Accessibility links

logo-print

"მასტ კერის“ სასარგებლოდ ხელმოწერები შეგროვდება


პავლე კუბლაშვილი

პავლე კუბლაშვილი

”მასტ კერისთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო კენჭისყრაზე გასატანად არასამთავრობოთა კოალიცია ”ეს შენ გეხება” 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. ხელმოწერების შეგროვების აუცილებლობა 14 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ დადგა. პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობოების ინიციატივა, დაავალდებულონ საკაბელო ოპერატორები განახორციელონ ქვეყანაში ლიცენზირებული მაუწყებლების სავალდებულო ტრანზიტი, არასწორი იქნება. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა არ თანხმდება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრაზე გატანის წინადადებით შევიდეს. არასამთავრობოთა კოალიციაში იმედოვნებენ, რომ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მაინც მოხერხდება კანონპროექტს კენჭი ეყაროს თუნდაც პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

ეთერ დარსაძე ქუთაისელია. მისი თქმით, საკაბელო ტელევიზია მხოლოდ რამდენიმე ქართულ არხს უჩვენებს, არადა, სურვილი აქვს, რომ ყველა ქართული სატელევიზიო არხის თვალის დევნების საშუალება ჰქონდეს:

”აჩვენებს „რუსთავი 2“, „იმედის“ არხი, პირველი არხი. თითქის ერთი და იგივე ინფორმაციაა. მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ დაემატება დანარჩენი არხები, რაც საქართველოში არსებობს. მოვისმინოთ ინფორმაცია ორივე მხრიდან, ვაკუუმში რომ არ ვიყოთ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ.”

ამ სივრცეში ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისთვის არასწორი იქნება და მსგავსი ჩარევა შეზღუდავს როგორც კონკურენციას ...

არასამთავრობოთა კოალიცია ”ეს შენ გეხება” თავისი საკანონმდებლო ინიციატივით სწორედ იმას ითხოვდა, რომ მაყურებელს ყველა ქართული არხის ყურების საშუალება ჰქონოდა. საკანონმდებლო ინიციატივის ნაწილი იყო ”მასტ კერის” წესის დანერგვა, თუმცა, როგორც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 14 ივნისს არასამთავრობოებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ვალდებულება საკაბელო კომპანიებისთვის ჩართონ სხვა ფორმით გამავალი ტელევიზიები თავის ბადეში, არსად არ არსებობს და საქართველოშიც არ იქნება.

"ამ სივრცეში ახალი ვალდებულებების შემოღება საკაბელოებისთვის არასწორი იქნება და მსგავსი ჩარევა შეზღუდავს როგორც კონკურენციას, ისე რეალურად იმის საშუალებას, რომ ამ ბიზნესში მეტი ინვესტიციები ჩაიდოს", - განაცხადა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი კონკურენტუნარიან გარემოში უნდა გადაწყდეს და თითოეულმა საკაბელო მაუწყებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამ განცხადებით დადასტურდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას კენჭისყრაზე არ გაიტანდა.
როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” პროგრამების დირექტორი ნინა ხატისკაცი ეუბნება რადიო თავისუფლებას, პარლამენტის შემადგენლობის 12 კვალიფიციური სუბიექტიდან მხოლოდ ერთი მმართველი პარტიაა საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი, თუმცა, ნინა ხატისკაცისვე სიტყვებით, არასამთავრობოებმა სპეციალურად არ შესთავაზეს საპარლამენტო უმცირესობას გამხდარიყო კანონპროექტის ინიციატორი და ახლა მათ 30 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოუწევთ. ეს არის დამატებითი გზა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრაზე მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძელი გზაა, ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ, მეორე მხრივ, ამით ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ”მასტ კერისთან” დაკავშირებული ინიციატივა მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ახირება არ არის:

”პარლამენტმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს ეს ინიციატივა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ, როგორც მინიმუმ, ამ გზით მოვახერხებთ ამ საკითხის პარლამენტამდე მიტანას, თუმცა თვითონ ამ ინიციატივის არსი, გარდა იმისა, რომ პარლამენტამდე მივიტანთ ხელმოწერილ საკანონმდებლო ინიციატივას, დამატებით ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში და თავადაც ამ პროცესის ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი.”

საქართველოში მედიისთვის პრულარისტული გარემო არ არის შექმნილი. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს - მათ უმრავლესობას - არ მიეწოდება განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზიები ...

ნინა ხატისკაცი იმედოვნებს, რომ პარლამენტს რიგგარეშე სესიაზე კანონპროექტის განხილვა მოუწევს და, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, მისი განხილვა არჩევნებამდე მოესწრება.

აქვე ვთქვათ, რომ 14 ივნისს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი გამოეხმაურა ”მასტ კერისთან” დაკავშირებულ საკითხებს. როგორც რადიო „ამერიკის ხმა“ იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ატლანტიკურ საბჭოში გამართული დისკუსიისას განაცხადა:

„ვფიქრობ, „Must Carry“-ს პრინციპის უკან დგას მიზანი, რომელიც გულისხმობს მედიის ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას. მოქალაქეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება ხდება მაუწყებლების ვიწრო სპექტრის მიერ და მათ ხელი არ მიუწვდებათ სხვა მაუწყებლებზე, რომლებიც განსხვავებულ მიდგომას გამოხატავენ.“

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ხელმძღვანელმა თამარ კორძაიამ უთხრა რადიო თავისუფლებას 11 ივნისს, „მასტ კერისთან“ დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების კვლევის პრეზენტაციისას, სწორედ მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფის მექანიზმად უნდა იქცეს „მასტ კერის“ პრინციპის გაზიარება:

”საქართველოში მედიისთვის პრულარისტული გარემო არ არის შექმნილი. საქართველოს მოსახლეობის ნაწილს - მათ უმრავლესობას - არ მიეწოდება განსხვავებული აზრის მქონე ტელევიზიები, მათ არ აქვთ შესაძლებლობა უყურონ არასახელისუფლებო არხებს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ კვლევის პრეზენტირება და ამ მოსაზრებების საზოგადოებაში გავრცელება არის აუცილებელი და დროული, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.”

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ Must Carry ნაწილია კოალიცია “ეს შენ გეხებაში” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული კომპლექსური საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასულ თვეში წარედგინა და რომლის მოტივაციაც წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.
XS
SM
MD
LG