Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეს შენ გეხება" პარლამენტს ღია წერილით მიმართავს


სამოქალაქო კამპანიის "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა ტელეკომპანია მე-9 არხის გავრცელების შეზღუდვისა და სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვის გამო შეშფოთება გამოთქვეს და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართეს. მასში ნათქვამია, რომ მაშინაც კი, თუ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, მოეძებნოს გარკვეული სამართლებრივი საფუძველი, შედეგი მრავალი არასამთავრობო, თუ მედია ორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგნად იქცა. ”ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებისა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და პლურალისტური მედიის ხელშეწყობის საკითხი, რასაც ადასტურებს საქართველოში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო მდივნის მოწოდებაც მედიის დამოუკიდებლობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ”, - ნათქვამია ღია წერილში. ”ეს შენ გეხება”-ს მონაწილენი კვლავ აღნიშნავენ მათ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადების მნიშვნელობას, რაც ყველა საკაბელო ოპერატორის მიერ ყველა არხის გავრცელების ვალდებულებას შეეხება. სამოქალაქო კამპანიის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ მათი წინადადებების გაზიარება უზრუნველყოფს სხვადასხვა ტელეარხსა და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და მოხსნის შეკითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედიაპლურალიზმის პრობლემების თაობაზე. ”მათი მოგვარების გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ამიტომ მოგიწოდებთ, იმოქმედოთ საზოგადოების და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით და არ დაუშვათ, რაიმე ფორმით შეიზღუდოს რომელიმე მედია საშუალების გავრცელება”, - ნათქვამია პარლამენტისადმი ”ეს შენ გეხებას” ღია წერილში.
XS
SM
MD
LG