Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ღამის მუსიკა"


ფრანგმა კომპოზიტორმა ვენსან სიგალმა მალელი მუსიკოსი ბალაკე სისოკო 2009 წელს გაიცნო. მათ უჩვეულო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს: "აფრიკულ არფად" წოდებული საკრავის, კორასა, და კლასიკური ევროპული ინსტრუმენტის, ვიოლონჩელის, დაკავშირება. შედეგად, გამოიცა ალბომი "Chamber Music", რომელმაც, თავისი აკუსტიკური ფორმებითა თუ შინაარსით, გაოცება და, ამავე დროს, საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. დისკზე ყველაფერი უცხო იყო: დასავლეთაფრიკელი გრიოტების უძველესი ხალხური მელოდიები ბაროკოს პერიოდის ევროპული კლასიკის მოტივებით გახლდათ გაჯერებული, კორას ანკარა, ლაღი ბგერები ვიოლონჩელის მძიმე, ღრმა სუნთქვას ერწყმოდა.

სულ ახლახან ვენსან სიგალმა და ბალაკე სისოკომ კიდევ ერთი ალბომი გამოსცეს, სახელწოდებით "Musique de Nuit" (ღამის მუსიკა). სხვადასხვა მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებმა კვლავ მოახერხეს კრიტიკოსებისა თუ მსმენელის ყურადღების დამსახურება. ჰოდა, საჰარის უდაბნოში ამ აკუსტიკური მოგზაურობის პარალელურად, თავად არტისტების შესახებაც მოგახსენებთ.

ბალაკე სისოკო 1968 წელს ბამაკოში, მალიში, დაიბადა. როგორც გრიოტთა ჭეშმარიტ შთამომავალს შეეფერება, ბავშვობიდანვე მუსიკოსების გარემოცვაში იზრდებოდა და კორაზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლებოდა - ინსტრუმენტზე, აფრიკულ საკრავთა "მეფედ" რომ მიიჩნევა. პროფესიულ სცენაზე 29 წლის ასაკში, სახელოვანი ბიძაშვილის, საქვეყნოდ ცნობილი კორაზე დამკვრელის, ტუმანი დიაბატეს წყალობით გამოჩნდა. ნათესავებმა დუეტი ჩამოაყალიბეს და 1997 წელს გამოსცეს დისკი "New Ancient Strings", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. სწორედ ამ ალბომმა გაუთქვა სახელი დამწყებ მუსიკოსს. ბალაკეზე მალევე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, როგორც ინსტრუმენტალისტზე. მისი საშემსრულებლო ხელწერით მრავალი არტისტი დაინტერესდა, მაგალითად, როკია ტრაორე, როს დეილი, ტაჯ მაჰალი და მრავალი სხვა, რომლებთანაც ერთობლივ პროექტებში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ვენსან სიგალს, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ფრანგი კომპოზიტორი ვიოლონჩელისტი და ბასგიტარისტი გახლავთ. მუსიკალურ წრეებში ცნობილია როგორც მულტიკულტურული ხედვის მქონე არტისტი, დახვეწილი გემოვნებით გამორჩეული ხელოვანი. კლასიკური განათლება ლიონის მუსიკისა და ქორეოგრაფიის კონსერვატორიაში მიიღო. პროფესიული სოლოკარიერა კი, პარიზში დასახლების შემდეგ, ექსპერიმენტებით დაიწყო. ვენსანის ინტერესების სფერო სხვადასხვა ჟანრის მიმდინარეობების სინთეზი და საკომპოზიტორო საქმიანობა იყო. მისი პირველივე ნაბიჯები ევროპული კლასიკის, თანამედროვე ელექტრონული მიმდინარეობების, ჯაზის, როკისა და ეთნიკური მოტივების აღრევას უკავშირდებოდა. სოლოპროექტების გარდა, ისეთ არტისტებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან სტინგი, სეზარია ევორა, ელვის კოსტელო, ნანა ვასკონსელოსი და მრავალი სხვა.

დაბოლოს, ზემოხსენებულ პროექტს, "ღამის მუსიკას", დავუბრუნდები. დისკი ბომაკოში, მალის დედაქალაქში, ორ ნაწილად ჩაიწერა. პირველი - ერთი ღამის მანძილზე ბალაკე სისოკოს სახლის სახურავზე, ხოლო მეორე - დღისით, სახელოვან აფრიკულ ხმის ჩამწერ ლეიბლზე "Bogolan". იმპროვიზაციული ბუნებისა თუ ინტიმურობის გამო, ალბომისგან კომერციულ წარმატებას არც პროდიუსერები ელოდნენ და არც თავად მუსიკოსები, თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ეს ლირიკული ნამუშევარი მსმენელებმაც შეიყვარეს და კრიტიკოსებმაც აქეს და ადიდეს.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG