Accessibility links

logo-print

ნორვეგიელი მომღერლის, სიდსელ ენდრესენის, კარიერა 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. პირველი ნაბიჯები მან ფიუჟენის ჟანრში გადადგა და მალევე გაითქვა სახელი სკანდინავიურ თუ საერთაშორისო სცენაზე.

იმ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი გახლდათ მის მიერ შექმნილი კვარტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მესაყვირე ნილს პეტერ მოლვერი, ბრიტანელი მულტიინსტრუმენტალისტი ჯანგო ბეიტსი და დრამერი იონ კრისტენსენი. ამ შემადგენლობით ხმის ჩამწერმა სტუდია "ECM"-მა ჩაწერა სადებიუტო დისკი, სახელწოდებით "So I Write". ალბომი წარმატებული გამოდგა და სიდსელიც სახელოვანი გერმანული ლეიბლის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

1992 წელს სიდსელ ენდრესენის შემოქმედებაში სრულიად ახალი, გაცილებით პროდუქტიული ეტაპი დაიწყო. ვგულისხმობ მომღერალ და ნორვეგიული ჯაზის კიდევ ერთ ცნობილ წარმომადგენელ ბუგე ვესელტოფტთან თანამშრომლობას, რაც 12 წელიწადს გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე ვოკალისტისა და პიანისტის დუეტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მუსიკალური ფესტივალი მოიარა. რაც შეეხება სტუდიურ მუშაობას, არტისტებმა სამი დიდებული ალბომი გამოსცეს: "Nightsong", "Duplex Ride" და "Out Here, in There".

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან სიდსელ ენდრესენმა ახალი მუსიკალური სივრცეების ძებნა და ჯაზური ჩარჩოებიდან გათავისუფლება დაიწყო, უფრო ზუსტად კი, ვოკალური ტექნიკის სახეობათა კვლევა და გამრავალფეროვნება დაისახა მიზნად. თავად არტისტის თქმით, მან სრულიად ახალ, ინოვაციურ მუსიკალურ ფორმას მიაგნო და გამოგონილ, არარსებულ ენაზე დაიწყო ვოკალური მეტყველება. ამ უჩვეულო წამოწყებაში მან კოლეგებიც, მეტწილად ექსპერიმენტატორ-იმპროვიზატორები აიყოლია, მაგალითად, კრისტიან ვალუმრუდი, ჰელგა სტენი, მარკ სანდერსი, ტრონჰეიმის ჯაზური ორკესტრი და სხვები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სიდსელის თანამშრომლობა დევიდ სილვიანთან 2012 წლის აუდიო-ვიზუალურ ინსტალაციაზე "Uncommon Deities". ბრიტანელმა ნორვეგიელი პოეტების პოემები წაიკითხა, ხოლო მომღერალმა ვოკალური ფონი შეუქმნა ჩაძირული ატლანტიდის ღვთაებების ამბავს.

ბოლო წლებში სიდსელ ენდრესენი გიტარისტ სტიან ვესტერჰუსს შეეკრა. ამ უკანასკნელმა თანამედროვე ავანგარდულ სცენაზე ორიგინალური საშემსრულებლო ხელწერით გაითქვა სახელი. საკონცერტო გამოსვლებისას გიტარის 4 აუდიომონიტორს იყენებს და მეტად უჩვეულო სტერეოეფექტებს აწარმოებს. მისი მუსიკა მასშტაბურობით, სიღრმითა და კრეატიული მიდგომებით გამოირჩევა. 2012 წელს დუეტმა გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით "Didymoi Dreams", რომელმაც "გრემის" ნორვეგიული ანალოგის, "Spellemannprisen"-ის, პრემია დაიმსახურა წლის საუკეთესო ავანგარდული ჯაზური ალბომის ნომინაციაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG