Accessibility links

logo-print

საქსოფონისტი, კომპოზიტორი და ბენდლიდერი ილჰან ერსაჰინი წარმოშობით თურქი ბრძანდება, თუმცა სტოკჰოლმში გაიზარდა. მუსიკით უფროსი და-ძმის დამსახურებით დაინტერესდა. მელომანები იყვნენ და ფირფიტების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდათ. ოჯახური არქივი მრავალფეროვანი გახლდათ, ჰოდა, ილჰანიც როკის, ჯაზის, ბოსანოვასა და ეთნიკური მუსიკის სამყაროში იყალიბებდა გემოვნებას.

14 წლის ასაკში რეგეიმ გაიტაცა და იამაიკელი მუსიკოსის, იუ-როის, სტუდიურ პროექტში საქსოფონზე დაუკრა. მოგვიანებით თვითნასწავლი ინსტრუმენტალისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც ბოსტონში, ბერკლის სამუსიკო სკოლაში, ეუფლებოდა თეორიულ ცოდნას. მის განათლებაზე ისეთი სახელოვანი არტისტები ზრუნავდნენ, როგორებიც არიან ჯო ლოვანო და ჯონ პარსელი. საშემსრულებლო ოსტატობას კი ქალაქის ჯაზკლუბებში ხვეწდა, სადაც მესაყვირე ედი ჰენდერსონსა და დრამერ ჯეფ ბალარდს უწევდა აკომპანირებას.

2002 წელს ილჰანი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. გახსნა საკუთარი კლუბი, სახელწოდებით "ნუბლუ". ამ დაწესებულებამ მალევე გაითქვა სახელი, არტისტები მსოფლიოს ხალხთა მუსიკაზე ატარებდნენ იმპროვიზებულ ექსპერიმენტებს, მართავდნენ სემინარებსა თუ ვორკშოპებს. "ნუბლუ" ასევე იქცა სივრცედ, სადაც დამწყები, ყველასთვის უცნობი მუსიკოსები მსმენელს საკუთარ შემოქმედებასა თუ საშემსრულებლო შესაძლებლობებს აცნობდნენ. კლუბური საქმიანობის პარალელურად, ილჰანი სტუდიური მოღვაწეობითაც იყო დაკავებული. "ნუბლუს" სამარკო ნიშნით შექმნა პროექტები: Wax Poetic, Love Trio და Our Theory, რომელთა ფარგლებშიც ჟანრობრივად განსხვავებული რამდენიმე ალბომი გამოსცა.

2008 წელს კი ილჰანმა თურქ მუსიკოსებს მოუხმო და ჩამოაყალიბა ბენდი Istanbul Sessions. სადებიუტო დისკი 2010 წელს გამოიცა, რომლის ჩაწერაშიც მონაწილეობა ცნობილმა ფრანგმა მესაყვირემ ერიკ ტრუფაზმაც მიიღო. "ჯაზის ენაზე თქმული აღმოსავლური ამბავი, რომელსაც ადამიანზე ჰიპნოზური ზემოქმედების უნარი აქვს" - ასე დაახასიათეს კრიტიკოსებმა ნამუშევარი. წარმატებით შეგულიანებულმა არტისტმა ორიენტალური გზით სვლა გააგრძელა. 2012 წელს გამოუშვა პროექტი Night Rider, რასაც მოჰყვა დისკი Istanbul Underground, რომელიც, ჩემი აზრით, საუკეთესოა აღმოსავლურ ტრილოგიაში.

Istanbul Underground-ში შესული თერთმეტივე კომპოზიცია ილჰანის საავტორო თხზულებებს წარმოადგენს და ჟანრობრივად რიტმულ ფიუჟენად თუ მოიხსენიებ. მათგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ალბათ, 2 თემა - McCoy და Pra Gato იმსახურებს, რომლებიც საქსოფონისტმა სახელოვან მუსიკოსებს, ამერიკელ პიანისტ მაკკოი ტაინერსა და არგენტინელ ტენორ-საქსოფონისტ ლეანდრო - იმავე გატო -ბარბიერის, მიუძღვნა. საინტერესოა ისიც, რომ განსხვავებით წინა ორი ალბომისგან, არტისტი მინიმალურად დაესესხა ეთნიკურ მოტივებს და იმპროვიზაციული ხაზი, მეტწილად, ჯაზურ ინტონაციებზე ააგო, თუმცა სტამბოლის კოლორიტი მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით, კომპოზიციაში Tarzanca, რომელიც ღამის ქალაქის ანდერგრაუნდში გამოგზაურებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG