Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსიკალური სეზონი ბათუმში


ბათუმი, ქანდაკება "ალი და ნინო".
ბათუმი, ქანდაკება "ალი და ნინო".
მუსიკალური სეზონი ბათუმში
დავით ჩიხლაძე
ჩამოვედი. ჩამოვედი და უკვე ერთი კვირაა, რაც სამსახურს დავუბრუნდი. ჩემი რუტინაც თავიდან დაიწყო: დილის ეთერი, ღამე ადრე დაძინება იმის შიშით, რომ დილით ვერ გავიღვიძებ და ა.შ. სანამ შვებულებაში გავიდოდი და ბათუმისკენ დავიძვრებოდი, მანამდეც გავაკეთე ახალგაზრდული პროგრამა იმის შესახებ, თუ რას ველოდი Summer Set-ზე დაანონსებული არტისტებისგან, რომლებსაც ბათუმში უნდა დაეკრათ. ამიტომ, მოდით, ახლა გიამბობთ, თუ რა მივიღე სინამდვილეში.

ბათუმში 18 აგვისტოს ჩავედი. რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ამ ქალაქზეც, რომელიც რატომღაც არის ადგილი, სადაც ხალხი ისვენებს. ქალაქი საშინლად არ მომწონს. უკვე მერამდენე წელია ვცდილობ გავიგო, თუ რა წესებს ემორჩილებიან ბათუმელი მძღოლები და ფეხით მოსიარულეები, თუმცა ვერაფრით ვხვდები. მოძრაობა საშინელია, რაც პირადად მე საშინლად მაწუხებს. მეორე საკითხია ინფრასტრუქტურა და ფასები, რომლებიც ასევე არაადეკვატურია. ნუ, პრინციპში, ეს მანამდეც ვიცოდი და ვხვდებოდი, რომ ბათუმში მხოლოდ მუსიკის მოსმენა მინდოდა. ერთი პატარა ინციდენტიც კი მოგვივიდა ჩასვლისთანავე. პირველად ბათუმში მე და ჩემი ორი მეგობარი ჩავედით. ცოტა ხანში ჩემი და ჩემი მეგობრის მეგობარი გოგოები უნდა ჩამოსულიყვნენ. როგორც კი პირველად ჩასულმა სამეულმა სახლი ვიპოვეთ და დავბინავდით, სახლის პატრონს ვუთხარით, რომ მალე ორი გოგო შემოგვიერთდებოდა, რის გაგებაზეც სახლის პატრონი გაშრა, ლამის გული წაუვიდა და სახლიდან გამოგვყარა. გვეუბნებოდა, აქ გოგოები და ბიჭები ერთად ვერ იცხოვრებენო, რა წესიაო! იცოდეთ, წადით, თორემ ჩემი შვილი პროკურატურაში თუ სადღაც ეგეთ ადგილზე მუშაობსო. პირი ღია დამრჩა. ცოტა უცნაური შემთხვევაა ქალაქისთვის, რომელმაც მილიონზე მეტი ტურისტი უნდა მიიღოს და ტურისტების მოგონებებში ამ ვიზიტს დასვენება უნდა დაერქვას.

ნუ, რაც არის - არის, ვერაფერს შეცვლი. ამას, ეჭვი მაქვს, ვერც შერატონი შეცვლის, ვერც ანბანის კოშკი და ვერც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. თუმცა უკმაყოფილო მაინც არ დავრჩი. ცოტა ხანში გაცილებით უკეთესი სახლი ვიპოვეთ. გვქონდა რამდენიმე დიდი ოთახი და ჩვენი ეზო. კარგით, ეს გასახურებლად, ახლა მთავარზე გადავალ.

რაც შეეხება Summer Set-ს, რის გამოც უამრავი ადამიანი ესტუმრა ბათუმს, ფესტივალის ორგანიზატორებმა აშკარად ბევრი იფიქრეს და აშკარად კარგად იფიქრეს, როცა არჩევდნენ ადგილს, არჩევდნენ არტისტებს და ცდილობდნენ ადამიანს მაქსიმალური სიამოვნება მიეღო ფესტივალზე ყოფნისას. ინფრასტრუქტურა საკმაოდ გამართული იყო. დასვენებისთვისაც და ცეკვისთვისაც დიდი სივრცე გქონდა, ამ პირობებში ხმაც საკმაოდ კარგად იყო დაყენებული (ყოველ შემთხვევაში, პირველ დღეს). მოწესრიგებული იყო ბიოტუალეტების ზონაც, რაც ძალიან იშვიათია ქართულ ფესტივალებზე. ფასები აქაც ცოტა სასაცილო იყო. ნუ, ყველას არ ჩამოვთვლით, მხოლოდ ერთს ვიტყვი: საწვიმარი, რომელიც წარმოადგენს შუაზე გაჭრილ პარკს, ზურგზე თეთრად მიჯღაბნილი წარწერით, ღირდა 20 ლარი. ფესტივალის მეორე დღეს ეს საწვიმარი ლამის VIP-ატრიბუტიკადაც იქცა, არავის სურდა 20 ლარის გადახდა პარკში. ჰო, რახან VIP ვახსენე, ამ ზონის შესახებაც ვიტყვი. ყველაზე სასაცილო ზონა იყო. მაშინ როცა ხალხი სცენის წინ ცეკვავდა, იქ ისხდნენ, სვამდნენ და მერე არეულობას აწყობდნენ და ასე გაგრძელდება მარად.

რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა დაცვის შესახებაც. დაცვის, ხშირ შემთხვევაში, არაკორექტულ ქცევას ფესტივალის ორგანიზატორებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ დაცვის ზოგიერთი თანამშრომელი მიხვდება, რომ იცავს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს და არა რომის პაპს. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული მოვლენაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ფესტივალის პირველ დღეს იყო, როცა ბევრ ადამიანს (მათ შორის, მეც და ჩემს მეგობარსაც) შესასვლელში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ასევე დაცვამ გადაწყვიტა უკეთ გაეკონტროლებინა სიტუაცია და თვითონ შემოვიდა საცეკვაო მოედანზე, სადაც, რა დასამალია და, ცოტას თუ სიამოვნებდა მათი იქ ყოფნა. დაცვის შესახებ ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორსაც ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ აუცილებლად მიიღებდა ზომებს. მან პირობა შეასრულა, ფესტივალის მეორე დღეს უკვე პრობლემები ნაკლებად ან თითქმის საერთოდ არ იყო, რაც ასევე ორგანიზატორების დიდ პლუსად შეიძლება ჩავთვალოთ.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ მუსიკას. როგორც უკვე ვთქვი, ხმა იყო საკმაოდ კარგი. მუსიკაც, რა თქმა უნდა. Summer Set-მა ნამდვილად შეიძლება იამაყოს იმით, რომ ყველაზე კარგი ლაინ აფი დადო ქართული ფესტივალების ისტორიაში. პირველი დღე ცოტა უცნაურად დაიწყო. პირველი იმიტომ, რომ ბაჩო და კობერტი თბილისშიც ყელში ამოვიდნენ და ცოტათი მაინც რომ ღირდეს მათი მუსიკა იმად, რომ ასეთი აუდიტორია ჰყავდეთ, კიდევ გავიგებდი, თუმცა ახლა ნამდვილად არ მესმის. ამის შემდეგ იყო Laid Back-ი, რომელიც მართლა ვერ გავიგე, თუ რატომ ჩამოიყვანეს ფესტივალზე. ცოტა ანაქრონიზმად მეჩვენა: ისეთ მუსიკას უკრავდნენ, მის ფონზე ანთებული სანთებელა რომ უნდა აქანავო ჰაერში მელანქოლიურად. ერთი ძალიან სასაცილო ტრეკიც დაუკრეს. ტექსტი რაღაც ასეთი იყო: „უსმინე 21-ე საუკუნის მუსიკას“. საინტერესოა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგიერთს 21-ე საუკუნის მიმართ. ამის შემდეგ იყო Betoko, რომელიც ჩემი მეგობარი გოგოს ფავორიტია ამ ფესტივალზე. ცუდი მართლა არ იყო. პირიქით, ბაჩოს, კობერტის და Laid Back-ის შემდეგ ოდესმე კიდევ თუ მომინდებოდა ცეკვა, არ მეგონა, მაგრამ მოხდა საოცრება და მომინდა. მოკლედ, პირველი დღის მთავარი მოვლენა მაინც სინქრო იყო, რომელმაც დაბით და გარაჟ ჰაუსით ნამდვილად მასიამოვნა. მშვენიერი მუსიკა, მშვენიერი ამინდისა და ძალიან კარგი ვიზუალის ფონზე. ეს იყო პირველი სასიამოვნო მომენტი ჩემი ბათუმში ჩასვლის შემდეგ. პრობლემას არ მიქმნიდა არც უამრავი არაფხიზელი ადამიანი, რომელიც ამ მომენტისთვის უკვე არაადეკვატურობის პიკზე იყო ასული და მე ჩემთვის ვუსმენდი მუსიკას. ფონო იმ დღის მეორე დადებითი მოვლენა გახლდათ. ბრიტანეთიდან გერმანიაში უმარტივესად იმოგზაურებდით, როცა ბრიტანულ დაბს უცებ შეცვლიდა გერმანული აგრესიული ბიტი.

მეორე დღეც კარგი იყო. აქ უკვე ორგანიზატორებს ის პრობლემები გამოსწორებული ჰქონდათ, რომელზეც ადამიანები ბევრს ჩიოდნენ. დაცვაც ნაკლებად გაწუხებდა და, მოკლედ, ყველაფერი უფრო უკეთ უნდა ყოფილიყო, რომ არა ჩავარდნა ყველაზე მნიშვნელოვანში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკაა. არა, კარგი არტისტები ამ დღესაც ჰყავდა. უბრალოდ, ორგანიზატორებმა ვერ გათვალეს, თუ ვინ როდის უნდა ჩაესვათ. თავიდან დღე ზაზომ და ტროცკიმ დაიწყეს. ქართველი დიჯეები, რომლებსაც, ასევე მწამს, რომ არასდროს უნდა დააკვრევინო. ნუ, პრინციპში, ესენი ისეთ დროს უკრავდნენ, რომ ჩემი, რამდენიმე ორგანიზატორისა და დაცვის გარდა არც არავინ უსმენდა, მაგრამ მაინც, ამის შემდეგ, წესით, კიდევ ერთი დუო უნდა მისულიყო სეტზე, რომელსაც არასდროს უნდა მოუსმინოთ. გრინბიმზე და ლეონზე ვამბობ. ამ დუოს მიმართ პირადი დამოკიდებულაც მაქვს. როცა ისე, შემთხვევით მივდივარ ხოლმე კლუბში, იქ თითქმის ყოველთვის გრინბიმი და ლეონი მხვდება და არასდროს მომწონს. თუმცა ბათუმის შემთხვევაში საქმე უფრო რთულად იყო. მათი ადგილი ჟირაფაჟმა დაიკავა ლაინ აფში. ანუ ჯერ Giraffage-ი უკრავდა, მერე გრინბიმი და ლეონი და მერე Sleep Party People. აი, გრინბიმის და ლეონის შუაში ჩასმა კიდევ ნამდვილად შეიძლება შევაფასოთ ორგანიზატორების ყველაზე არასწორ გადაწყვეტილებად ფესტივალზე. Giraffage-ი საოცრება იყო, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ამ ფესტივალზე. თან ეს საუნდი ქართული აუდიტორიისთვის მაინც უცხოა - ჩაილვეივს, გლიჩ-ჰოპს ქართულ კლუბებში თითქმის ვერასდროს შეხვდებით. შეიძლება ამიტომაც მომეწონა ძალიან, იყო რაღაც ძალიან ახალი. Sleep Party People-ს უამრავი თავისი მსმენელი ჰყავდა, რომლებიც ფესტივალზეც შეიკრიბნენ იმ სულელური კურდღლის ნიღბებით. თუმცა მუსიკა მაინც კარგი იყო. ეს არ არის ჩემი მუსიკა. ამიტომ, მოდით, ბევრს არაფერს ვიტყვი. ფესტივალის მეორე ჩავარდნა იმ დღეს, ჩემი აზრით, დომინიკ ეულბერგი იყო, რომელმაც ძველი, ძალიან დრომოჭმული საუნდი დაუდო მსმენელს, მსმენელი კიდევ ამაზე გადაირია. ხალხს ბენგერები მოსწონს, თუმცა ის, რაც ეულბერგმა დაუკრა, მგონი, საშინელების ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ბოლოს კი იყო მაქს კუპერი, რომელმაც მეორე დღე ძალიან კარგად დახურა. ნუ, პრინციპში, ყველა ელოდა ამას. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეულბერგის გამოსვლის შემდეგ დიდი ხალისით მაინც ვერ მოვუსმინე. უკვე ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვიყავი.

ნუ, მერე რაც მოხდა, ეს ყველამ კარგად იცით. შტორმი, წვიმა, ქარი და საფესტივალო ქალაქი განადგურებულია. მესამე დღე კი თბილისში 20 სექტემბერს შედგება და Faithless-ის მოსმენის საშუალება ხალხს მაინც ექნება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ეს უკვე დიდად აღარ მადარდებს.
XS
SM
MD
LG