაპზე სხვადასხვა ცნობილი ჰიტების ინტერპრეტირებას შეუდგა, შემდეგ საკუთარი თხზულებების წერასა და სოლო შესრულებასაც მიჰყო ხელი.

ორიგინალური აკუსტიკური ფორმების შესაქმნელად მუსიკოსმა კლასიკური ინსტრუმენტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი გადაწყვიტა. კომპიუტერული პროგრამა Loop Recorder-ის დახმარებით, კონტრაბასზე წარმოებულ ბგერებს ფორტეპიანოს, გიტარის, კლარნეტისა თუ აღმოსავლური უდის ჟღერადობა მისცა და საკრავი ერთგვარ ცოცხალ ორკესტრად აქცია. რაც შეეხება რეპერტუარს, ადამ ბენ ეზრას არ ახასიათებს ჟანრობრივი შეზღუდვები. ჯაზი, როკი, კლასიკა და ხალხური მუსიკა - ეს ის სივრცეებია, სადაც ექსპერიმენტებს ატარებს.

"მუსიკოსი Youtube"-იდან - ადამს ამგვარი მეტსახელი შეურჩიეს კრიტიკოსებმა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არტისტი მხოლოდ ქსელში არსებობს და მას მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლები უსმენენ. პოპულარობის ზრდასთან ერთად, მუსიკოსმა ნამდვილ სცენაზეც გადაინაცვლა. ისრაელში გამართული კონცერტების შემდეგ, მან ევროპული და ამერიკული ტურნეები მოაწყო. „ბრიუს სპრინგსტინისა და ბონოს შემდეგ, ამგვარი მომაჯადოებელი ქარიზმა არავის ჰქონია. ინტერნეტიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენაზე მოხვედრა უნიკალური მოვლენაა, რაც ნოვაციაა მუსიკალურ ინდუსტრიაში" - ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალმა "ტაიმმა" ადამის ამერიკული ტურნეს შეფასებისას.

სულ ახლახან ადამ ბენ ეზრას სტუდიური ალბომი Сan't Stop Running გამოიცა, რომელიც კონტრაბასისტის 12 საავტორო ნაწარმოებისგან შედგება. პროექტის განსახორციელებლად მუსიკოსმა გიტარისტი ადამ ბენ ამიჰაი და პერკუსიონისტი გილად დობრეცკი მიიწვია. მართალია, დისკი ოფიციალურად ჯაზს მიაკუთვნეს, მაგრამ ნამუშევარი უფრო "მსოფლიო მუსიკის" ჟანრში უნდა განვიხილოთ, რადგან მეტად მრავალფეროვანია. არგენტინული ტანგო ფლამენკოს ენაცვლება, ლათინოამერიკული მოტივები სვინგური რიტმიკითაა გაჯერებული, ებრაული ხალხური მუსიკა კი არტ-როკის ფორმითაა ინტერპრეტირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG