Accessibility links

„ჩემი მუსიკა გასული საუკუნის, უძველესი ბლუზით სააზრდოობს, თუმცა მისგან მაინც განსხვავდება. მე არა წარსულზე, არამედ აწმყოზე, დღევანდელ დღეზე ვმღერი“ - ასე ახასიათებს ახალგაზრდა ამერიკელი ვოკალისტი შემეკია კოუპლენდი საკუთარ შემოქმედებას. მას „ბლუზის თანამედროვე დედოფლად“ მოიხსენიებენ.

შემეკია 1979 წლის 10 აპრილს ნიუ-იორკში, ჰარლემში, დაიბადა. მუსიკით მამის წყალობით დაინტერესდა. ჯონ კლაიდ კოუპლენდი ცნობილი ტეხასელი გიტარისტი გახლდათ, რომელმაც შვილს ბლუზური მომავალი, შეიძლება ითქვას, ერთპიროვნულად, დაუკითხავად განუსაზღვრა. როგორც არტისტი იხსენებს, პატარაობისას თანატოლებთან თამაში და გართობა სურდა, მამა კი გაუთავებელ საგასტროლო ტურნეებში დაატარებდა, ნიუ-იორკულ კლუბებში დაჰყავდა და ბლუზმენის მოხეტიალე ცხოვრების წესს აჩვევდა. თავიდან ამგვარი ყოფა თრგუნავდა, თუმცა დროთა განავლობაში ბედს შეეგუა. მეტიც, ხანდახან მამასთან ერთად ჩნდებოდა სცენაზე და ბლუზურ თხზულებებს ასრულებდა. ეს საქმე იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ 15 წლის ასაკში ჩინებული ვოკალისტი ეთქმოდა, სიმღერა კი სულიერ მოთხოვნილებად ექცა.

შემეკია კოუპლენდმა სახელი ნიუ-იორკულ კლუბებში გაითქვა. გამორჩეული ვოკალური მონაცემების გამო, ზოგი მას კოკო ტეილორს ადარებდა, ზოგი თანამედროვეობის არეტა ფრანკლინს უწოდებდა, ზოგიც მასში ეტა ჯეიმსს ხედავდა, თუმცა, ხსენებული დიდებული ქალებისგან განსხვავებით, შემეკიამ საკუთარი, უნიკალური ვოკალური ხელწერისა და საშემსრულებლო მანერის შექმნა მოახერხა: მამისგან თანდაყოლილი ტეხასური ფეთქებადი ტრადიცია ჰარლემურ ურბანიზებულ სტილს მოარგო და გოსპელის ინტონაციებით გაამდიდრა. ამგვარი სინთეზით ხმის ჩამწერი სტუდია „ალიგატორის“პრეზიდენტი დაინტერესდა, რომელმაც პირველი ალბომი გამოაცემინა და, თანაც, განაცხადა, რომ ბლუზური სამყარო დიდი ხანი ელოდა კოუპლენდის დონის მუსიკოსის გამოჩენას. სადებიუტო ალბომი Turn The Heat Up ბლუზის, ფანკის, სოულისა და გოსპელის ნაზავი გახლდათ. შემეკია კოუპლენდმა თანაბარი წარმატებით ჩაწერა წყნარი, ლირიზმით სავსე, ლამის ჩურჩულით შესრულებული თხზულებები და მძლავრი, ენერგიული სიმღერები. დისკი ბლუზის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დებიუტად შეფასდა.

კოუპლენდის მომდევნო ალბომი, „Wicked“, 2000 წელს გამოიცა და „გრემზე“ იყო ნომინირებული. სიმღერამ „It’s 2:00 A.M“ წლის საუკეთესო ბლუზის სტატუსი მოიპოვა. წარმატებული გამოდგა მესამე სტუდიური პროექტიც, სახელწოდებით “Talking To Strangers”: ჟურნალ ბილბორდის რეიტინგში მან პირველი ადგილი დაიკავა იმ ბლუზურ ალბომებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად იყიდებოდა. ამჟამად მუსიკოსი ახალ მასალაზე მუშაობს. ის 2015 წლის შემოდგომაზე კვლავ „ალიგატორის“ სამარკო ნიშნით გამოიცემა.

XS
SM
MD
LG