Accessibility links

logo-print

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

როგორც წინა სიუჟეტში ვთქვი, 90-იან წლებში ჰავანაში უამრავი ტიმბაბენდი შეიქმნა. მიუხედავად ორკესტრების სიმრავლისა, ათწლეულის მიწურულს ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კუბურ საცეკვაო მუსიკას მძიმე დღეები დაუდგა. ახალგაზრდები პუერტო-რიკოდან შემოსულ საკლუბო ჟანრზე, რეგგეტონზე, გადაერთნენ და რეპის მოსმენაც დაიწყეს.

ახალი ჟანრებისადმი ინტერესი იმდენად მზარდი იყო, რომ ტიმბა და სალსა სამუდამო გაქრობისა და მივიწყების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მუსიკათმცოდნეთა მტკიცებით, მხსნელი გვიან, მაგრამ მაინც გამოჩნდა. მათი თქმით, ტიმბა ხელახლა 2011 წელს იშვა, როცა ბენდმა "ჰავანა დე პრიმერამ" გამოუშვა სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით "Haciendo historia" ("ვქმნი ისტორიას").

ალბომის პირველი სიმღერის ავტორი ბენდის ლიდერი - მესაყვირე, მომღერალი და კომპოზიტორი - ალექსანდერ აბრეუ გახლდათ. ეს არ იყო უბრალო საცეკვაო მუსიკა. თხზულება 90-იანი წლების პროცესების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენდა. ასეც ერქვა: "ვაჯამებთ 90-იანებს". ნაწარმოები ტიმბას მივიწყებული ტრადიციების დაცვას ემსახურებოდა და, რაც მთავარია, კომპოზიციამ გაუკვალავი გზები გამონახა ჟანრის ნოვაციური აქცენტებისა თუ კონცეფციების განსავითარებლად. "ჰავანა დე პრიმერასთან" მე ვაერთიანებ კუბურ მუსიკას, მთელ მსოფლიოს ვამცნობ, რომ ტიმბას ხვალინდელი დღე იბადება" - ასეთი კომენტარი გააკეთა თავად ავტორმა ხსენებულ სიმღერაზე.

საკუთარი ბენდის დაარსებამდე მესაყვირე ალექსანდერ აბრეუმ დიდი გზა განვლო. განათლება ჰავანის ხელოვნების ეროვნულ სკოლაში მიიღო, რომლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ორკესტრის შემადგენლობაში უკრავდა. 2000 წელს ვებგვერდმა Timba.com საუკეთესო შემსრულებლად გამოაცხადა, ხოლო ერთი წლის თავზე "ლათინოამერიკული გრემი" გადაეცა. "ჰავანა დე პრიმერა" კი 2007 წელს ჩამოაყალიბა: სამი საყვირი, ორი ტრომბონი, კონგები, გიტარა, ბასი, ფორტეპიანო და ვიოლინო. ბენდის რეპერტუარი ცალსახად ტიმბას მიეკუთვნება, თუმცა არის გამოკეტილი მხოლოდ კუბური წარმოშობის ჟანრებში - ტრადიციული მუსიკა ჯაზით, კარიბული მოტივებით, კალიფსოთი და პუერტო-რიკოული სალსითაა გამდიდრებული.

აბრეუ "ჰავანა დე პრიმერას" გული და ტვინია. სტანდარტებს თავად უკეთებს არანჟირებას, თხზავს ახალ მელოდიებს და ტექსტების ავტორიც გახლავთ. ზოგადად, კუბის რეალობის, სოციალური ყოფის ამსახველი ლირიკის გამოყენებას საცეკვაო მუსიკაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მაგალითად, გვარიანად ლანძღავდნენ "NG La Banda"-ს ლიდერს, ხოსე ლუის კორტესს, რომელმაც ჰავანის მწარე სინამდვილე პირველად გამოიტანა სააშკარაოზე. აბრეუც მის კვალს დაადგა. ჰოდა, ძალადობითა და უკიდურესი სიღატაკით ცნობილ უბანში - სეროში - გაზრდილი მუსიკოსი კარგად დაეუფლა სიტყვის ძალას. ტიმბას მორგებული მისი ყოველი ლექსი პირადულია, არტისტის განცდები და შეგრძნებებია გადმოცემული. ცხოვრებისეული გამოცდილება კი ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას, რომ დამაჯერებელი იყოს და მისი პოეტური სამყაროც ყველასთვის კარგად გასაგები და ახლობელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG