Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტინა ასბიორნსენი


"მისი ხრინწნარევი ხმა სამხრეთის მზესავით ათბობს და არ სუსხავს, როგორც მისი მშობლიური ქვეყნის ყინვას სჩვევია" - ასე დაახასიათა ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" ახალგაზრდა ნორვეგიელი მომღერალი და კომპოზიტორი კრისტინა ასბიორნსენი.

კრისტინა ასბიორნსენი 1971 წელს ქალაქ ლილჰამერში დაიბადა. მუსიკალურ-საშემსრულებლო ხელოვნებას წამყვან სასწავლო დაწესებულებებში ეუფლებოდა. ჯერ ტრონჰეიმის კონსერვატორიაში ჯაზური ვოკალის განხრით ისწავლა, ხოლო მოგვიანებით ოსლოს უნივერსიტეტის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის ფაკულტეტი დაამთავრა. სასცენო კარიერა ქალთა ექსპერიმენტული კვარტეტის "Kvitretten"-ის შემადგენლობაში დაიწყო. პარალელურად, ჯგუფ "Krøyt"-ის წევრიც გახლდათ. ხსენებულმა ტრიომ ალბომი "Low" გამოსცა, რომელმაც "გრემის" ნორვეგიული ანალოგი - Spellemann-ის პრიზი დაიმსახურა. 2000 წელს კი, ასბიორნსენმა საკუთარი კოლექტივი "Dadafon" ჩამოაყალიბა. ჯგუფის მუსიკა ჯაზისა და პოპის სინთეზს წარმო

ადგენდა, ხოლო სიმღერის ტექსტებად უოლტ უიტმენის ლექსებს იყენებდნენ.

სოლო კარიერის თვალსაზრისით, ნორვეგიელმა მუსიკოსმა სახელი 2005 წელს გაითქვა. მან მონაწილეობა მიიღო მოლდეს საერთაშორისო ჯაზფესტივალზე, სადაც ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის ბესი სმითის რეპერტუარი საკუთარი ინტერპრეტაციით წარადგინა. პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ მომდევნო 2 წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სცენებზე ამ პროგრამით გასტროლირებდა. საბოლოო ჯამში, საკონცერტო შესრულება ალბომის სახით 2008 წელს გამოიცა. დისკზე სულ ათმა თხზულებამ მოიყარა თავი, მათ შორის, ისეთი ცნობილი სიმღერების ახლებურმა ვერსიებმა, როგორებიცაა, მაგალითად: Don't Cry Baby, Won't You Please Come Home და Daddy Blues.

2005 წელს ასბიორნსენმა ჩაწერა საუნდრეკი ნორვეგიელი რეჟისორის ბენტ ჰამერის ფილმისათვის "ფაქტოტუმი", რომელიც ჩარლზ ბუკოვსკის ბიოგრაფიული რომანის"ფაქტოტუმის" მიხედვით გადაიღეს. მაყურებელი ფილმს გულგრილად შეხვდა, თუმცა კრისტინა ასბიორნსენის მუსიკამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.

საინტერესოა ასბიორნსენის შემოქმედების ის ნაწილიც, სადაც არტისტი ამერიკული საეკლესიო საგალობლების ინტერპრეტირებას ახდენს. ამ ჟანრისადმი ინტერესი მას კარიერის დასაწყისში, ჯერ კიდევ 90-იანებში, გაუჩნდა, როცა ვოკალის პედაგოგმა რუთ რიზმა გოსპელების უნიკალური ჩანაწერების არქივი უსახსოვრა. როგორც თავად ასბიორნსენი განმარტავს, სწორედ ხსენებულმა რელიგიურ-მუსიკალურმა ფენომენმა განსაზღვრა მისი საშემსრულებლო ხელწერა. "Wayfaring Stranger - A Spiritual Songbook" - ასე ერქვა 2006 წლის იმ ალბომს, რომელიც რელიგიური ჰიმნების იმპროვიზირების პირველი მცდელობა გახლდათ, ხოლო 3 წლის თავზე გამოსცა დისკი "The Night Shines Like the Day", სადაც გოსპელებს აფრიკული საცეკვაო რიტმები მოარგო და თანამედროვე სკანდინავიური ჯაზის ელემენტებით გააჯერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG