Accessibility links

დღეს საქართველოს პარლამენტში დასრულდება კონსულტაციები ეგრეთ წოდებული ”must carry”-ის კანონპროექტზე, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე ხვალისთვის, 26 ივნისისთვის, დაიგეგმა. კანონპროექტი საკაბელო ტელევიზიებს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ყველა მაუწყებლის ტრანზიტის ვალდებულებას უწესებს. შესაბამისად, ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც ამ ვალდებულების დაწესების აქტიურ ლობისტ სამოქალაქო სექტორში კანონპროექტის მიმართ არსებობს, “must carry”-ის ფუნქციონირების დროში შეზღუდვაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თანახმად, “must carry” წინასაარჩევნოდ იმოქმედებს. როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ კანონპროექტი, შემდგომ კი კანონი, უახლოეს დღეებში გაირკვევა, მანამდე კი აქტუალობას არ კარგავს შეკითხვა, რატომ დაუშვა მმართველმა პარტიამ კომპრომისი.

ეგრეთ წოდებული კომპრომისი ხელისუფლებამ, „მასთ ქერის“ პრინციპის ხანგრძლივი და კატეგორიული უარყოფის ფონზე, 22 ივნისს დაუშვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ამ დღეს განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისუფალი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს, ყველა თავისთვის სასურველი ტელევიზიის ყურება უნდა შეეძლოსო. კომპრომისის მიზეზებსა და გარემოებებზე დავით ბაქრაძეს პრაქტიკულად არაფერი უთქვამს არც 25 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი-2“- ში გაკეთებულ განცხადებაში. პირიქით, განცხადებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ის აღნიშნა, რომ ცვლილებების სწრაფად მიღება საყოველთაო ინტერესია:

” მთავარი შედეგი, რაც ამ ინიციატივას მოჰყვება, გახლავთ ის, რომ, საზოგადოებას, ამომრჩეველს ექნება სრული ინფორმაცია და ექნება საშუალება ინფორმირებულობის საფუძველზე გააკეთოს თავისუფალი არჩევანი. ჩვენი ამოცანაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ეს ინიციატივა, ვფიქრობ, ხელს შეგვიწყობს ამ მიმართულებით და იქნება ამ მიმართულებით გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი.”

ის, რომ must carry-ს შესახებ გაკეთდა განცხადება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდში რომ საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკაბელო ოპერატორებს მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას ...

თუმცა პოზიტიური ნაბიჯი, რომელზეც დავით ბაქრაძე საუბრობს, დროში დაემთხვა შპს ” გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დაყადაღების პროცესს, რაც კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორს ზურაბ ბაზლიძეს შემთხვევით გარემოებად არ მიაჩნია. იგი ფიქრობს, რომ „მასტ ქერი“ ხელისუფლების მხრიდან ანტენების დაყადაღებაში გაცვლილი მინიმალური დათმობაა:

” ჩვენი პროექტი გაცილებით უფრო მრავალმასშტაბური იყო, ვიდრე „მასტ ქერის“ შემთხვევაში მოხდება. ის არხები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩაჯდნენ ყველა საკაბელო ქსელებში, მიიღებენ, საბოლოო ჯამში, ქალაქ თბილისს, ქალაქ რუსთავს, გორს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს და თელავს. და თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე ქალაქ რუსთავში არის 500 კაციანი საკაბელო ტელევიზია, თელავში 3000 კაციანი ტელევიზია, ფოთში 1000 კაცამდე მომხმარებელი, ხომ ხვდებით, რა მასშტაბებზეა საუბარი?“

ზურაბ ბაზლიძის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში საკაბელო ტელევიზიების აუდიტორია დაახლოებით 30 000 ადამიანს შეადგენს, მაშინ როცა სატელიტური თეფშებით „გლობალ ტივი“ გაცილებით მეტის დაფარვას აპირებდა.

„მასთ ქერი“ თეფშების სანაცვლოდ? არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელის ნინა ხატისკაცის აზრით, ერთი მხრივ, კანონთან შეუსაბამო ქმედება, მეორე მხრივ, კანონთან შეუსაბამობა იმ კომპანიის მიმართ, რომელიც მედიის გავრცელებას უწყობს ხელს, ამ კითხვის დასმის საშუალებას გვაძლევს, თუმცა

”ის, რომ must carry-ს შესახებ გაკეთდა განცხადება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდში რომ საშუალება ექნებათ სხვადასხვა საკაბელო ოპერატორებს მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერანაირად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომელიც განხორციელდა დაყადაღებასთან დაკავშირებით და რომელიც კანონით დასაბუთებული არ იყო და ბევრ კითხვას აჩენს, კითხვებს, რომლებიც ჯერჯერობით პასუხგაუცემელია ხელისუფლების მიერ.”

ნინა ხატისკაცის თანახმად, დღეს არსებული ვითარებით, სატელიტური ანტენები რაოდენობით საკაბელო სერვისებს ჩამორჩება. თავის მხრივ, საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნათია კუპრეიშვილს 2010 წლის ტელეყურების კვლევის მაჩვენებელი მოჰყავს:

თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს გადაფაროს თავისი ინიციატივით, რომ მოდი, „მასტ ქერი“ შემოვიღოთ, ეს არ არის ადეკვატური ქმედება, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს საერთოდ არაფერში არ ეხება ...

” სატელიტური მაუწყებლობის წილი იყო საკმაოდ დაბალი - სადღაც 10 პროცენტამდე. შეიძლება ეს მაჩვენებელი ამ ორ წელიწადში გაიზარდა, მაგრამ მაშინ იყო საკმაოდ დაბალი. რაც შეეხება კაბელურ გავრცელებას, იყო 50 პროცენტი მოსახლეობის. მთლიანად საქართველო არის დაფარული ქსელებით, კაბელური ქსელებით, მაგრამ ეს არის ძირითადად მსხვილი ქალაქები. რაც შეეხება სოფლებს, ფიზიკურად საკმაოდ რთულია საქართველოს რელიეფი დაიფაროს კაბელური ქსელებით. ეს არის თითქმის წარმოუდგენელი. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სიხშირეზე მაუწყებლობას, საერთოდ.”

მედიაექსპერტ ზვიად ქორიძეს კი არამართებულად მიაჩნია საკითხის იმგვარად დასმა, თითქოს საკაბელო ტელევიზიებისთვის „მასტ ქერის“ პრინციპის სავალდებულობით ხელისუფლებამ სატელიტური ანტენების თემის გადაფარვა სცადა:

”თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს გადაფაროს თავისი ინიციატივით, რომ მოდი, „მასტ ქერი“ შემოვიღოთ, ეს არ არის ადეკვატური ქმედება, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთს საერთოდ არაფერში არ ეხება, არ კვეთს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც „მასტ ქერის“ პრინციპზე ვსაუბრობთ, აქ ვსაუბრობთ ზუსტად იმაზე, რომ საკაბელო ოპერატორებმა, სადაც ისინი აწვდიან სიგნალს, მიაწოდონ თანაბრად ყველა მაუწყებელი. რაც შეეხება სატელიტურ მაუწყებლობას, ეს ჩემი გადასაწყვეტია, მე ვიყიდი თუ არა თეფშს, მე დავიდგამ თუ არა თეფშს.”

ზვიად ქორიძე იზიარებს იმ აზრს, რომ ხელისუფლების მიერ „მასტ ქერის“ საკითხზე კომპრომისი, ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მასირებული ზეწოლის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო. 25 ივნისს ამ მიმართულებით კიდევ ერთი განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გააკეთა. იგი საქართველოში „მასტ ქერის“ პრინციპის დაკანონების შესაძლებლობას მიესალმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG